პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, მთავრობის ახალი შემადგენლობა იდეალური არაა, მაგრამ "იდეალურთან ძალზეც მიახლოებული შემადგენლობაა".
"მე იმ მინისტრებზე შემიძლია საუბარი, ვინც საქმეში მინახავს. ვფიქრობ, 100%-იანად 9-იანში მოხვედრაა ალასანიას თავდაცვის მინისტრად და ამავდროულად ვიცე პრემიერად წარდგენა. ეს ბევრის მომასწავებელია; ესაა დანიშვნა სერიოზული პერსპექტივით - არ გამიკვირდება, თუ ორი წლის მერე ივანიშვილი წავა და პრემიერად ალასანიას დატოვებს. ირაკლი ამისთვის მზადაა. მას საჯარო სამსახურში მუშაობის 14-წლიანი სტაჟი აქვს და ეს დიდი რამაა. გარდა ამისა, ის მშვენივრად იცნობს აფხაზურ პალიტრას და რომ დაცლოდა, გონივრული ეჭვი არსებობდა, ამ პრობლემას თუ ვერ გადაჭრიდა, წინ წაწევდა. მეორე, ვისზეც ვფიქრობ, რომ ივანიშვილმა ასევე 9-ში მოახვედრა თეა წულუკიანია - ესაა ტვინით დატენილი პატარა გოგო და თან ძალიან დიდი გამოცდილებით. შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოს ასეთი იუსტიციის მინისტრი არც შევარდნაძის დროს და არც შემდგომ პერიოდში არ ჰყოლია", - განუცხადა ცინცაძემ "ინტერპრესნიუსს".
რაც შეეხება მინისტრობის სხვა დასახელებულ კანდიდატებს, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები იდეალურად არ გამოიყურება.
"რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მე წარმოდგენა არ მაქვს როგორი მინისტრი იქნება მაია ფანჯიკიძე, რადგან ისიც კი არ ვიცით, რომელი ელჩი იყო კარგი და რომელი ცუდი - საზოგადოება არასდროს ყოფილა ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყო დამოკიდებულები ჩვენი საგარეო პოლიტიკური წარმატებები თუ წარუმატებლობები პირადად ელჩის პიროვნებასთან, მაგრამ სრული წარმოდგენა მაქვს როგორი იქნება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, რადგან მას ჩაუდგება სათავეში ისეთი ექსტრაკლასის პროფესიონალი, როგორიც თედო ჯაფარიძეა. იგივე შემიძლია გითხრათ ვახტანგ ხმალაძეზე, რომელიც ევროპის ნებისმიერ პარლამენტს დაამშვენებდა და რეზო შავიშვილზეც, რომელიც, ყველამ იცის, რომ ქრთამს არ აიღებს და პროფესიონალია.
ასევე არანაირი წარმოდგენა არ გამაჩნია შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატზე - ღარიბაშვილი ადრე არ ჩანდა, საზოგადოება მას არ იცნობს, თუმცა, ყველაზე რთული ამოცანის წინაშე სწორედ ეს ბატონი აღმოჩნდება - იქ ყველაფერი, პრაქტიკულად 90%, გარდა პატრულისა და დანაშაულობის წინააღმდეგ ბრძოლისა, რეფორმირებას მოითხოვს. გამიკვირდა კახა კალაძეც ინფრასტრუქტურაში. მისი ადგილი, ჩემი აზრით, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროში იყო", - განმარტა ცინცაძემ.