ინტერვიუ, რომელსაც საზოგადოება ერთ წელზე მეტია ელის - გიორგი აბდალაძე ყველა კითხვას პასუხობს

ინტერვიუ, რომელსაც საზოგადოება ერთ წელზე მეტია ელის - გიორგი აბდალაძე ყველა კითხვას პასუხობს

ეს არის ინტერვიუ, რომელსაც საზოგადოება ერთ წელზე მეტია, ელის! "ალია ჰოლდინგის" ფოტორეპორტიორი და "რუსეთის ჯაშუში" გიორგი აბდალაძე ყველა კითხვას პასუხობს!

მეგობრებსა და ნაცნობებზე რომ არაფერი ვთქვათ, არც საქართველოში და არც მსოფლიოში არავის სჯერა, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, თუმცა სააკაშვილის სასამართლო განაჩენით ის ჯაშუშია! მას ახლაც პირობითი მსჯავრი აქვს და მის მოხდამდე კიდევ 3 წელი დარჩა...

მთელ საქართველოს ახსოვს შარშანდელი ივლისი, როცა გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძესთან, ირაკლი და ნათია გედენიძეებთან ერთად დააკავეს. აქედან გამომდინარე, იმ 15-დღიანი ჯოჯოხეთის, ჟურნალისტების საპროტესტო აქციებისა და მათი შედეგების პრეისტორიით თავს არ შეგაწყენთ...

გიორგი აბდალაძე დღეს პირველად ისაუბრებს იმაზე, რაც იმ 15 დღის განმავლობაში გლდანის მერვე საპყრობილეში ნახა, იტყვის, როგორ შეაწყვეტინეს შიმშილობა და როგორ მიიღეს მისგან აღიარებითი ჩვენება, დაასახელებს კონკრეტულ გვარებს და გვეტყვის მისი დაკავების რეალურ მიზეზს...

მაშ ასე, სკანდალური და ექსკლუზიური ინტერვიუ "ალიასა" და "ქრონიკის" ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძესთან:

- გიორგი, დავიწყოთ შენი დაჭერის ღამით და მოკლედ და თანმიმდევრულად გავიხსენოთ ყველაფერი...

- ალბათ, გახსოვს, რომ 7 ივლისის ღამეს ჩემი მეუღლის დაბადების დღე იყო. სამსახურიდან წასვლისას შენც გითხარი ამის შესახებ. მერე ყვავილები ვიყიდე, სახლში ავედი და ბავშვთან ერთად მეუღლის დაბადების დღე აღვნიშნე. უკვე გვეძინა, ღამის სამი საათი იქნებოდა და კარზე ზარი გაისმა. გავიხედე "გლაზოკში", ბევრი ხალხი ჩანდა. მეზობლის ბიჭები მეგონნენ და ერთის სახელი გავძახე, შენ ხარ-მეთქი? კიო. გავაღე კარი და შემოვარდა ერთი 15 კაცი. გავოგნდი, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. გიორგი აბდალაძე შენ ხარო? კი-მეთქი და ჩვენო კუდ-იდან ვართ და უნდა დაგაპატიმროთო. რისთვის-მეთქი? - ვერ ვხვდები, სიმართლეს მეუბნებიან თუ მეხუმრებიან. ყველა ოჯახის წევრის ტელეფონი გამოგვატანინეს და მაგიდაზე დაგვაწყობინეს. ამოიღეს პატარა ვიდეოკამერა, დააყენეს და შენო, ჯაშუშობა გედება ბრალადო. ამაზე ამიტყდა სიცილი. არ ველოდებოდი ასეთ სისულელეს. ერთ-ერთი მეუბნება, რა გაცინებსო, შენ არ იცი, რა გელოდებაო. თან კამერით ვიღებთ და სერიოზულად იყავიო. დამადეს ხელბორკილები. ახლა უნდა ჩავატაროთ ჩხრეკაო და დისკები რაც გაქვთ, გამოიტანეთო. გამოვიტანეთ კონოფილმებისა და ჩემი ფოტოების დისკები და ჩემმა სიმამრმა გამოიტანა თავისი დისკები ყუთში ჩაწყობილი. გეოგრაფიის წიგნზე მუშაობს და ფაილები აქვს ჩაწერილი. მოკლედ, ამ დისკების აღწერა დაიწყეს. ეს გრძელდებოდა დაახლოებით ერთი საათი. ამ დროს დავინახე, რომ ერთ-ერთმა რაღაც დისკი ამოიღო "საროჩკიდან" და ჩადო სიმამრის დისკებში. არ გამიპროტესტებია, რადგან შევშინდი, რომ რამე არ მომხდარიყო სახლში, ოჯახის წევრების მიმართ. ვიფიქრე, გაირკვევა ყველაფერი, დამტკიცდება ჩემი სიმართლე და დღესვე გამომიშვებენ სახლში-მეთქი. მერე ჩამიყვანეს დაბლა, მანქანიდან ამომაღებინეს ფოტოაპარატი, დაულუქავად ჩააგდეს პარკში და დალუქულ დისკებთან და ტელეფონებთან ერთად წამოიღეს. სანამ წამიყვანდნენ, მეუღლეს შენი ტელეფონის ნომერი ვუთხარი, სასწრაფოდ დაურეკე, ტყუილად დამიჭირეს-მეთქი. მანქანაში ის თანამშრომელი, რომელმაც რაღაც დისკი ჩამიდო, მეკითხება, ხომ იცი, რატომ ხარ დაჭერილიო? ვერ ვხვდები-მეთქი. ახლა ნახავ, რაც მოგივა და მერე კარგად მიხვდებიო. დილის 6 საათზე შემიყვანეს "მოდულში". ერთმანეთს ეუბნებიან, - "ნარუჩნიკების" გასაღები დავკარგეთო და თან მეკაიფებიან, ხომ არ გიჭერსო? დაბლა ჩამიყვანეს, სადაც კამერებია და რაღაც საბუთებს ავსებენ. იქ ვინც დაგვხვდა, კითხულობს, - ეს რისთვის დაიჭირეთო. ეს "ჩვენს ძმებს" ეხმარებოდაო. რუსებსო? კიო. მე ვთქვი, ეს კიდევ დასამტკიცებელია-მეთქი. დამტკიცებულია ყველაფერი და თქვენს დედებს მოვტ...ნავთო. უცებ ვიღაცა გამოვიდა, ხელში ელექტროშოკი უჭირავს და დანარჩენებს ეუბნება, - მგონი, გაფუჭდაო. მე მეუბნება, ახლა შენზე მოვსინჯავთ, მუშაობს თუ არაო. ვხვდები, რომ აშკარად ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ ჩემზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ რეალურად არაფერს მიზამენ. მართლაც არ დაუდიათ ის ელექტროშოკი. შემიყვანეს კამერაში, სადაც ორი პატიმარი დამხვდა. ამის შემდეგ უკვე "მოდულში" კარგად მექცეოდნენ და ზედმეტი არაფერი უთქვამთ...

