გლდანის ციხეში პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა

გლდანის ციხეში პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა

გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, კადრების ხილვის შედეგად ძალიან გაბრაზებული და სულით ხორცამდე შოკირებულია. "ის, რაც მოხდა გლდანის ციხეში, არის შემზარავი აქტი ადამიანის უფლებებისა და ღირსების წინააღმდეგ. ყველა, ვინც ამის ორგანიზატორი და განმახორციელებელია, ყველა ვინც ეს ჩაიდინა და დაუშვა, უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს. პოლიციას დაკავებული ჰყავს ამ საშინელებების ჩამდენთა უმრავლესობა და დანარჩენებიც წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. შსს ადგენდა კავშირებს კარგად ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და დამნაშავეებს შორის. ამ დანაშაულის ყველა მსხვერპლს მინდა ვუთხრა, რომ საქართველო, რომელსაც მე ვაშენებ ყველასთან ერთად, არ მოითმენს არც მსგავს დანაშაულს და არც რაიმე კლიმატს, რომელმაც რამე ამასთან მიახლოებული მოვლენა შეიძლება გამოიწვიოს, არ მოითმენს სისასტიკეს, თავგასულობას, იმას, რაც სამწუხაროდ ყველამ ერთად ვიხილეთ. იმისთვის არ გვიბრძოლია ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების წინააღმდეგ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, მას შემდეგ რაც პოლიციაში ამოვძირკვეთ წამება, ახლა უკვე პენიტენციურ სისტემაში ვინმე კრიმინალური სამყაროდან აფათურებდეს ხელს ან პენიტენციური სისტემის კრიმინალებად ქცეული თანამშრომლები მონაწილეობდნენ ამგვარი აქტის ჩადენაში. ის, ვინც პასუხისმგებელი იყო, რომ ამგვარი ფაქტები არ დაეშვა, ყველა გათავისუფლდება სამსახურიდან, ხოლო ის, ვინც ეს ჩაიდინა, გაძლევთ სიტყვას, მრავალ წელს გააატარებს ციხეში", - აცხადებს პრეზიდენტი.

მისივე თქმით, ახალი საქართველოს მთელი იდეა არის გამიჯვნა იმ ძალადობისგან, რაც წარსულში ხდებოდა დამნაშავეების და სახელმწიფოს მხრიდან. "ჩვენ ეს ყველაფერი მოვიტოვეთ უკან და არ მოვითმენ, რომ რაიმე ფორმით ახალ საქართველოში ეს ხელახლა განმეორდეს. დავავალე შესაბამის უწყებებს, იმოქმედონ სწრაფად, დაადგინონ ყველა დამნაშავე, დააკავონ, დააპატიმრონ, მისცენ პასუხისგებაში, გამოიყვანონ სააშკარაოზე და ჩვენს საზოგადოებას სრულად წარუდგინონ ინფორმაცია, რომელიც ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ სამართლიანად ითხოვს პასუხს სახელმწიფო ორგანოებისგან. პირადად უზრუნველვყოფ, რომ ამ სისტემაში დაცული იყოს ადამიანის უფლებები, როგორც კრიმინალებისგან, ასევე სისტემის ისეთი თანამშრომლებისგან, რომლებიც ნამდვილი მაფიის წევრებივით მოქმედებენ. ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, ყველას აქვს უფლება სამართლიანი და ღირსეული მოპყრობის, ადამიანური უფლებების ელემენტარული პატივისცემის, სახელმწიფოს მხრიდან მისი ადამიანობის მიმართ ფაქიზი დამოკიდებულებით. ჩვენი სახელმწიფოებრიობა ეფუძნება ადამიანის უფლებების და ღირსების განუხრელ პატივისცემას და ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ამ ძალადობას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა