ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

"რეზონანსის" ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო ადასტურებს, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ ამ ეტაპზე ინფორმაციის გახმაურებისგან თავს იკავებენ, სანამ მისი შემცვლელი არ მოიძებნება.

პოლიტოლოგები ამას გამოუცდელობასა და მინისტრების ნაუცბათევ დანიშვნას უკავშირებენ. პიარტექნოლოგები კი, მინისტრთა ხშირ ცვლაში პოზიტივს ხედავენ.

შეგახსენებთ, რომ არჩევნებში გამარჯვებულმა "ქართულმა ოცნებამ" როცა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დაასახელა, ჯანდაცვის მინისტრად თავიდან ამირან გამყრელიძე წარადგინა. თუმცა, გამყრელიძემ შეთავაზებულ პოსტზე მალევე განაცხადა უარი და მინისტრის სავარძელი 25 ოქტომბერს დავით სერგეენკომ დაიკავა, რომელიც მანამდე საჩხერის სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობდა.

"რეზონანსის" წყაროები პირად საუბარში ამბობენ, რომ დავით სერგეენკომ დაკავებული თანამდებობა დატოვა და ინფორმაცია არ ხმაურდება, სანამ შესაბამის კანდიდატურას არ იპოვნიან. მათივე თქმით, უთანხმოება მმართველ გუნდსა და სერგეენკოს შორის გასულ კვირას თათბირზე დაიწყო, როდესაც მინისტრს უთხრეს, რომ ნაქირავებ ბინებში შესახლებულ დევნილებს მხოლოდ 1 თვის ბინის ქირით უზრუნველყოფდნენ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სერგეენკო თვლის, რომ ახალი მთავრობის სოციალური დაპირებების შესრულება არსებულ ვითარებაში შეუძლებელია და სწორედ ამის გამო ტოვებს თანამდებობას.

ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახურში არ ადასტურებენ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში კი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავენ, რომ მინისტრის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ თუ ინფორმაცია სიმართლეა, ამის გამომწვევი მიზეზი მხოლოდ გამოუცდელობაში და მინისტრების დანიშვნისას ნაუცბათევ გადაწყვეტილებებში უნდა ვეძებოთ.

"რადგან ჯერ ინფორმაცია დადასტურებული არ გვაქვს, შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდები. მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება ნაუცბათევი იყო. აქამდეც ბევრს აღუნიშნავს და გავიმეორებ, მთავრობისთვის არჩევნებში გამარჯვება მოულოდნელი იყო. ისინი მზად არ აღმოჩნდნენ კონკრეტული დარგების მიხედვით მოეძებნათ კადრები. თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მათ პირველი კვირების განმავლობაში სერიოზული პრობლემები ჰქონდათ მინისტრების შერჩევასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევა გამოუცდელობაც".

კაკაჩიას თქმით, არ შეიძლება თანამდებობებზე ადამიანები მხოლოდ იმისთვის დაინიშნონ, რომ საჭიროება მოითხოვს ამას და მათი სამსახურეობრივი ხედვა არ იყოს გათვალისწინებული.

"ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრების სტილი დაიხვეწა, ქვეყანაში დინამიკა შეიცვალა. ის კადრები, რომლებიც გამოცდილებად მიაჩნიათ, რადგან იგივე შევარდნაძის დროს წამყვან თანამდებობებზე მუშაობდნენ, მოძველდნენ და არ მგონია მათ ამ დროში მუშაობას გაუძლონ. დღეს ახალი კადრებია საჭირო. ამასთანავე, როდესაც ადამიანი მინისტრად ინიშნება, აუცილებელია, რომ მას საქმიანობაში რაიმე ხედვა ჰქონდეს. როცა წამყვან თანამდებობაზე მიდიხარ, უნდა იცოდე, რას აკეთებ და რას გააკეთებ. როდესაც ადამიანებს საჭიროების გამო ნიშნავენ თანამდებობებზე, რომ როგორმე კადრები შეავსონ, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მსგავსი სახის პრობლემები წარმოიშობა. ყველა ვერ ზიდავს მინისტრის სახელს, რადგან ეს ტვირთია და პასუხისმგებლობა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კაკაჩია.

შესაძლებელია თუ არა, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებით საზოგადოებაში გაჩნდეს აზრი, რომ პარტიაში განხეთქილებაა და ცუდად იმოქმედოს ახლად არჩეული მმართველი პარტიის რეიტინგზე?

"რეზონანსი" ესაუბრა საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტს არჩილ გამზარდიას, რომელიც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მსგავსი ცვლილებები პოზიტიურ ჭრილში უფრო უნდა განვიხილოთ, ვიდრე უარყოფითში.

"მსგავსი სახის მოვლენები შეგვიძლია დავინახოთ, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური კუთხით. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ კადრების ხშირი ცვლით, წინა ხელისუფლებაც იყო დაკავებული, მაგრამ ისინი არსებულ მინისტრთა კაბინეტს არ სცდებოდნენ. რაც გაცილებით ნეგატიური მაჩვენებელი იყო.

საქართველოს არ აქვს დიდი გამოცდილება იმისა, რომ ასეთ მოკლე ხანში რეალური და სრულყოფილი მინისტრთა კაბინეტი შემდგარიყო. ეს არის მუშა-საწარმოო პროცესი და სწორედ ამაში უნდა ვეძებოთ პოზიტივი.

თუმცა, ამას ჰყავს მოწინააღმდეგეები და ისინი მსგავს ფაქტებს საკმაოდ აქტიურად იყენებენ. მაგალითად, საერთაშორისო ორგანიზაციებში მცდარ ინფორმაციას აწვდიან, რაც შესაბამისად, მათ მიერ მცდარი შეფასების გაკეთებას იწვევს. ასევე, როგორც კი მინისტრი იცვლება, მაშინვე პარტიულ რღვევაზე იწყება საუბარი.

ვთვლი, რომ მინისტრების შეცვლა საკმაოდ კარგია. ეს ნიშნავს, რომ გონივრულად უდგებიან საქმის მართვას", - განმარტავს "რეზონანსთან" საუბრისას გამზარდია.

ზაზა სოფრომაძე, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭოს წევრი და გასულ წლებში სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თუკი ინფორმაცია დადასტურდება, ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა სისტემაში არსებული პრობლემები იყოს.

"საქმის ვითარებაში გარკვეული არ ვარ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ამ სისტემაში მართლაც ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვებული და ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზიც შეიძლება ეს იყოს".

სალომე სიგუა

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა