მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ახალი სადაზღვევო სისტემა დაამტკიცა. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუმარტა , პირველი სექტემბრიდან ყველა ასაკით პენსიონერი ქალბატონი 60 წელს ზემოთ და მამაკაცი 65 წელს ზემოთ, ასევე, 0-დან 5- წლამდე ასაკის ბავშვი დაზღვეული იქნება. საერთო ჯამში დამატებით 800 000 ადამიანი დაეზღვევა.
"ეს არის საკმაოდ კარგი სადაზღვევო პაკეტი. საპენსიო ასაკის ჯგუფში ხშირია ონკოლოგიური და გულის პრობლემები და ეს მიმართულებები სადაზღვევო პაკეტში გათვალისწინებულია", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
რაც შეეხება სადაზღვევო პაკეტის თანხობრივ მოცულობას, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, თბილისში გაიმართება აუქციონი. აუქციონი 14 ლარიდან დაიწყება და აუქციონის მსვლელობისას განისაზღვრება ერთი სადაზღვევო პაკეტის ღირებულება. შესაბამისად, დადგინდება თანხა, რომელიც ბიუჯეტში აღნიშნული მიმართულების დასაფინანსებლად უნდა ჩაიდოს.
ჭიაბერაშვილის განცხადებით, აქამდე სახელმწიფოს ერთი მოქალაქის დაზღვევა საშუალოდ 10-11 ლარი უჯდებოდა, თუმცა, ახალ კლინიკებში პაციენტთა რაოდენობა გაიზარდა და სადაზღვევო კომპანიებს მეტი თანხის გაღება უწევთ. ამიტომ სადაზღვევო პაკეტების ფასი შედარებით გაზრდილია. გადაუდებელი სამედიცინო დაზღვევა 100%-ით დაფინანსდება, 15 000-ლარიანი ლიმიტია დაწესებული ონკოლოგიურ დაავადებებზე, ასეთივე ლიმიტია დაწესებული ქირურგიულ ოპერაციებზე.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პაციენტის მხრიდან 20%-იანი თანადაფინანსება იქნება კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე. წლის ბოლომდე, კერძო დაზღვევების ჩათვლით, ქვეყანაში 2 300 000 ადამიანი დაზღვეული იქნება.
ახალ სადაზღვევო სისტემას ჯანდაცვის მინისტრი ხვალ პენსიონერებს გააცნობს.