- ამის მერე შენთან შემოვიდნენ ადვოკატები...

- კი, დილით შემოვიდნენ ადვოკატები. მითხრეს, რომ დიტომ გამოგვგზავნა, "ალია ჰოლდინგის" ადვოკატები ვართო. მე ვუთხარი, რომ ტყუილად ვარ დაჭერილი, ვაცხადებ მშრალ შიმშილობას და ან ცოცხალი გამოვალ აქედან ან მკვდარი-მეთქი. თან შენთან გამოვატანე წერილი, რომელიც დაიბეჭდა კიდეც. მოკლედ, იმ ორი დღის განმავლობაში ადვოკატები რამდენჯერმე შემოვიდნენ, მითხრეს, რომ მასალების მიხედვით ძალიან მძიმე ბრალდება გაქვს და რა იყო რეალურად, არ დაგვიმალოო. ვეუბნები, არაფერი არ დამიშავებია და თავს შევაკლავ ჩემს სიმართლეს-მეთქი.

- ადვოკატებისგან გაიგე, რომ შენთან ერთად სხვა ფოტორეპორტიორებიც იყვნენ დაჭერილები?

- კი, თუმცა, მანამდე "გლაზოკში" დავინახე, ნათია გედენიძე რომ გამოიყვანეს კამერიდან და მივხვდი, რომ მარტო მე არ ვიყავი დაჭერილი. ადვოკატებისგან გავიგე, რომ გარეთ აქციები დაგიწყიათ. ამის მერე წაგვიყვანეს სასამართლოში, წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე. პირველად იქ ვნახე ზურა ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე. დარბაზში მე შუაში ვიჯექი და ისინი აქეთ-იქიდან მესხდნენ. ქურციკიძე გაფითრებული იყო. როგორ ხარ-მეთქი და ძაან მცემესო. რაზე დაგვიჭირეს-მეთქი? აზრზე არ ვარო. გედენიძეს თავი ჰქონდა ჩაღუნული. უკვე ვიცი, რომ რაღაც აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული და ვეკითხები, - ირაკლი, რატომ აკეთებ ამას-მეთქი? ყველამ გამანებეთ თავიო, - ისე მითხრა, რომ მივხვდი, ძალიან ცუდ დღეში იყო. ქურციკიძეს ვუთხარი, მე არ ვაღიარებ ამ სისულელეს და თავს შევაკლავ-მეთქი. არც მე ვაღიარებო. შემოვიდა მოსამართლე, პრაქტიკულად არაფერი უკითხავს ჩვენთვის. ნოტარიუსივით დაამტკიცა ორთვიანი პატიმრობა და გავიდა. ჩაგვიყვანეს დაბლა და კუდ-ის ერთ-ერთი თანამშრომელი მეუბნება, ახლა ციხეში უნდა გადაგიყვანოთ და იქ უკვე დედის ტ...ვნა გელოდებათო. შენ ხომ არ გგონია, ვინმე გაგახარებსო. გლდანის გზაზე რომ მივდიოდით, ერთი მეუბნება, ეს გზა კარგად დაიმახსოვრე, მინიმუმ 20 წელი ვერ ნახავ, საერთოდ ცოცხალი თუ გამოხვედი იქიდანო.

- გლდანის ციხე... ყველაზე საინტერესო ამბები აქ იწყება...

- საინტერესო ეძახე და მაგის გახსენებაზე ახლაც ცუდად ვხდები. შეყვანისთანავე მივხვდი, რომ "მოდულისგან" აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუაციაში მოვხვდი. როგორც ნახირს, ისე გვექცევიან. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩვენ კარანტინში არ ჩაგვიყვანეს. შეგვაგდეს, "აბეზიანნიკებს" ეძახიან. ისე ყარდა იქაურობა, ვერ აგიწერ. გედენიძე ჩემს გვერდით ჩასვეს, ქურციკიძე - წინ. ქურციკიძის გვერდით ვიღაც პატიმარი აგდია იატაკზე, გალიის გარეთ აქვს ხელები გამოყოფილი, "ნარუჩნიკები" ადევს, ვერც დგება, თავზე რაღაცა აქვს გადაფარებული, ყმუის, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და აშკარად ეტყობა, რომ საშინლად ნაცემია. ბადრაგი მივა, აგინებს. ქურციკიძემ ხელით მანიშნა, თავი უნდა ჩამოვიხრჩოო. მე ვანიშნებ, ნუ იზამ ამას, ბოლომდე მივაწვეთ-მეთქი. გადაგვიყვანეს "აბეზიანნიკებიდან". მე შემიყვანეს "ბე" ფლიგელში, მეცხრე კამერაში, სადაც დამხვდა ერთი პატიმარი. ამ პატიმარს ვეკითხები, აქ როგორი სიტუაციაა, რა ხდება-მეთქი. სრული ჯოჯოხეთიაო. შენ თვითონ ნახავო. აქ ისეთი ამბები ხდება, შეიძლება მსოფლიოს არც ერთ ციხეში არ ხდებოდეს ასეთი ამბებიო.

- მოდი, ცოტა გადავუხვიოთ მოვლენების თანმიმდევრობას და რადგან ამ ჯოჯოხეთზე ვსაუბრობთ, მითხარი, წამების რა მეთოდები ნახე შენი თვალით, ან რა გაიგე პატიმრებისგან?

- ცემაში კლავენ პატიმრებს. საჭმელში ჩაუფურთხებენ და აჭმევენ. ცივ წყალში შეაგდებენ და საათობით არ უშვებენ. დააბამენ, დააგდებენ და შეიძლება 2-3 დღე ჰყავდეთ ასე, საკუთარ განავალში ჩამჯდარი, რომ ვერ ინძრევა. წყალს გამოურთავენ და ასე ამყოფებენ დღეების განმავლობაში. შეუვარდებიან საკანში, გახდიან, შეყრიან ხუთ-ექვს კაცს საწოლის ქვეშ და საათობით წიხლებითა და დუბინკებით სცემენ...

პირადად მე ნამდვილად არავის ვუცემივარ, მაგრამ ძალიან ხშირად, გვერდით კორპუსიდან ყვირილის, წივილის, კვნესისა და ცემა-ტყეპის ხმები საათობით ისმოდა. როცა ადვოკატთან აყავხარ, იქ პატიმრები ერთ რიგში არიან გამწკრივებულები. ერთმანეთში ლაპარაკი არ შეიძლება, მაგრამ მაინც ვახერხებდით დალაპარაკებას. იქ ერთ-ერთმა მითხრა, აქ პატიმრებს დუბინკებით ტ...ნავენო. ერთი პატიმარი ამოიყვანეს. აი, ფილმებში კონცლაგერის პატიმრები რომ გინახავს, ხერხემალზე ჰქონდა ჭიპი აკრული. ჩონჩხი და ტყავი იყო მარტო. ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რატომ არ წაათრევენ ამას "რეზბალნიცაზე", დღე-დღეზე მოკვდება ეს დედამოტ...ნული და "ტრუპი" ჩვენ რატომ უნდა დაგვეწეროს, იმათ დაეწეროს, წაათრიონ დროზეო...

საშინელებაა, დიტო, ამის სიტყვებით აღწერა. როცა იქ, ციხეში, ყველაფერს ამას იგებ, საკუთარი ყურით ისმენ და ხედავ, ფსიქოლოგიურად ნადგურდები... წარმოიდგინე, რაც ტელევიზორში ამ დღეებში ვნახეთ, ის ყველაფერი შენს გვერდით ხდება, ეს ყველაფერი გესმის, ხედავ და იცი, რომ, ადრე თუ გვიან, შენი რიგიც დადგება...

- დავუბრუნდეთ შენს ამბავს...

- მოკლედ, ისევ ვაგრძელებ შიმშილობას. შაბათ-კვირა დაემთხვა და ადვოკატები ორი დღე ვერ შემოვიდნენ. აზრზე არ ვარ, რა ხდება გარეთ. ინფორმაციის არავითარი საშუალება არ არსებობს. ერთადერთი რადიოა და ისიც "ფორტუნასა" და "იმედს" იჭერს. "იმედზე" მხოლოდ ზოგადად ამბობდნენ რაღაცებს ჩვენზე. მერე ჩემმა თანამოსაკნემ მითხრა, ზემო "კოიკაზე" თუ დადგები და რადიოს გისოსებს მიადებ, იქნებ სხვა არხიც დაიჭიროსო. "რადიო პალიტრა" დავიჭირე ასე, მაგრამ ძალიან ცუდი მიღება ჰქონდა. ორშაბათს ადვოკატები შემოვიდნენ. უკვე მეხუთე დღეა, ვშიმშილობ და ძალიან ცუდად ვარ. აცეტონის სუნი ამდის. ადვოკატებთან შეხვედრამდე რიგში დავინახე გიორგი დემეტრაძე. სხვა პატიმრებთან შედარებით მხნედ გამოიყურებოდა. ნიკა კვეზერელიც ვნახე იქ. გამწარებული იყო. აშკარად საშინელ დღეში ჰყავდათ. აქ რეებს აკეთებენ, შენ ვერ წარმოიდგენო...

მოკლედ, შევხვდი ადვოკატებს და გავიგე, რომ გარეთ თქვენ საპროტესტო აქციებს აგრძელებთ. ისევ იმ განწყობაზე ვარ, რომ მე ვერ შემეხებიან და ბოლომდე უნდა მივაწვე ჩემს სიმართლეს. საღამოს ამიყვანეს ციხის უფროსთან, დავით ხუჭუასთან. რატომ შიმშილობო. მე ვუთხარი, არ ვეთანხმები ბრალდებას-მეთქი. აბა, რატომ დაგიჭირესო. მე ვუთხარი, 26 მაისის გამო-მეთქი. რაო, არ იყვნენ ის ხალხი დასაჭერი და ყველას დედა არ ჰქონდა მოსატ...ნავიო? აქვე გეტყვით, რომ ციხეში ძალიან ბევრი იყო 26 მაისს დაკავებული. საშინელ დღეში ჰყავდათ ყველა. ერთ-ერთი ჩემ გვერდით საკანში იჯდა, 4 შვილის მამა, რომელსაც 5 წელი ჰქონდა მისჯილი. მე ვეუბნები, ამ საცოდავ ხალხს რომ დაერიეთ, თუ მაგრები ხართ, ბურჯანაძე დაგეჭირათ-მეთქი. ბურჯანაძეს არ დავიჭერთ, მაგრამ ვერასოდეს ეღირსება, რომ ქმარ-შვილი გვერდით ჰყავდესო და დაიწყო ბურჯანაძის გინება. მერე მეუბნება, შენ გაქვს უსაზიზღრესი მუხლიო. დაიმახსოვრე, შენ თუ აქედან ცოცხალი გახვიდე, ჩემს დედას შეეციო. მერე დამიწყო გინება. ნუ მაგინებ-მეთქი. რას ჰქვია, ნუ გაგინებო. შენ აქედან ცოცხალს არ გაგიშვებ და წამებაში ამოგხდი სულსო. დედის ტ...ვნაში იქნები სულ და სიკვდილს ინატრებ, ისეთ დღეში ჩაგაგდებო...

მეორე დღეს, სამშაბათს, ვანო მერაბიშვილთან ჟურნალისტების შეხვედრა სანამ დაიწყებოდა, გამომიყვანეს საკნიდან და შემიყვანეს ერთ-ერთ ოთახში, სადაც ერთი 7-8 კაცი დგას, ციხის თანამშრომლები. ერთ-ერთი იყო ოლეგ ფაცაცია, აი, ის, კადრებში თმებით რომ ათრევს პატიმარს და წიხლებს რომ ურტყამს. დანარჩენების სახელები არ ვიცი, მაგრამ მე კარგი ფოტომეხსიერება მაქვს და ყველა შემიძლია სახეზე ამოვიცნო. ოლეგ ფაცაცია მეუბნება, მოდი, ბიჭო, შენ აქო. შენა ხარ, რომ შიმშილობო? ხო-მეთქი. მერე რატომო? ბრალდებას არ ვეთანხმები-მეთქი. ეგ სულ ყ...ეზე მკიდიაო, ახლა დროზე დამიწერე, რომ შიმშილობას წყვეტო. განცხადება დამიწერე, თორემ თუ გინდა, ისე გიქნია, სული გაგძრობიაო. როგორც მერე გავიგე, ეს განცხადება მერაბიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრამდე უნდოდათ მიეღოთ, მერაბიშვილს რომ ეთქვა, აბდალაძემ შიმშილობა შეწყვიტაო...

მერე ეს ფაცაცია მეკითხება, ეს მიტინგები შენ გამოაო? კი-მეთქი. მერე რა გგონია, რომ ამ აქციებით რამეს მიაღწევო? მანანა არჩვაძის ხალხი, ცოტნე გამსახურდიას განთავისუფლების მოთხოვნით ყოველდღე მოდიოდა, მაგრამ ვერ დავუმატეთ სამი წელიო? სანამდე გაგვისწორდება, მანამდე გვეყოლება აქო. აქციები შენ არ გიშველისო. ზურაბ ჟვანიაზეც ატყდა ამბავიო, გირგვლიანზეცო, მარა ვინ რა მიიღოო. დამთავრდება ეს აქციები და მერე ნახე შენ, რა დღეში ჩაგაგდებთო. ხომ არ გგონია, პატრონი გეყოლება ვინმეო. გარეთ კიდევ შენს ცოლ-შვილს რაც მოუვა, ეგ ცალკე საკითხიაო. მაინც არ შევწყვეტ შიმშილობას-მეთქი. შენ მე მეჯიბრები ხომო? ახლა გაჩვენებ შენ, რა გელოდებაო. ხომ არ გგონია, ახლა ხელს დაგაკარებო. მერე რომ არ დაიწყო, ნაცემი ვარ და ამბავიო. ვინ ზის ამასთან კამერაში, გამოათრიეთ, მე მაგის დედას შევეციო. სხვა პატიმრებიც გამოათრიეთ და ამის თვალწინ ყველას დედა მოუტ...ანით, მერე შეიყვანეთ იმათთან კამერაში და არჩიოს მტყუან-მართალიო. ნახავ ახლა, ვისი აჯობებსო. რაცია ჩართო და აბა, ბიჭებო, მოემზადეთ, ამას პატიმრების დედის ტ...ვნა უნდა ვაყურებინო და მერე მიხვდება, რა ელოდება და ვისთან აქვს საქმეო. წარმოგიდგენია, რაც ახლა ვიდეოებში ნახეთ, იმისთვის უნდა მეყურებინა და იმ პატიმრებს ჩემ გამო უნდა მოქცეოდნენ ასე. მომეცით ფურცელი-მეთქი და დავუწერე, რომ ადმინისტრაციის რჩევის გამო შევწყვიტე შიმშილობა. გამოაცხადეს "ატბოი"... ჩამიყვანეს, დამალევინეს წყალი და ცუდად გავხდი. გამიკეთეს გადასხმა, ცოტა მაჭამეს და ამიყვანეს ადვოკატებთან. უკვე ეკა ბესელიაც ჩაერთო საქმეში. ეკა მეკითხება, შიმშილობა რატომ შეწყვიტეო. ვერ ველაპარაკები, რადგან ვიცი, ყველაფერი ისმინება, მაგრამ ეკას რვეულში დავუწერე, პატიმრების წამებას აპირებდნენ ჩემ გამო-მეთქი...

- ეკა ბესელიამ განცხადებაც გააკეთა მაშინ, გიორგი აბდალაძეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს, რაც პირადად მას არა, მაგრამ სხვა პატიმრებს ეხებოდაო...

- სხვათა შორის, როცა საკანში დამაბრუნეს და ჩემს თანამესაკნეს ეს ამბავი მოვუყევი, მითხრა, ტყუილად დასთანხმდი შიმშილობის შეწყვეტაზე, ჩვენ ისედაც ამ დღეში ვართ აქ და მაგის გამო შენ პატიმრები არაფერს გეტყოდნენო. მე ვუთხარი, ვერ ვუყურებდი სხვის წამებას და მით უმეტეს ჩემ გამო ვერავის ვერ ვაწამებინებდი-მეთქი. მერე საერთოდ როგორ უნდა მეცოცხლა-მეთქი. ამ ამბების შემდეგ, როცა გავიგე, რომ ქურციკიძესაც აღიარებინეს ეს სისულელე, თავის მოკვლის მცდელობაც მქონდა. იქ, საკანში, ერთ ადგილას ბრიტვა იყო დამალული. ღამე, როცა ჩემმა თანამესაკნემ დაიძინა, ჩუმად მინდოდა ამ ბრიტვის გამოღება და ვენების გადაჭრა. რომ ვჩალიჩობდი ბრიტვის გამოღებაზე, გაიღვიძა იმ ბიჭმა და მიხვდა, რასაც ვაპირებდი. მეხვეწა, არ გინდა, ნუ იზამ ამასო. ძალიან ცუდად ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ჩემი გამოშვების შანსი არ იყო და იქ დარჩენას სიკვდილი მერჩივნა. მე ვუთხარი, კაი, დაიძინე, არ ვიზამ-მეთქი. ვფიქრობდი, რომ დაიძინებდა, მერე მაინც სისრულეში მომეყვანა ჩემი ჩანაფიქრი. მთელი ღამე არ დაიძინა. იჯდა და ლოცვებს მიკითხავდა. დღეს რომ ცოცხალი ვარ, მისი დამსახურებაა.

- აღიარებით ჩვენებაზე გადავიდეთ...

- ერთ დღესაც მოვიდა პროკურორი, ქაჯაია. ამ შეხვედრას მხოლოდ ერთი ადვოკატი ესწრებოდა. აქ გავიგე, რომ ქურციკიძესაც აღიარებინეს ეს სისულელე და მე ვარ დარჩენილი. უცებ ქაჯაია მეუბნება, ანეკდოტი უნდა მოგიყვეო, - ჭიჭიკიასთან მიქელ-გაბრიელი მივა და ეტყვისო, ჭიჭიკია, ექიმბაშობა დაიწყეო. რომ მიხვალ ავადმყოფთან, თუ დაინახავ, რომ ფეხებთან ვუდგავარ, დაალევინე რამე ბალახის ნახარში და უთხარი, კარგად გახდებიო. თუ დაინახე, თავთან ვუდგავარ, მაშინ უთხარი, რომ არაფერი გეშველებაო. დაიწყო ჭიჭიკიამ ექიმბაშობა, ცნობილი გახდა და ფულიც იშოვაო. ერთ დღეს გაიღვიძა და დაინახა, თავზე მიქელ-გაბრიელი ადგასო. სასწრაფოდ შემობრუნდა ჭიჭიკია, რომ ფეხებთან ჰყავდეს მიქელაო. ისიც გადმოვიდა და ისევ თავთან დაუდგაო. ეს კიდევ შემობრუნდა და მიქელ-გაბრიელი ეუბნება, - ჭიჭიკია, კაცურად მინდა წაგიყვანო, თორემ სულს პროჭიდანაც ამოგაძრობ, დედას მოგიტ...ნავო...

ეგრეა შენი საქმეცო. არაფერი შენ არ გეშველება და ახლა შენზეა დამოკიდებული, რას იზამო. ახლა შენ ცოტა დრო გაქვსო, თორემ მერე შენი აღიარებითი ჩვენება სულ ყ...ეზე გვკიდიაო. მომაფიქრებინე-მეთქი, პროკურორს ვუთხარი და ადვოკატს მოვუბრუნდი, ხვალ ყველა ადვოკატი მოდით-მეთქი.

შუაღამისას კამერიდან გამიყვანა ბადრაგმა და მეუბნება, გასვლის ბილეთი გაქვს და შეირგეო. ამანაც შემახსენა ჟვანია, პატარკაციშვილი, გირგვლიანი... ათასი რამე მოხდა, მაგრამ ამ აქციებით ამათ ვერავინ მოერია და ჭკვიანურად მოიფიქრეო...

მეორე დღეს ადვოკატები მოვიდნენ. ეკა ბესელიას ვეუბნები, ასეთი ამბავია, საპროცესოს მთავაზობენ-მეთქი. ეკა მეუბნება, არ დასთანხმდე, ამ საქმეს მოვიგებთ, შენ არ იცი, გარეთ რა ხდებაო. ვეუბნები, ესენი ცოცხალს არ დაგვტოვებენ-მეთქი. ნუ გეშინია, ხელს ვერ გახლებენო. ამას ველაპარაკები, მაგრამ უკვე შოკში ვარ და თან ქურციკიძის აღიარების მერე საერთოდ გავნადგურდი. მერე ისიც გავიგე, რომ ქურციკიძესაც უცდია საკანში თავის ჩამოხრჩობა. ადვოკატები რომ წავიდნენ, ისევ წავიდა ჩემზე ნაჟიმი. ეს ბადრაგები მელაპარაკებიან ისევ. პრინციპი იგივეა, რომ ციხიდან ცოცხალი ვერ გავალ და აქ წამებაში ამომხდიან სულს. მოკლედ, დეტალებს აღარ მოვყვები. ის ოლეგა ფაცაცია აქტიურობდა ყველაზე მეტად. მას ვუთხარი, საპროცესოს დავთანხმდები-მეთქი. იმ ღამესვე მოვიდა კუდ-ის სასტავი. ღამის პირველ საათზე ამიყვანეს ადმინისტრაციის შენობაში. დამსვეს. კუდ-ის თანამშრომელი დათო დევნოზაშვილი დამიჯდა და მეუბნება, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შენ რას მოყვებიო. ეს ის დათო დევნოზაშვილია, გაზეთ "ბათუმელების" ჟურნალისტს რომ აშანტაჟებდა და სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას სთხოვდა. მოკლედ, ფურცელზე დაწერა 11, ესაა შენი სასჯელიო და რასაც მოყვები, იმის მიხედვით გამოაკლდება ამას ციფრებიო. რა მოვყვე-მეთქი. დაიწყე იმით, ცხინვალში რომ დაგიჭირესო. დავიწყე მოყოლა და ვთქვი ყველაფერი ისე, რაც სიმართლე იყო. არა, ასე არ გვაწყობსო. აბა, თავიდან მოყევიო. მე დავიწყე ისევ და უცებ ჩავამატე, იქ გადამიბირეს რუსებმა და თანამშრომლობაზე დამითანხმეს-მეთქი. ოო, ეს კაიაო და ფურცელზე დაწერილ 11-ს მინუს 2 მიაწერა. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და ასე შემათხზვევინეს რაღაც სისულელეები და თან 11 წელს ნელ-ნელა აკლებდნენ და აკლებდნენ. გვერდით ოთახში აშკარად ვიღაცები იყვნენ, რადგან ესენი სისტემატურად გადიოდნენ, შემოდიოდნენ და ახალ რაღაცებს მეუბნებოდნენ. მეუბნებიან, იგორ გიორგაძეზეც უნდა თქვა რამე, რადგან მერაბიშვილმა ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა, აბდალაძე გიორგაძის კაციაო. რა უნდა ვთქვა-მეთქი და დამაწერინეს, რომ მეტრო "რუსთაველთან" შემხვდა ვიღაც პიროვნება, რომლის სახელი და გვარი არ ვიცი, შემახსენა, რომ მე ვარ აგენტი და მომთხოვა, გადამეღო იგორ გიორგაძის მხარდამჭერების აქციები. მე ამ აქციებს, სხვა აქციების მსგავსად, გაზეთისთვის მართლაც ვიღებდი. მოკლედ, დამაწერინეს რაღაც სისულელეები. თან ამ ვაჭრობაში ჩამოვედით ერთ წელიწადზე. ახლაო, ეგ ყველაფერი უნდა ჩავწეროთ ვიდეოზე და ჩვენებს უნდა ვაჩვენოთ ზემოთო. დავიწყეთ ვარჯიში. ეს ტექსტი ხომ უნდა დავიზეპირო? უნდა თქვაო, რომ ქურციკიძემ გთხოვა სტენოგრამაო. სტენოგრამა რა არის-მეთქი? - მართლა არ ვიცოდი რას ნიშნავდა. რა მნიშვნელობა აქვს, ჩანაწერიაო, მარა ასე უნდა თქვაო. ჩანაწერს ვიტყვი-მეთქი. არაო, აუცილებლად სტენოგრამა უნდა თქვაო. ვერაფრით ვერ დავიმახსოვრე ეს სიტყვა. დავიწყებ ლაპარაკს, ვამბობ ჩანაწერს. გაგიჟდნენ, ხომ გითხარით, სტენოგრამა უნდა თქვაო. მთელი ღამე მაზეპირებინეს. მერე მეუბნებიან, ხვალ ეგ ყველაფერი ეკა ბესელიასთან და ადვოკატებთან უნდა მოყვეო. ეკა ბესელია მანდ მთავარიაო. მერე დაიწყეს ერთმანეთში მსჯელობა, ახლა ბესელია ამაზე ასე იტყვის, ამას იკითხავს, იმას იკითხავს და "დავაი", რეპეტიცია გავიაროთ, მე ვიქნები ეკა ბესელიაო, - ერთი ამბობს. მარეპეტიციეს მთელი ღამე. 4 თუ 5 საათი იყო, საკანში რომ ჩამიყვანეს...

- მეორე დღეს ადვოკატებთან ერთად შენ "აღიარე დანაშაული", რომლის ვიდეოც გამოაქვეყნეს...

- კი. ეკა ბესელია და ადვოკატები რომ შემოვიდნენ, ეკა მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერაა საქმე და მარტო დაგვტოვეთო, მოითხოვა. დაგვტოვეს მარტო, მაგრამ ეკას ვერაფერი ვერ ვუთხარი. ის ოთახი ისმინება. შეგვიყვანეს უკან. როგორც გაფრთხილებული ვყავდი იმათ, თავიდან იკითხეს, ვიდეოჩანაწერი რომ გაკეთდეს, თანახმა თუ ხარო და კი-მეთქი. მერე უცებ თავში მეკითხებიან იმას, რაც რეპეტიციის მიხედვით ბოლოს უნდა ეკითხათ, - აღიარებ თუ არა დანაშაულსო? არა-მეთქი, ვთქვი ალალად და ეკამ ატეხა ყვირილი, ეს ოქმში დააფიქსირეთო. მივხვდი, რომ ავიჭერი. ხელმეორედ მკითხეს, - ახლა ვუთხარი, ნაწილობრივ-მეთქი. ეკას მოთხოვნით ესეც დააფიქსირეს ოქმში. მესამედ მკითხეს და უკვე, კი-მეთქი, ვთქვი. მერე მოვყევი ის სისულელეები, რაზეც მთელი ღამე მავარჯიშეს. სანამ წავიდოდა, ეკა ბესელიამ საქმის მასალების გაცნობა მოითხოვა. ოფიციალური განცხადებაც დაწერა. გამომძიებელმა უთხრა, კი ბატონო, გაგაცნობთ საქმესო. ღამის პირველ საათზე მოვიდნენ და მეუბნებიან, ხვალვე გიშვებთ ციხიდან, მაგრამ ახლავე უნდა დაწერო განცხადება და ეკა ბესელიას აცილება მოითხოვოო. ჩვენ არ გვაწყობს, რომ მაგან საქმის მასალები ნახოსო. დავწერე განცხადება ეკა ბესელიას აცილების მოთხოვნით. მომცეს ადვოკატ მირდატ ქამადაძის ნომერი, ამას უნდა დაურეკოო, ვითომ ახლობელია, ისე უნდა მოიკითხო და დაელაპარაკოო და უნდა უთხრა, რომ გინდა, შენი ადვოკატი იყოსო. ის ყველაფრის საქმის კურსშია, ჩვენი კაცია და სასამართლოზე გამოვაო. ღამის 2 საათზე, ჩემი თანამოსაკნის ბარათით დამარეკინეს ამ მირდატ ქამადაძესთან და სასამართლოზე მართლაც ის მოვიდა. ისიც მითხრეს, ახლა სასამართლოზე სიმართლე არ თქვა და ჩორტი არ ჩააგდო, თორემ ეგეთი ვახტანგ მაისაია გვყავს აგერ, შენსავით ჯაშუშობისთვის დაჭერილი და თუ გინდა, გაჩვენებთ, რა დღეშიაო. დანარჩენი ადვოკატები დილით მოვიდნენ სასამართლომდე, მითხრეს, რომ "ალიამ" ხელშეკრულება შეგვიწყვიტა, იციან, რომ აღიარება ზეწოლის ქვეშ მიეცი და ამას არ ეთანხმებიანო. მივხვდი, ასე რატომაც გააკეთეთ და ეს სწორი ნაბიჯიც იყო. ჩემი გამოშვება ისედაც გადაწყვეტილი იყო და მათ ადვოკატი ფორმალურად სჭირდებოდათ...

- გიორგი, მანამდე შენთან შემოვიდნენ "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები და სახალხო დამცველი, მათ რატომ ვერ უთხარი, რეალურად რა ხდებოდა ციხეში?

- "წითელი ჯვარი" ერთადერთი ორგანიზაციაა, რომლისაც ამათ ძალიან ეშინიათ. შეხვედრაზე რომ მოვიდნენ, ჯიბეში "ჟუჩოკი" ჩამიგდეს და მითხრეს, ზედმეტი არაფერი ილაპარაკოო. თორემ ესენი წავლენ და შენ აქ რჩებიო. რაც შეეხება სახალხო დამცველს, მიუხედავად იმისა, რომ მეც ციხიდან და შენც გარეთ ყოველდღე მოითხოვდი, შემოსულიყო, მხოლოდ მას შემდეგ შემოვიდა, რაც "აღიარებითი ჩვენება" მიმაცემინეს, თუმცა მივხვდი, რომ გიორგი ტუღუში არასოდეს არაფერს არ წარმოადგენდა. არც ახლაა არაფრის გამკეთებელი ეს კაცი. შემოვიდა, შემიყვანეს ოთახში, სადაც ბადრაგებიც არიან და მეკითხება, ნაცემი ხომ არ ხარო. არა-მეთქი. მართლა ჯაშუშობდიო? გაკვირვებულმა შევხედე, შენ გჯერა მაგის-მეთქი? მიუხედავად იმისა, რომ "აღიარება" უკვე დაწერილი მაქვს. ხო, რა ვიციო და წავიდა. ახლა ეს კაცი დაიცავს პატიმრების უფლებებს ან ციხეში მდგომარეობას გამოასწორებს? ზღაპარია ეგ... თან მოადგილედ ვინ დაუნიშნეს? შოთა უტიაშვილი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჩვენი დაკავების და შემდეგ "აღიარებითი ჩვენებების" მიღების ოპერაციას...

- ახლა დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს - რეალურად რისთვის დაგიჭირეს?

- 26 მაისის ფოტოების გამო. მე ისევ იმ აზრზე ვარ, რაც დაჭერის პირველივე დღეებში ვთქვი, შენ გამოგიგზავნე და "ქრონიკაში" დაიბეჭდა კიდეც. ერთადერთი მიზეზი ჩვენი დაჭერის, 26 მაისის შემზარავი ფოტოების გადაღება და მისი უცხოურ პრესაში გავრცელება იყო. ჩვენ ვიყავით სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ადეიშვილის პატიმრები. როგორც მერე გავიგე, უცხოეთში, ერთ-ერთ შეხვედრაზე გიორგი ბარამიძისთვის ეს სურათები დაუდიათ და უკითხავთ, ესაა თქვენი დემოკრატიაო? ბარამიძეს ეს სააკაშვილისთვის უთქვამს. სააკაშვილს უკითხავს, ფოტოები ვინ გადაიღოო და რომ უთქვამთ, ერთ-ერთი, ირაკლი გედენიძე შენი თანამშრომელიაო, იქვე გაუცია ბრძანება, ყველა ციხეში ამოალპეთო. შახ აივაზოვი სასწრაფოდ იმიტომ გამოუშვეს, რომ ამერიკის საელჩო ჩაერია საქმეში. რადიო "თავისუფლების" ფოტორეპორტიორის, ნოდარ ცხვირაშვილის დაჭერაც იყო დაგეგმილი, მაგრამ იმ ღამეს რომ მივიდნენ, სახლში არ დახვდათ, მერე კი საქმე აღარ გაირთულეს. რომ არა "ალია ჰოლდინგის" საპროტესტო აქციები, რომ არა ჟურნალისტების მხარდაჭერა და სოლიდარობა, ჩვენ ან დღესაც ციხეში, იმ პირობებში ვიქნებოდით, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა, ან, შესაძლოა, ცოცხლებიც არ ვყოფილიყავით. რამდენჯერმე მითქვამს, მაგრამ ახლაც გავიმეორებ - მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, გიორგი ბრეგვაძეს, შენ, "ალიას" თანამშრომლებს, ყველა იმ ჟურნალისტს, პოლიტიკოსს, საზოგადოების წარმომადგენელსა თუ უბრალო მოქალაქეს, რომელმაც ჩვენს მიმართ სოლიდარობა გამოხატა. ჩვენ თქვენ გადაგვარჩინეთ... სხვათა შორის, როგორც მერე გავიგე, გიგა ბოკერია პირადად გადიოდა ჟურნალისტებთან კონტაქტზე და ეხვეწებოდა, აქციები შეწყვიტეთ და ფოტორეპორტიორებს მალე გამოვუშვებთო...

- მაგაში მეც დაგეთანხმები, რომ ასე იყო. ბოკერია უშუალოდ იყო დაინტერესებული აქციების შეწყვეტით... და ბოლო კითხვაზეც გადავალ - მე ამაზე პასუხი ვიცი, მაგრამ საზოგადოებას, ალბათ, გაუჩნდება კითხვა, რატომ გადაწყვიტე ამ ყველაფრის თქმა სწორედ ახლა და არა აქამდე?

- დავიწყოთ იმით, რომ ყველამ იცოდა, ციხეებში რაც ხდებოდა, მაგრამ ამის აღქმა და დაჯერება უჭირდათ. ეს რომ აქამდე მომეყოლა, საზოგადოების უმრავლესობა, ალბათ, არ დაიჯერებდა და ვერ წარმოიდგენდა იმას, რაც ციხეში ხდებოდა. ახლა ყველასთვის გასაგებია, რა დღეში ვიყავით ჩვენ, რა ზეწოლების ქვეშ შევწყვიტე შიმშილობა, მივეცით აღიარებითი ჩვენება და რა დღე გველოდა, ასე რომ არ მოვქცეულიყავით. მერაბიშვილის საუბარი ხომ გახსოვთ სააკაშვილთან და ადეიშვილთან, რომელიც შემდეგ "სოროკა.ნეტ"-მა გამოაქვეყნა? ხომ გახსოვთ, როგორ დასცინის მერაბიშვილი ჩემ ცოლს, რომ შემომითვალა, - ვაჟკაცურად იდექი, არაფერი აღიარო და სიმართლე გაიტანეო. მერაბიშვილმა და სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდნენ, რა მეთოდებით მიიღეს ჩემგან აღიარებითი ჩვენება და საერთოდ, რა ხდებოდა ციხეებში. იმიტომ იცინიან ამაზე ასე, რომ იციან, თუ არ ვაღიარებ, რა დღეში აღმოვჩნდები და როგორ ვაჟკაცურად გავიტან სიმართლეს. ადეიშვილს რომ ეუბნება ჩემს აღიარებით ჩვენებაზე მერაბიშვილი, გახსოვთ? არის თუ არა ეს ბილეთიო? რა, ადეიშვილმა არ იცოდა, რა მეთოდით მიიღეს ეს "ბილეთი" ჩემგან? მისი პროკურორი იქ არ იყო? ესენი ყველა ამ დანაშაულის უშუალო ხელმძღვანელები არიან. მაგათი ნებართვის გარეშე ვერავინ გაბედავდა ციხეში ისეთი მეთოდების გამოყენებას...

ხო, კიდევ... რაც გამათავისუფლეს, მას შემდეგ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ვარ. ჩემთვის პასპორტი არ დაუბრუნებიათ, საზღვარგარეთ რომ არ წავსულიყავი და ეს ყველაფერი არ მომეყოლა. მერე, კუდ-ში მომცეს მობილური ტელეფონი და მითხრეს, ეს სულ თან უნდა ატარო და ამ ტელეფონით ჩვენ უნდა დაგვირეკო, თუ რამე მოხდაო. რა უნდა მოხდეს-მეთქი. აი, თუ ვინმე რუსეთიდან დაგირეკავსო. ვეუბნები, ვინ უნდა დამირეკოს, თქვენ ხომ მაინც იცით, რომ ჯაშუში არც არასოდეს ვყოფილვარ-მეთქი. რომ გეუბნებით, წაიღეო. არჩევნების პერიოდში შენ აუცილებლად დაგირეკავენ უცხოეთიდან და ამ ამბით დაინტერესდებიანო. უცხოელი ჟურნალისტები ყველა ჩვენი ქვეყნის მტრებია და როგორც კი რომელიმე დაგირეკავს, მაშინვე ჩვენ უნდა გაგვაგებინოო. მერე, როგორც გავიგე, ქურციკიძესა და გედენიძესაც მისცეს ასეთი ტელეფონები. მე ამ ტელეფონს ახლა შენ გაძლევ, ეს "ალია ჰოლდინგში" შეინახეთ და იცოდეთ, აქ კუდ-ის იმ თანამშრომლის ტელეფონი წერია, რომელთანაც მე უნდა დამერეკა. აქვე მინდა გავაკეთო განცხადება: ამ ინტერვიუს შემდეგ თუ მე, ან ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ადეიშვილს... აქვე ვაცხადებ, რომ ეკა ბესელიას აცილება ზეწოლით დამაწერინეს, ამ ადამიანს ბოლომდე ვენდობი და თუ პროკურატურა გადაწყვეტს ჩემს დაკითხვას, ამ დაკითხვაზე მხოლოდ მასთან ერთად გამოვცხადდები.

მე ყველაფერი ვთქვი და ქართულ საზოგადოებასაც მივმართავ - ან უკანალში ცოცხებით უნდა ვიცხოვროთ, ან ნორმალური ადამიანებივით. ყველა უნდა დავუპირისპირდეთ ამ ძალადობას, დავდგეთ ერთმანეთის გვერდით და ვთქვათ სიმართლე. აქვე მოვუწოდებ ირაკლი გედენიძეს და ზურა ქურციკიძეს, თქვით სიმართლე და თქვენც მოყევით ყველაფერი, რა და როგორ იყო. რისთვის დაგვიჭირეს რეალურად, რა ნახეთ ციხეში და თქვენგან რა მეთოდებით მიიღეს აღიარებითი ჩვენებები. უკვე სამართლიანობის დრო დადგა!!!

რედაქციისგან: "ალია ჰოლდინგი" მოითხოვს, გიორგი აბდალაძის ამ ინტერვიუს საფუძველზე ფოტორეპორტიორების საქმეზე დაიწყოს ხელახალი გამოძიება, დადგინდეს სიმართლე და იურიდიულად მოხდეს გიორგი აბდალაძის სრული რეაბილიტაცია. ამასთანავე, მოვითხოვთ, სათანადოდ დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელმაც მისგან ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით მიიღო აღიარებითი ჩვენება.

აქვე მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, დაინტერესდნენ ფოტორეპორტიორების საქმით და ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ მოახდინონ მყისიერი რეაგირება.

ჩვენ ამ საგაზეთო ინტერვიუსთან ერთად, გიორგი აბდალაძის სრულ მონაყოლს ვიდეოჩანაწერის სახით ვინახავთ, რომელსაც პარალელურ რეჟიმში გადავცემთ საერთაშორისო ორგანიზაციებს.

დიმიტრი ტიკარაძე

გაზეთი "კვირის ქრონიკა"

იხილეთ ვიდეორეპორტაჟები:

- copoka.net : მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი ფოტორეპორტიორების საქმეზე საუბრობენ

- გიორგი აბდალაძის აღიარებით ჩვენებაში უზუსტობა აღმოჩნდა

- რიყეზე ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

- ”პროტესტი” სოლიდარობის ნიშნად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა