გიორგი კოდუა: "ჩვენ ვინ რას გვე-კი-თხე-ბა?! ესენი თვითონ მართავენ ყველაფერს"

გიორგი კოდუა: "ჩვენ ვინ რას გვე-კი-თხე-ბა?! ესენი თვითონ მართავენ ყველაფერს"

ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა გაქსუებულებად მოიხსენია საქართველოს საჰაერო სივრცეში უნგრული ავიაკომპანია "ვიზეარის" შემოსვლით "განერვიულებული" ავიაკომპანიები და პოტენციურ მგზავრებს ახარა, რეისის ბილეთი კოპიტნარიდან კიევში 22 ევრო ეღირებაო. ახლახან კი მანვე თურქული ავიაკომპანია "ტავ ჯორჯიასაგან" ფრენის ტარიფების დაწევა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, "ქუთაისის აეროპორტისგან მოხრჩობით" დაემუქრა. პრეზიდენტის ამ განცხადებებს ბიზნესმენი და ავიაკომპანია "ეარ კავკასუსის" კონსულტანტი გიორგი კოდუა პოლიტიკურ მესიჯებად მიიჩნევს და ამბობს, რომ ტარიფებს არა პრეზიდენტი, არამედ ბაზარი აკონტროლებს.

- ბატონო გიორგი, "ეარ კავკასუსი" თუ ამუშავდა?

- ჯერჯერობით არაბ ინვესტორებთან მოსამზადებელ სამუშაოებს ვაწარმოებთ. მალე გაიხსნება თბილისი-დუბაის რეისი - კვირაში სამჯერ. აგრეთვე, გვექნება რეისები ალმა-ათის, კიევის, სტამბოლისა და ვენის მიმართულებით. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება თვითმფრინავების შემოყვანაზე.

- თბილისი-ქუთაისის რეისი არ გაქვთ გეგმაში?

- რა თქმა უნდა, თუკი მთავრობა გადაწყვეტს ჩვენთან თანამშრომლობას, ანუ თუ ლიცენზიას მოგვცემს. თბილისი-ქუთაისის რეისისთვის გამოვიყვანე ბილეთის ყველაზე მცირე ფასი - 70 დოლარი (ორივე მიმართულებით), მაგრამ მთავრობა 40-50 დოლარის დაწესებას ითხოვს. ისინი თბილისი-მესტიის რეისისთვის უცხოელებს აძლევენ თანხას, ვუთხარი, ჩვენთვისაც გამოყავით თანხა და ბილეთის ფასი შემცირდება-მეთქი, მაგრამ...

- პრეზიდენტმა აღუთქვა მოსახლეობას, თბილისი-ქუთაისის რეისი 22 დოლარი ეღირებაო...

- ასეთ პიარულ განცხადებას რომ აკეთებ, კორექტულობა უნდა დაიცვა. ასე, შემიძლია, ბილეთს 10 დოლარიც დავადო, მაგრამ ამ ფასად 120-დან მხოლოდ 10 ბილეთს გავყიდი. ავიაკომპანია "ვიზეარის" ვებგვერდზე ნახავთ, რომ სულ 5 ბილეთია 22-დოლარიანი. ბილეთების 10 პროცენტი იყიდება 25 დოლარად, შემდეგი 10 პროცენტი - 45 დოლარად და ა.შ. ხვალ რომ მოისურვო გაფრენა, ბილეთის ფასი იქნება 150 დოლარი. თბილისიდან ქუთაისამდე მგზა¬ვრობის ღირებულება 35 დოლარია, მაგრამ თუ მოითხოვთ, მომეცით ე.წ. პიარული ფასიო, გეტყვით, რომ ბილეთი 5 დოლარი ეღირება. ეს იმას ნიშნავს, რომ 5 ბილეთი იქნება 5-დოლარიანი, შემდეგი 5 – 15-დოლარიანი და ზევით. ბილეთის ბოლო ფასი კი 125 დოლარი იქნება.

- რამდენიმე დღის წინ სააკაშვილი "ტავ ჯორჯიას" დაჰპირდა, ქუთაისის აეროპორტი "მიგახრჩობთ", ვიდრე ფასებს არ დასწევთო.

- ეს არის სააკაშვილის მორიგი პიარული განცხადება. როდესაც იგი მოვიდა ხელისუფლებაში, "ღია ცის" პრინციპი გამოაცხადა. კახა ბენდუქიძემ კი თქვა, ბაზარმა უნდა დაარეგულიროს ტარიფებიო, რაც ყველასთვის მისაღები იყო. თუ ავიაციის სამოქალაქო დეპარტამენტი უარს ამბობს რეგულაციაზე, არის მეორე გზა - ბაზარმა დაარეგულიროს ფასები. ანუ თუ ხედავ, რომ კონკურენციაა, ბილეთის ფასს დასწევ, ხოლო თუ კონკურენცია ნაკლებია - ასწევ. როდესაც თბილისი-კიევის რეისს ვახორციელებდით, ბილეთის ფასი 50 ევრო იყო, დღეს კი 600 ევროა. ეს იმიტომ, რომ გავაჩერე რეისები და კონკურენცია აღარ არის, მე რომ ისევ შევიდე ბაზარზე, ბილეთის ფასი კვლავ შემცირდება, რადგან იაფ ბილეთს გავყიდი და კონკურენტიც იძულებული შეიქნება, ბილეთის ღირებულება შეამციროს. ღია ბაზარია და პრეზიდენტმა რაც უნდა თქვას, ბილეთის ფასი შეამცირეთო, ამას უცხოური ავიაკომპანია როგორ გაითვალისწინებს? ფასებს ბაზარი არეგულირებს და არა - პრეზიდენტი. გამოდის, ეს პიარია. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ვერ აკონტროლებს ტარიფებს, რა თქმა უნდა, არც ერთი ავიაკომპანია არ გაითვალისწინებს მის განცხადებას. ეს უფრო პოლიტიკური მესიჯია, ვიდრე ეკონომიკური. ავიაკომპანიებს აქვთ თავიანთი პრობლემები, გასაჭირი, კონკურენცია, ეკონომიკური გათვლები და პრეზიდენტი რომ ეტყვის, ამ ფასად იფრინეო, ეს აბსურდია. მაშინ ის ავიაკომპანია ეტყვის, კი ბატონო, ვიფრენ, მომეცი უფასოდ საწვავი, თანხა არ გადამახდევინო "საქაერონავიგაციისთვის" და მეც დავწევ ბილეთის ფასსო. ეს იქნება ლოგიკური პასუხი ნებისმიერი ავიაკომპანიისგან.

- რატომ არ არის დღეს ავიაბაზარზე კონკურენცია და რატომ არ ეძლევათ მუშაობის საშუალება სამამულო ავიაკომპანიებს?

- როცა საქართველოს ავიაციაში "ღია ცის" პრინციპი დაინერგა და ითქვა, მოდი, ყველა კომპანია შემოვიყვანოთო, ეს იყო არაპროფესიონალის განცხადება და საავიაციო სფეროს უცოდინარობა. არის კი ცა ღია? - არა. ღია ცის პრინციპი ცალმხრივია, რადგან ევროპას ჩვენთვის ცა არ გაუხსნია. ჩვენ მივეცით ბაზარი ევროპას, დავუჩოქეთ, მას კი ჩვენთვის ბაზარი არ დაუთმია, ქართველებისთვის ევროპა დახურულია. ჩვენ მუშაობა არ შეგვიძლია ევროპაში, მათ კი საქართველოში ამის უფლება აქვთ. ამით, რა თქმა უნდა, დაიჩაგრა ქართველი მომხმარებელი. თუ ამას უცოდინარობით აკეთებ და ღუპავ საკუთარ ხალხს, საშინელებაა, მაგრამ თუ შეგნებულად აკეთებ, კიდევ მეტი საშინელებაა. სხვას ცალმხრივად რომ აძლევ ბაზარს, ნიშნავს, არ გადარდებს საკუთარი ხალხის ბედი. მთავრობა ევროპული ბანკებიდან გრანტებს და დაფინანსებას იღებს, ხალხისთვის კი არ გაიხსნა ევროპის ბაზარი და ადამიანებს სამუშაო არ აქვთ, ფასებიც ძალიან მაღალია. საქართველოს ავიაციაში არის დისბალანსი. ბაზრის 50%-ს უნდა ფლობდნენ ეროვნული კომპანიები, 50-ს კი - უცხოური. მაგალითად, თურქეთში ადგილობრივ კომპანიებს ბაზრის 60%-იანი სეგმენტი უკავიათ, უცხოელებს - დანარჩენი. ჩვენთან კი 82% ეკუთვნის უცხო კომპანიებს და მხოლოდ 18% - ქართულ კომპანია "აირზენას". როდესაც სვამენ კითხვას, ქვეყანაში რატომ ფრენენ უცხოური კომპანიები? მთავრობიდან არაკორექტული პასუხი მოდის - ჩვენთვის სულერთია, ვინ გადაიყვანს ქართველ მგზავრსო. ის კი ავიწყდებათ, რომ ქართველი მგზავრის მიერ გადახდილი ბილეთის ფული სხვა ქვეყნის ბიუჯეტში მიდის. "მეტი სარგებელი ხალხს" - ხელისუფლებისთვის მხოლოდ სლოგანია. ავიწყდებათ, რომ ის მგზავრი ქართველია, და ისიც, რომ ქართველი ბიზნესმენი ასაქმებს ხალხს. ესენი ყველაფერს ლამაზად ამბობენ, ფაქტები კი სხვას ღაღადებს. საჭიროდ არ თვლიან ამ სფეროს და როცა მიხვდებიან, გვიან იქნება. მაინც არ ვყრი ფარ-ხმალს, ჩვენ გვაქვს საკმაო პოტენციალი და მაინც მზად ვართ, ვეჭიდაოთ უცხო კომპანიებს.

- მართალია, რომ თქვენმა დედამ, ქალბატონმა ლაურა ღაჭავამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და 27 მილიონით აზარალა "ქართუ ბანკი"?

- უმჯობესია, ეს დედას ჰკითხოთ. იყო დაპირისპირება სახელმწიფოსა და "ქართუ ბანკს" შორის და ამიტომ ბანკის კლიენტები ავტომატურად მოყვნენ წნეხში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვინ რას გვე-კი-თხე-ბა?! ესენი თვითონ მართავენ ყველაფერს. დედას უცებ აღმოაჩნდა ახალი ვალები, რომლებიც მანამდე არ იყო ხსენებული, მერე ჩამოართვეს კომპანიები და ვიცი, რომ შეექმნა პრობლემები. ყველა კლიენტს, ვისაც "ქართუ ბანკის" მიმართ ვალდებულება ჰქონდა, ფულის გადახდის საშუალება შეუჩერდა. ჩემი კომპანია ნატოს ჯარების რეისებს ახორციელებდა და ჩამომართვეს, - ვინ გეკითხებაო და, რატომღაც, ჩემთვის და ლაურასთვის რომ ეკითხათ, ეს უნდა გავაკეთოთ და რას ფიქრობთო.

- ამბობენ, რომ თქვენს ძმას, დათოსაც შეექმნა პრობლემები...

- როგორც ვიცი, მასაც არეული აქვს ბიზნესი. ძლიერი და დამოუკიდებელი ბიზნესჯგუფი მთავრობისთვის არ არის საინტერესო, ასეთები არ სჭირდებათ. თუ არის ვინმე ასეთი, ყველაფერს აკეთებენ, რომ მთავრობაზე დამოკიდებული გახდეს. სხვა საკითხია, რა წესებით ცდილობენ ამის გაკეთებას. დამისახელეთ ერთი ბიზნესმენი მაინც, რომელიც არის ძლიერი, მდიდარი და მთავრობისგან დამოუკიდებელი. არ ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს და სხვებს, ვინც ქვეყნის გარეთ იშოვა ფული.

- როგორ ფიქრობთ, არჩევნების შემდეგ შეიცვლება ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება?

- მთავრობა ისეთ პიარს ახორციელებს, მგონია, არაფერი შეიცვლება. ხალხს უნდა პური და სანახაობა. დიდი პრობლემებია ბიზნესში, პიარით გაბრუებულ ადამიანებს კი ჰგონიათ, რომ მთავრობა კარგად მუშაობს და სარგებელი მოაქვს ხალხისთვის. ხელისუფლება რეგიონებში გადი-გამოდის და სპექტაკლებს დგამს. ხალხიც ხედავს იმას, რასაც ანახვებენ. რა ხდება იმის უკან, ეს აღარ აინტერესებთ.

- არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას?

- არა, რა აზრი აქვს? შეიძლება არასწორად ვიქცევი, მაგრამ ესენი წინასწარ რასაც დაგეგმავენ, ყველაფერი ისე იქნება...

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