ივანიშვილის და სააკაშვილის ურთიერთობის უცნობი დეტალები

ივანიშვილის და სააკაშვილის ურთიერთობის უცნობი დეტალები

The Independent, დიდი ბრიტანეთი

ბიძინა ივანიშვილი ცნობილი იყო, როგორც კარჩაკეტილი მილიარდერი. ახლა ჩრდილიდან გამოვიდა და მზადაა, ქვეყნის ლიდერს დაუპირისპირდეს. მისი პირადი ქონება ქვეყნის ბიუჯეტს აჭარბებს... და რატომ იწუხებს თავს? თბილისის მხსნელია ის თუ პუტინის მარიონეტი?

შარშან, ოქტომბერში, ღია წერილში, ივანიშვილმა სენსაციური განცხადება გააკეთა - პოლიტიკაში წასვლას გეგმავდა. ამტკიცებდა, მიხეილ სააკაშვილის მმართველობა ულმობელ დიქტატურად გადაიქცა და მე ვარ ის, ვინც მას დაუპირისპირდებაო. საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ბლოკით საბრძოლველად თავის კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მიიწვია ქვეყნის ურიცხვი ოპოზიციური პარტია, რომელთა შორის ულტრალიბერალებიც არიან და რადიკალი ნაციონალისტებიც. თვითონ ერთი-ორი წლით პრემიერმინისტრობას აპირებდა და შემდეგ დატოვებდა პოლიტიკას, მაგრამ საკუთარი ხაზინიდან ხალხის დახმარებას განაგრძობდა.

ამის შემდეგ 10 თვე გავიდა. მე თვალს ვადევნებ მის საარჩევნო კამპანიას საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 1-ელ ოქტომბერს გაიმართება: კაცი, რომელიც ერთ დროს ფარულად მოგზაურობდა, ახლა მთელ საქართველოში დადის თავისი კოალიციისათვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. მის კამპანიას სვანეთში, ქვის კოშკებით მოფენილ თვალწარმტაც მთიან რეგიონში ვახლდი.

ხანგრძლივი დამღლელი დღის შემდეგ, ხუთ საათში ივანიშვილის კორტეჟს სვანეთის მთებიდან შავი ზღვის სანაპიროს სუბტროპიკულ სიცხეში ჩავყავართ. მეორე დილით, დათქმულ საათზე, მეწამული ფერის გოლფის ბაგით ივანიშვილთან მივყავართ, მაგრამ ვამჩნევ, რომ თავმდაბალი მძღოლი თავად არის ივანიშვილი - ჯინსებსა და მოკლესახელოებიან პერანგში გამოწყობილა. ასე იწყება მოულოდნელი ტური გოლფის ბაგით - ცხოველების კოლექცია, სახლი მეგობრებისათვის, რესტორნების კომპლექსი, 20 მეტრის სიღრმეზე ზღვაში შეჭრილი ლითონის კონცხი, ბოლოს, საკუთრივ ივანიშვილის სახლი. ის სამ ენაზე საუბრობს. ძნელია დაიჯერო, რომ კაცი, რომელიც სასხვათაშორისოდ გათვალიერებინებს საზაფხულო სახლს და გეუბნება, - ეს ჩემი ქალიშვილია, აუზში რომ ჭყუმპალაობს, იგივეა, ვინც შარშანდლამდე ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე კარჩაკეტილ ადამიანად ითვლებოდა. გოლფის ბაგის სტერეოსისტემა ფრენკ სინატრას "My Way"-ის რემიქსს უკრავს.

ერთ-ერთ შენობაში ვსხდებით, მისაღებში, რომელიც შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქის ოთხვარსკვლავიან სასტუმროს ეკუთვნოდეს. ორი საათი ვსაუბრობთ - თუ რატომ გადაწყვიტა ებრძოლოს რეჟიმს და რატომ ეზიზღება ამჟამინდელი მთავრობა.

- იძულებული გავხდი, პოლიტიკაში მოვსულიყავი, რადგან სააკაშვილმა ოპოზიცია გაანადგურა. მე ან ქვეყანა უნდა დამეტოვებინა, რადგან საშიში იყო აქ ცხოვრება, ან პოლიტიკაში უნდა წავსულიყავი. ჩვენ უთუოდ გავიმარჯვებთ. მთავრობაში ერთი-ორი წელი ვიქნები, შემდეგ კი საზოგადოების აქტიური წევრი გავხდები, რომ დავეხმარო საზოგადოებას, როგორ აირჩიოს ადამიანები და გააკონტროლოს თავისი პოლიტიკოსები, რომ არსებობდეს თავისუფალი პრესა, ნამდვილი ოპოზიციაო - მეუბნება რესპონდენტი.

რაფაელ გლუკსმანს ვხვდები თბილისის ერთ-ერთ კოხტა კაფეში ივანიშვილზე მთავრობის აზრის მოსასმენად. გლუკსმანი შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძის მეუღლეა, ის სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველია. "ერთი კაცის ხელში ამდენი ფული - ნებისმიერი ქვეყნისთვის იქნებოდა პრობლემა, - ამბობს იგი, - მაგრამ ეს განსაკუთრებით პრობლემურია პატარა საქართველოსთვის. მას ქვეყნის ბიუჯეტზე მეტი ფული აქვს".

ივანიშვილი სააკაშვილს სარკასტულად აღწერს. "ნამდვილ მშიშარას" და "პროფესიონალ მატყუარასაც" კი უწოდებს. ამბობს, - არ იცის, რა არის სიყვარული. არ შეუძლია სხვისი წუხილის გაზიარება. მას ციხეში ჩასმა კი არა, დახმარება სჭირდებაო. რამდენიმე დღის შემდეგ ეს ნათქვამი ღიმილით ვუამბე ჩემს მეგობარს, თბილისელ ინტელექტუალს. სიცილის ნაცვლად წამით ჩაფიქრდა, თითქოს ჭეშმარიტება პირველად აუწყესო და სევდიანად მითხრა, - შეიძლება ივანიშვილი მართალიცააო.

გლუკსმანი მეუბნება, რომ სააკაშვილსა და ივანიშვილს რამე სახის ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ, ამდენად, პრეზიდენტი კრიტიკას მშვიდად იღებს. "ისინი არასდროს ყოფილან ახლოს, ამიტომ ამას ღალატად არ მიიჩნევს. სულ ორჯერ დალაპარაკებიან ერთმანეთს. ივანიშვილი ფულს იძლეოდა კულტურული ძეგლებისა და ეკლესიისთვის, მაგრამ ურთიერთობა არ ჰქონიათ", - მეუბნება გლუკსმანი. ივანიშვილს ეს რომ ვუთხარი, ხმამაღლა გაეცინა: - სააკაშვილი ზოგჯერ დღეში 50-ჯერ მირეკავდა! ვეუბნებოდი, მიშა, შეწყვიტე რეკვა, ვეღარ გიპასუხებ-მეთქი! ივანიშვილი ამბობს, - თბილისში, მოსკოვსა და პარიზში ოჯახის საცხოვრებელ სახლში მხოლოდ ერთ თუ ორ მეგობარ ბიზნესპარტნიორს შეეძლო სტუმრობა, მაგრამ რადგან ჩემთვის სახლი წმიდათაწმიდაა, არასდროს მიმიღია ბიზნესპარტნიორები, რომ აღარაფერი ვთქვა სააკაშვილზე! ეს რომ პუტინს გაეგო, ჩემი ბიზნესი რუსეთში მეორე დღესვე დაიხურებოდაო.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე უკიდურესი უნდობლობა იყო მოსკოვში სააკაშვილისა და მისი პრონატოსეული პოლიტიკის მიმართ. ივანიშვილი ირწმუნება, რომ სააკაშვილის რეზიდენციაში შვეულმფრენით გადაფრინდა და რუსეთის ხელმძღვანელობას რომ არ გაეგო, მას ფარულად შეხვდა.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა