პრეზიდენტი "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონს, არსებული რედაქციით დამტკიცების შემთხვევაში, ვეტოს დაადებს

პრეზიდენტი "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონს, არსებული რედაქციით დამტკიცების შემთხვევაში, ვეტოს დაადებს

საქართველოს პრეზიდენტი "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონს, არსებული რედაქციით დამტკიცების შემთხვევაში, ვეტოს დაადებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, კანონი ქვეყანას ან ახალ პერსპექტივებს გაუხსნის ან დიდ პრობლემებს შეუქმნის.

"თუ თქვენი აზრი არ იქნება გათვალისწინებული, პრეზიდენტს აქვს ვეტოს უფლება. არა მგონია, ამ ვეტოს გადალახვის რესურსი არსებობდეს, რადგან უმრავლესობაშიც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა", - მიმართა პრეზიდენტმა სტუდენტებს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, განათლებაზე ფართო პოლიტიკური განცხადებების კეთებას არ აპირებს, რადგან ეს არ არის პარტიული თემა და განათლების ხვალინდელი მდგომარეობა ყველას აღელვებს. პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო განათლების, ცოდნის, განვითარების, ინტელექტისა და პროგრესის ცენტრი უნდა გახდეს.

"ეს არის ჩვენი ერთადერთი შანსი. თქვენ ხართ ჩვენი მომავლის მთავარი წარმომადგენლები. სადაც განათლება და პროგრესია, იქ არის თავისუფლება. ყველაფერზე კრიტიკული თვალით შეხედვა გვჭირდება. ნებისმიერი მთავრობა, თუ ის გრძელვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული, არ შეიძლება, განათლებას ეწინააღმდეგებოდეს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა პოსტსაბჭოთა ქვეყნების უნივერსიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითქმის ყველა მათგანში "საბჭოთა კავშირის სუნი" იგრძნობა. "ცა და დედამიწაა, რასაც მიაღწია საქართველომ განათლებაში იმასთან შედარებით, რაც იქ ხდება. იმ ქვეყნებში პირველი ნაბიჯიდანვე საბჭოთა კავშირში ბრუნდები - პროფესორებით, პროგრამებით, სტუდენტების და პროფესორების დამოკიდებულებით. ეგრევე შეგიძლია საბჭოთა კავშირის სუნი იგრძნო იმ ჩამყაყებულ შენობებში. ძალიან ცუდი სუნი აქვს საბჭოთა კავშირს, აღარ გვინდა, უნდა გავანიავოთ. ბოლო პერიოდში ვანიავებთ, რომ გაუვიდეს საბჭოთა შმორის სუნი ჩვენს უნივერსიტეტებს. ის იყო, გავანიავეთ, უნდა მოგვეხურა ფანჯრები და კლიმატკონტროლზე გადაგვეყვანა, თავზე დაგვატეხეს ეს კანონი. უნივერსიტეტი ვეღარ გადაწყვეტს, ვის რამდენ ხელფასს გადაუხდის. ვიღაც ბიძია ჩინოვნიკი სამინისტროში, რომელიც გაბრაზებულია იმის გამო, რომ თავის დროზე გააგდეს ან მისი შვილი არ მიიღეს, დაწერს, რა ხელფასი უნდა ჰქონდეს ყველა მასწავლებელს ან პროფესორს",- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ამგვარი ცვლილებებით მტერს გამარჯვების საშუალება არ უნდა მისცეს. "ჩვენ კუთხეში დასაყენებლები არ ვართ. ჩვენი დამპყრობელი ჩასაფრებულია და ერთი სული აქვს, როდის აღარ იქნება საქართველო მნიშვნელოვანი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ გადაგვყლაპოს და მოგვინელოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა