კახა კალაძე: ჯერ დენი გაიაფდება, შემდეგ - გაზი და საწვავი

კახა კალაძე: ჯერ დენი გაიაფდება, შემდეგ - გაზი და საწვავი

რამდენიმე დღეში, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებას ამცნობს. "ვერსიასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, მინისტრი კონკრეტულ ციფრებს არ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ დენის ტარიფი რამდენიმე თეთრით შემცირდება, რადგან "ინტერ რაოსთან" მოლაპარაკება თითქმის დაასრულა. რის ხარჯზე შემცირდება ელექტროენერგიის ტარიფი, როგორ ხსნის პრემიერ-მინისტრისა და "სოკარის" პრეზიდენტის შეხვედრას, რა იყო "კალა კაპიტალის" კრიზისის მიზეზი, რატომ იყო ენერგეტიკის სამინისტრო მიუწვდომელი და როგორ "აბოლებდნენ" წინა ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებას? "ვერსიის" კითხვებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პასუხობს:

- ტარიფები მართლაც აქტუალური თემაა და საზოგადოება განსაკუთრებით ელოდება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება. გაურკვევლობა, ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით, ტექნიკური შეცდომის გამო წარმოიშვა, როდესაც ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, ტარიფების განახევრებაზე დაუსვა კითხვა. ბატონმა ბიძინამ სიტყვა - განახევრება გაიმეორა და დასძინა, რომ ტარიფების განახევრება წარმოუდგენელი იქნებოდა. ეს მართლაც ასეა, რადგან წინასაარჩევნოდ, მოსახლეობისთვის ტარიფების განახევრების პირობა არ მიგვიცია, ჩვენ ვამბობდით, რომ ტარიფები აუცილებლად შემცირდებოდა და ეს მართლაც ასე იქნება.

ტარიფების შემცირება-არშემცირების თემით უმცირესობა, ანუ "ნაციონალური მოძრაობა" მანიპულირებდა, ჩვენი დანიშვნის დღიდან გამუდმებით გვახსენებდნენ, სად არის თქვენი დანაპირები. სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას" უნდოდა, ხალხში გაურკვევლობა შემოეტანა, მაგრამ მათ ეს არ გამოუვიდათ. ენერგეტიკის მინისტრად ჩემი დანიშვნის პირველივე დღიდან, აქტიურად ჩავერთე ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებულ სამუშაოში, რადგან ეს არის თემა, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. ფაქტობრივად, პროცესი უკვე დასრულებულია, დეტალებს ჯერ არ დავაკონკრეტებ, მაგრამ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში, ბრიფინგს ჩავატარებთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გაიგებს, რამდენით შემცირდება ელექტროენერგიის ტარიფი.

უკვე დავასრულეთ მოლაპარაკება "ინტერ რაოსთან", მაგრამ ახლა დეტალებს ვაზუსტებთ. კონკრეტულ ციფრებზე, თუ რამდენი თეთრით შემცირდება დენის ტარიფი, ახლა არ ვისაუბრებ, მაგრამ დეტალურ ინფორმაციას მხოლოდ მას შემდეგ მოგაწვდით, როდესაც მემორანდუმსა და კონტრაქტებს ხელს მოვაწერთ.

- ბატონო კახა, ესე იგი, "ქართული ოცნება" დანაპირებს შეასრულებს, ანუ დენისა და გაზის ტარიფს გააიაფებს?

- დიახ, პირობას აუცილებლად შევასრულებთ. რაც შეეხება გაზის ტარიფს, მის შემცირებაზეც მუშაობს ჯგუფი, მაგრამ ჯერ ჩამოყალიბებულები არ ვართ. ამ ეტაპზე, მხოლოდ დენის ტარიფის შემცირების თემა დავასრულეთ, მაგრამ მომდევნო ეტაპზე, გაზისა და საწვავის გაიაფებაზეც ვიმუშავებთ. ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და ჩვენს ინტერესებში შედის, ამიტომ დენის შემდეგ გაზი და საწვავი აუცილებლად გაიაფდება.

- სამწუხაროდ, ტარიფის ფორმულა გამჭირვალე არ არის, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) საიტზე დევს საკანონმდებლო აქტები, რის მიხედვითაც ტარიფის გაანგარიშება ხდება, მაგრამ საკმაოდ ბუნდოვანი მუხლებია, რაც ორმაგად იკითხება. თუ არის თქვენთვის ცნობილი ფორმულა, რის მიხედვითაც ტარიფი დგება და რა რესურსი არსებობს მის შესამცირებლად?

- სამუშაო ჯგუფში, რომელიც ტარიფის შემცირების თემაზე მუშაობს, სემეკ-ის "თელასის", "ენერგო პრო ჯორჯიას", ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ენერგეტიკოსები შედიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ, როგორც სამინისტროს, არ შეგვიძლია ერთპიროვნული გადაწყვეტილება მივიღოთ, ან მივუთითოთ კომპანიებს, რომ ტარიფი შეამცირონ. მეტიც, ეს ჩვენი კი არა, მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციაა. რაც შეეხება ტარიფს, ეს დგინდება გენერაციის, გადაცემისა და დისტრიბუციის ხარჯზე. ჩვენი მონაცემებით, ტარიფის შემცირება მხოლოდ და მხოლოდ დისტრიბუციის ხარჯზე იყო შესაძლებელი, რადგან დისტრიბუციის მოგების მარჟა საკმაოდ დიდია ტარიფში, დაახლოებით, 20%-დან 40%-მდე და მისი შემცირება შეგვეძლო. მეტიც, ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო, რადგან ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რომ 2006 წლის შემდეგ, ტარიფისთვის არც კი გადაუხედავთ. სხვათა შორის, წინა ხელისუფლებასაც შეეძლო იმის გაკეთება, რაც ახლა ჩვენ გავაკეთეთ.

- სემეკ-ის ფუნქცია მხოლოდ ის ხომ არ არის, სადისტრიბუციო კომპანიის გადაწყვეტილება დააკმაყოფილოს ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით, ბოლო 15 წლის განმავლობაში, პირადად მე, სემეკ-ის არც ერთი გადაწყვეტილება არ მახსენდება, როდესაც მოსახლეობის ინტერესი გაითვალისწინეს და გაზის, ან დენის ტარიფი შეამცირეს.

- თქვენ ხომ კარგად იცით, რა ქვეყანაში გვიწევდა ცხოვრება. სემეკ-ი ვითომ დამოუკიდებელი იყო, სინამდვილეში კი, იმ მითითებებს ასრულებდა, რასაც ზემოდან უბრძანებდნენ, სხვა არავითარი ფუნქცია სემეკ-ს არ ჰქონია. ჩვენ მართლა გვინდა, რომ ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ნამდვილად დამოუკიდებელი იყოს და არ იღებდეს მითითებას ენერგეტიკის მინისტრის, ან პრემიერ-მინისტრისგან.

- ბატონო კახა, გაუგებარია, რატომ ეახლა პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანული კომპანია "სოკარის" ხელმძღვანელობას, ამას პრესაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მინიშნებები კეთდებოდა ენერგომაფიის გავლენაზე, იმაზეც, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, აბსოლუტურად ყველა ხელშეკრულება, რაც კი "ინტერ რაოსთან", "ინტერასთან", ან თუნდაც "სოკართნ" გვაქვს გაფორმებული, გამჭირვალე არ არის და არც კი ვიცით, რა პირობებია ჩადებული. თქვენ თუ იცით, რა წერია ამ ხელშეკრულებებში?

- გრიფით საიდუმლო იყო ეს ხელშეკრულება. კითხვები, რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში, იმან გამოიწვია, რომ ზოგადად, ენერგეტიკის სამინისტრო მიუწვდომელი იყო. არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა მემორანდუმებთან, ჰესების მშენებლობასა და სხვადასხვა კონტრაქტებთან დაკავშირებით. ტარიფების თემაც კი ტაბუდადებული იყო და არანაირი განმარტებები არ კეთდებოდა. საზოგადოების ამგვარი ინტერესი კი აბსოლუტურად ნორმალურად მიმაჩნია და მეც ზუსტად ასეთი რეაქცია მექნებოდა, რადგან როდესაც რაღაცას მიმალავენ, სრულიად ბუნებრივად მიჩნდება კითხვები. პირველი, რაც სამინისტროში მოსვლის დღიდან გავაკეთეთ, ეს არის მეტი გამჭირვალობა. ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს პროექტები, რომელსაც განვახორციელებთ და პირობას გაძლევთ, ენერგეტიკის სამინისტროში არავითარი დამალული და ტაბუდადებული თემა აღარ იქნება.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ შეხვედრას, ეს იყო ბატონი ბიძინას გაცნობით შეხვედრა "სოკარის" ხელმძღვანელთან, როვნაგ აბდულაევთან, სადაც სამომავლო გეგმებზე არ გვისაუბრია. აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და ორ ქვეყანას შორის ნორმალურ, თბილ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

- როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ენერგეტიკის მინისტრად წარგადგინათ, კითხვა გაჩნდა - რატომ, კალაძე? არ დაგიმალავთ, მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ შემდეგ თქვენი დაფუძნებული "კალა კაპიტალი" გამახსენდა, რომლის ერთ-ერთი, მთავარი მიმართულება ენერგეტიკული პროექტები იყო, საბანკო სფეროსა და დეველოპმენტთან ერთად. "კალა კაპიტალზე" ცალკე გკითხავთ, მაგრამ კონკრეტულად, რა ენერგეტიკული პროექტები განახორციელა ამ კომპანიის მფლობელობაში არსებულმა სააქციო საზოგადოება "საქჰიდრომშენმა"?

- ენერგეტიკის დარგში, "კალა კაპიტალს", პრაქტიკულად, არაფერი გაუკეთებია. სამწუხაროდ, 2008 წელს ომი დაიწყო, აგვისტოს ომს კი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა და ყველაფერი გაჩერდა. რაც შეეხება "საქჰიმდრომშენს", ჩემი წილი ამ კომპანიაში 45% იყო. სხვათა შორის, როგორც კი ენერგეტიკის მინისტრად წარმადგინეს, ჭორებიც კი მოიგონეს, თითქოს "საქჰიდრომშენი" რამდენიმე ჰესს ფლობდა. ბევრი სისულელე ითქვა, მაგრამ სინამდვილეში, "საქჰიდრომშენი" სამშენებლო კომპანია იყო, რომელიც ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებდა. მას შემდეგ, რაც ამ თანამდებობაზე წარმადგინეს, ამ კომპანიაში და ზოგადად, ყველა კომპანიაში, ჩემი წილები გავყიდე.

- ფინანსურმა კრიზისმა სამშენებლო და საბანკო სფეროს დაარტყა და ეს სრულიად საკმარისი მიზეზი იქნებოდა, 2008 წლის აგვისტოს ომზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მაგრამ მაინც რა იყო "კალა კაპიტალის" კრიზისის მიზეზი? იმიტომ გეკითხებით, რომ ამ ჰოლდინგის მენეჯმენტს ზურაბ ნოღაიდელი მართავდა, კომპანიას კი ჯარიმები დაუგროვდა, რის გამოც 1 000 000 ლარის საურავი დაარიცხეს.

- დიახ, ზურაბ ნოღაიდელი ამ კომპანიას მართავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენი ბიზნეს-ურთიერთობა შეწყდა. რაც შეეხება ჯარიმას, ეს აბსურდია, არავითარი ჯარიმა არ დაგვიგროვებია, ეს იყო შავი პიარი, რომელიც დაშინების მიზნით ააგორეს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. არსენალის მთაზე საკმაოდ დიდი, სამშენებლო პროექტი უნდა განგვეხორციელებინა, რომელიც დაახლოებით, 1 500 000 000 აშშ დოლარი ჯდებოდა, მაგრამ კომპანიის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ომი და ფინანსური კრიზისი იყო.

თუმცა, ყველაზე საინტერესო ის იყო, რაც რამდენიმე ხნის შემდეგ, სრულიად შემთხვევით გავიგეთ: 80 ჰექტარი მიწა, რომელიც "კალა კაპიტალმა" არსენალის მთაზე შეისყიდა და რაშიც წინასწარ დაახლოებით 19 000 000 აშშ დოლარი გადავიხადეთ, აღმოჩნდა, რომ ამ მიწის 16 ჰექტარი საპატრიარქოს საკუთრებაში ყოფილა. ეს ყველაფერი ჩვენთვის დიდი სიურპრიზი და მოულოდნელობა იყო და დავიწყეთ მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროსთან. სხვათა შორის, შეგვეძლო, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში გაგვესაჩივრებინა და საქართველოს, როგორც ქვეყანას, ძალიან დიდი თანხის გადახდა მოუწევდა, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ.

შემდეგ, როდესაც პოლიტიკაში ჩავერთე, ამ პროექტიდან და კომპანიიდანაც საერთოდ წამოვედი, ჩემი პარტნიორები, რომლებიც ახლა "კალა კაპიტალს" მართავენ, ამ პროცესში ახლაც ჩართულები არიან, მაგრამ დეტალური ინფორმაცია არ მაქვს.

- უკაცრავად, ეკონომიკის სამინისტრომ "კალა კაპიტალს" საპატრიარქოს კუთვნილი მიწა მიყიდა და კომპენსაციაც კი არ გადაიხადა?

- დიახ და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ყველაფერი თვითონაც არ იცოდნენ. როგორც გითხარით, ჩვენც შემთხვევით გავიგეთ, საპატრიარქომ მოგვმართა წერილობით და გვთხოვა, ჰქონდათ თუ არა უფლება, ამ მიწაზე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დაეწყოთ. არ დაგიმალავთ, როდესაც წერილი მივიღეთ, გავგიჟდით, ვერ მივხვდით, არსენალის მთასთან საპატრიარქო რა შუაში იყო. რას ვიზამდით, ეკლესიის წინააღმდეგ ხომ არ დავიწყებდით ბრძოლას? რაც შეეხება კომპენსაციას, როგორც ვიცი, ახალ ხელისუფლებასთან ამ თემაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა, მაგრამ იმედი მაქვს, ეს პროცესი ნორმალურად დასრულდება.

- თქვენი წინამორბედი ალეკო ხეთაგური "იტერას" ხელმძღვანელია, როგორ ფიქრობთ, ეს პრობლემას არ შეგიქმნით?

- არა, "იტერა" უკვე აზერბაიჯანულმა "სოკარმა" იყიდა...

- და ეს ფაქტი გამშვიდებთ, ხომ?

- დიახ (იცინის). "სოკარს" რაც შეეხება, ეს კერძო კომპანიაა და მათი გადასაწყვეტია, ვის დანიშნავენ ამა თუ იმ თანამდებობაზე. ჩვენ ვერ მივუთითებთ და ვერც მათ საქმიანობაში ჩავერევით. ეს არ არის ენერგეტიკის სამინისტროს გადასაწყვეტი თემა, მაგრამ "იტერაში" ალეკო ხეთაგურის დანიშვნის გამო, პრობლემას ვერ ვხედავ.

- ბატონო კახა, ზურაბ ნოღაიდელზე არაფერს გკითხავთ, მაგრამ თქვენ და რატი სამყურაშვილის ურთიერთობა კი ძალიან მაინტერესებს, ის ხომ "ნაციონალური მოძრაობის" საკმაოდ ცნობილი სახე იყო, თქვენ კი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ეს ფაქტი უხერხულობას არ გიქმნიდათ ურთიერთობაში?

- არა, ნამდვილად არ მიქმნიდა, რადგან როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვხვდებოდით, პოლიტიკაზე არ ვსაუბრობდით. მართალია, მე და რატის განსხვავებული შეხედულებები გვქონდა, მაგრამ ბოლო დროს, არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რატისაც სულ სხვა შეხედულება გაუჩნდა და ისე აღარ აქტიურობდა. მე და რატი ნათესავები ვართ, ძალიან დიდი ხანია ვმეგობრობთ, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც არცერთ ჩვენგანს პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონდა. ზოგადად, თანამდებობის და პოლიტიკური შეხედულებების გამო, მეგობრებს არ ვირჩევ. რაც შეეხება ზურაბ ნოღაიდელს, მასთან ყოველთვის ნორმალური ურთიერთობა მქონდა. ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობდით იქამდეც, ვიდრე პრემიერ-მინისტრი გახდებოდა და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

- ბოლო დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინვესტორები ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობას გაურბიან, არადა ინვესტიციები სწორედ ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჭარბობდა. მართლა საგანგაშო სიტუაციაა?

- არა, ნამდვილად არ არის საგანგაშო სიგნალი. ყველაფერი დამოკიდებულია იმ ცვლილებებზე, რაც ქვეყანაში მოხდა და ეს ნორმალურია. პირიქით, ძალიან დიდი ინვესტიციები განხორციელდება ქვეყანაში, მათ შორის ენერგეტიკის მიმართულებით. მართალია, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საქართველოში უამრავი ინვესტორი შემოვიყვანეთ, რომლებიც ჰესებს აშენებენ, მაგრამ სინამდვილეში, ეს ყველაფერი ბოლი იყო.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები თავს იწონებდნენ, რომ 15 ჰესზე მშენებლობაა დაწყებული, 30 ჰესზე კი მემორანდუმი გაფორმდა, რაც დიდი ტყუილია. სულ 3-4 ჰესია, სადაც რეალურად, სამუშაოებია დაწყებული, დანარჩენ ჰესებზე კი მხოლოდ მემორანდუმებია გაფორმებული. ჯერ ტექნიკურ-ეკონომიკური ხედები უნდა დადონ და ამის შემდეგ განხორციელდება ინვესტიციები. ცხადია, ყველა ეს პროექტი დასრულდება, მაგრამ ახლა ვსწავლობთ თითოეულ კონტრაქტს და მემორანდუმს, რომლებშიც სულ სხვადასხვა ხედვებია, რაც ჩემთვის გაურკვეველია.

არის მემორანდუმი, რომელშიც ჯარიმებია ჩადებული, სხვა მემორანდუმში საერთოდ არ არის ჯარიმა გათვალისწინებული, მითითებულიც კი არ არის ჰესის მშენებლობის დაწყების, დასრულების და ექსპლუატაციაში გაშვების ვადები. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ამ პროექტებთან მიმართებაში, მეგობრულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

- "თელასის" გაფიცულ მუშებთან დაკავშირებით, რა ვითარებაა ახლა?

- მართალია, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედიოდა, მაგრამ ამ პროცესში მაინც ჩავერთეთ, რადგან ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, რომ "თელასის" გაფიცული მუშები გაგახსენდათ, რადგან ისე დაივიწყეს ეს თემა, თითქოს არაფერი მომხდარა. ყველაფერი პოზიტიურად დასრულდა, ამიტომ ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რადგან ბევრი ადამიანი დაუბრუნდა თავის სამუშაო ადგილს, თუმცა პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ეს ადამიანები სამუშაო ადგილებს დაბრუნებოდნენ, ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება მათი პროფესიონალიზმის გათვალისწინებით მიეღო და არა პოლიტიკური შეხედულებებით.

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა