ბიძინა ივანიშვილი - რაც მიკეთებია, ყველაფერი მიიწერეს და ახლა გამოღმა მედავებიან, დამანგრეველი ხარო

ბიძინა ივანიშვილი - რაც მიკეთებია, ყველაფერი მიიწერეს და ახლა გამოღმა მედავებიან, დამანგრეველი ხარო

ყველაფერი, რაც მიკეთებია, ხელისუფლებამ მიიწერა, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თელავში მიმდინარე აქციაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას კოალიციის ლიდერმა მის მიერ განხორციელებული ქველმოქმედების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, პრეზიდენტი მას დამანგრეველს ეძახის, საკუთარ თავს კი აღმაშენებელს უწოდებს.

"ისე გადათხარეს ეს ქალაქი, რომ ძლივს მოხერხდა ჩვენი შეკრებისთვის ადგილის გამონახვა. ასეა გადათხრილი თითქმის მთელი საქართველო. როგორ შეიძლება ვინმე შენების წინააღმდეგი იყოს, მაგრამ როცა ხედავ, როგორ ზიანდება თელავის ისტორიული სახე, როცა შენს თვალწინ იჭრება ასწლოვანი ხეები, რომლებსაც სტიქიამაც ვერაფერი დააკლო და იჭრება, რომ მერე ერთმა კაცმა შეთითხნილი კედლების ფონი დეკორაციად გამოიყენოს, არ შეიძლება არ მოგინდეს მისი შეჩერება. ერთხელ გამოვთქვი ერთ ხიდთან დაკავშირებით უკმაყოფილება და ის დაიხვია ხელზე სააკაშვილმა. ამის შემდეგ ამბობს, რომ მე დამანგრეველი ვარ, თვითონ კი აღმაშენებლი. მინდა შევახსენო საზოგადოებას და ოპონენტებსაც ჩემი გაკეთებული საქმე, თუმცა ამის ძალიან მერიდება - წლების განმავლობაში ვზრუნავდი, რომ ჩემი ქვეყნის აღმშენებლობაში მიმეღო მონაწილეობა. რაც მიკეთებია, ყველაფერი მიიწერეს და ახლა გამოღმა მედავებიან, დამანგრეველი ხარო. ნათქვამია, "მადლი ქენი ზედ მარილი მოაყარეო" - მეც მოვაყარე და ამიტომაც გადავწყვიტე პოლიტკაში მოსვლა", - აღნიშნა ივანიშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ ნგრევას, მისი თქმით, ის, რასაც "ქართული ოცნება" აუცილებლად დაანგრევს, უსამართლობა, შიში და განუკითხაობაა. "მოვედი პოლიტიკაში, რომ პოლიტიკიდან ჩვენი უღირსი ხელისუფლების გასტუმრება მოვახერხოთ. ერთს კი ნამდვილად ვეტყვი სააკაშვილს - მე და "ქართული ოცნება" ნამდვილად დავანგრევთ უსამართლობას, შიშს და განუკითხაობას. რაც შეეხება ნგრევას, ჩვენ ამას აუცილებლად დავანგრევთ. ამისთვის სულ ცოტაა საჭირო", - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერიმა.

ივანიშვილის შეფასებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რიტორიკა უფრო უხამსი და თავაშვებული ხდება. "ქვეყნის მეთაურები თავის ხალხს ასე არ მიმართავენ. ყველას რუსეთის აგენტებს და კრიმინალებს გვიწოდებს და გვემუქრება, რომ საკადრის პასუხს გაგვცემს. ქვეყნის მეთაური თავის ხალხს არ ემუქრება, კრიმინალს და მტერს არ უწოდებს. ეს არ ხდება არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში. თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად სააკაშვილი ცდილობს ორად დაჰყოს ხალხი და სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდოს ერთმანეთს. მისი ასეთი განზრახვა ქვეყნის ნამდვილი მტრობაა, ამიტომაც ვაფრთხილებ პრეზიდენტს და მისი გუნდის წევრებს - სინდისი თუ დაკარგეთ, კანონის მაინც გეშინოდეთ", - დასძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, "ნაციონალების" კანდიდატი რომ გახდება ადამიანი, ის სასიკეთოს ვერაფერს შეძლებს და ხელისუფლების ყურმოჭრილი მონა გახდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - მოიშორებენ.

"ძალიან გაუჭირდა ხელისუფლებას. სააკაშვილმა ყველა ჩაითრია უკანაონობაში. არჩევნების გაყალბება სამოქალაქო საზოგადოების წინაშე მკვლელობის ტოლფასია. ყველას მოუწევს ამისთვის პასუხისგება, ყველა გვეყოლება აღრიცხვაზე. არ იფიქროთ რომ ვიმუქრები და ბევრის დასჯა მინდა. იმიტომ გაფრთხილებთ, რომ არ მინდა. გაყალბებას ვერ შეძლებთ და თავი არ შეირცხვინოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ ვინმე არჩევნებზე "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერს მხარს, "არ გაუხსენებენ". "ისინიც ისევე ისარგებლებენ საქართველოს აღმშენებლობით მოტანილი სიკეთით, როგორც ყველა სხვა მოქალაქე", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ქართული ოცნების" ლიდერმა ხელისუფლების ჯანდაცვის პოლიტიკაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სირცხვილია, როდესაც 21-ე საუკუნეში მოქალაქეები უექიმობით და უწამლობით კვდებიან. ივანიშვილი მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში ყველა მოქალაქის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო იზრუნებს.

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ კახელებს ზიანის ადეკვატური დახმარების პირობა მისცა.

"ბოლო დროს სტიქიამ რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა. როგორც აღმოჩნდა, 100 მილიონიან ფონდში საჭიროების დროს ერთი "კაპიკიც" არ აღმოჩნდა. გახსოვთ ჩემი განცხადება, რომ 80 მილიონი გადავრიცხე კახელების დასახმარებლად და ჩემი გათვლებით, მარტო ამ თანხებიდან სულ ცოტა 5 ათასი ლარი მოუწევდა თითოეულ ოჯახს, მაგრამ ხელისუფლებაში ადგნენ და ეს ფული მთელს საქართველოზე გადაანაწილეს - ყველა კუთხეში გადათხარეს და აჩვენებენ, თითქოს აღმშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. გპირდებით, რომ ყველას ზარალს ავუნაზღაურებთ, როცა მოვალთ. ამავდროულად, დაგეხმარებით საუკეთესო ჯიშის ნერგებითა და ტექნიკითაც. გაზაფხულისთვის ამას ყველაფერს მოვახერხებთ", - აღნიშნა ივანიშვილმა თელავში, "ქართული ოცნების" აქციაზე.

ამასთან, მან სოფლისა და განათლების სფეროების პრიორიტეტულობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მაღალტექნოლოგიებზე დაფუძნებული საწარმოების აშენება უნდა მოხდეს, რათა საქართველოდან "ტვინის გადინება შეწყდეს".

"მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული საარჩევნო რეჟიმი მაქვს, მე დავწყე ამ დანაპირების შესრულება. სპეციალურად შევარჩიე სასოფლო სამეურნეო გამოცდილებითა და მიღწევებით ცნობილი ინდიანას შტატი, ველაპარაკე მის გუბერნატორს, მასთან შეთანხმებით, ამერიკელების გამოცდილების გაცნობისა და თანამშრომლობისთვის იქ გავგზავნე ჯგუფი. მან შედეგს მიაღწია. საქმე უკვე ისე კონკრეტულადაა, 12-14 სექტემბერს საქართველოში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ინდიანას ორი უდიდესი უნივერსიტეტის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ეს უნივერსიტეტები ჩვენ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჩამოყალიბებაშიც მოგვეშველებიან", - აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე თქმით, კონფერენციაზე საქართველოში საუნივერსიტეტო და პროფესიული სასწავლებლების შექმნის, ასევე ქვეყნის თანამედროვე აგროტექნიკითა და სანერგე და სათესლე მასალებით მომარაგების თემებს განიხილავენ.

ივანიშვილის აზრით, ტექნიკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უცხოეთიდან შემოიყვანა, გამოუსადეგარია, რადგან ის ჩვენი ქვეყნის სპეციფიკას, გრუნტს და რელიეფს არ შეესაბამება. "ამასაც შესწავლა სჭირდება. ჩვენ საქმიანი კავშირი უკვე დავამყარეთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უცხოელ სპეციალისტებთან და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ისეთი და იმ რაოდენობის ტექნიკის შემოტანას, რომელიც რეალურად სჭირდება ქართველ კაცს და მას გამოადგება", - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა.

მისივე თქმით, კახელ გლეხს 2006-2007 წლებში ვაზი სააკაშვილმა ააჩეხინა, ხოლო 2004-2005 წლებში ყურძნის ფასი მისი სუბსიდირების მეშვეობით რეგულირდებოდა. "ძლივს შევაგნებინე მაშინ სააკაშვილს, რომ ყურძენში გადახდილი ფასები რაღაცას დაემსგავსებინა. ეს ჩემი სუბსიდირებით ხდებოდა. 2006 წელს ვეღარ შევძელი მისი დარწმუნება და კატეგორიული უარი მითხრეს - ყურძენი 20 თეთრზე ძვირი არ შეიძლება ღირდეს, რადგან მისგან მხოლოდ საკონიაკო სპირტი შეიძლება გამოიხადოს და კომერციულად მომგებიანი რომ იყოს 15-20 თეთრზე მეტი არ უნდა ღირდესო. ასეთი აბსურდული და დამამცირებელი არგუმენტი დამისახელეს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ის, რომ დღეს ყურძნის ჩაბარება ერთ ლარად არის შესაძლებელი, "ქართული ოცნების" დამსახურებაა და არჩევნებსაც უკავშირდება. "ხელისუფლებას ჩვენი შეეშინდა და ისევ მარნებზე ზეწოლით აწია ფასი. მარნებს ჩვენ მხარში დავუდგებით, ოღონდ ესენი გავისტუმროთ პირველ ოქტომბერს და მერე ყველაფერს ეშველება", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ქართულ მეღვინეობას დიდი პრობლემები ტრადიციული ბაზრების მოშლამ შეუქმნა. "ხელისუფლება ყოველი რთველის წინ ყურძენში გადახდილ ფასს გლეხს წყალობასავით ამადლის. გლეხი მათ მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ და წელს ამიტომ იბარებენ ყურძენს ლარად. ერთი თვეც გაუძელით და გპირდებით, მომავალი რთველი სხვანაირი იქნება. აუცილებლად გავხსნით რუსეთის ბაზარს, რომელიც ქართული ღვინის აღზევებისთვის აუცილებელია", - განაცხადა ივანიშვილმა და "ნაციონალური მოძრაობა" მათი პროგრამის მითვისებაში დაადანაშაულა. "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მმართველმა პარტიამ კოალიციის პროგრამა "გადაიწერა, ოთხზე გაამრავლა და თავისად ასაღებს".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა