ბიძინა ივანიშვილი - ტარიფების განახევრება არ გამოვა და როგორც ჩანს, გადაჭარბებულად ვსაუბრობდით

ბიძინა ივანიშვილი - ტარიფების განახევრება არ გამოვა და როგორც ჩანს, გადაჭარბებულად ვსაუბრობდით

ბიძინა ივანიშვილი გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების განახევრებაზე საუბარს გადაჭარბებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ "ეს არ გამოვა".

როგორც პრემიერ-მინისტრმა სასტუმრო "რედისონში" ჟურნალისტებთან შეხვედრისას "ინტერპრესნიუსის" კითხვის პასუხად განაცხადა, ტარიფებთან დაკავშირებული პროცესი გაჭიანურდა, რადგან ახალმა მთავრობამ ფასწარმოქმნაში ბოლომდე გარკვევა ჯერ ვერ მოახერხა.

"ტარიფების განახევრება, რასაც ველოდი, არ გამოვა და როგორც ჩანს, გადაჭარბებულად ვსაუბრობდით. საპარტნიორო ფონდის პრეზიდენტი ირაკლი კოვზანაძე და მისი მოადგილე გიორგი ბაჩიაშვილი ელექტროენერგიასთან დაკავშირებით თურქეთში თურქულ კომპანიას ხვდებიან. გარდაბანში დაგეგმილი იყო თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც 200 მილიონ დოლარზე მეტი ჯდებოდა. ეს "ინტერ რაოესს" უნდა დაეფინანსებინა იმ საინვესტიციო თანხიდან, რომელსაც ელექტროენერგიის 16-თეთრიანი ტარიფი მოიცავდა. 16 თეთრში მოიაზრება საინვესტიციო თანხა, რომელიც აუცილებელია და რომელიც ყოველთვის შედის ტარიფში - ეს არის სისტემის სრულყოფის თანხები. ამ თანხიდან "ინტერ რაოს" უნდა დაეფინანსებინა შესატყვისი მშენებლობა გარდაბანში", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამის მიუხედავად, 50 მილიონი გადახდილია საპარტნიორო ფონდიდან, რომელსაც მშენებლობასთან კავშირი არ აქვს და მთავრობა ცდილობს ამ ხელშეკრულების დარღვევას დანაკარგების გარეშე.

"ტენდერიც გაუგებრად იყო ჩატარებული. ჩვენ გვინდა გავწყვიტოთ ხელშეკრულება და თავიდან გამოვაცხადოთ ტენდერი. შესაძლოა, აშენებასაც ცვლილებები შეეხოს. ამ საკითხებს შევისწავლით. შესყიდვებსა და ტრანზიტებშიც ბევრი კითხვებია. ტარიფი, შეიძლება შევამციროთ, მაგრამ განახევრება არ მოხერხდება. მოვახერხებთ მოსახლეობის მეტ სუბსიდირებას, რომ აქედან მიიღონ შეღავათი. ტარიფების განახევრებაზე უარს ვამბობ", - განაცხადა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა