მიხეილ სააკაშვილი - რუსეთიდან წარმატებით ფულის გატანა მხოლოდ რომან აბრამოვიჩმა და ბიძინა ივანიშვილმა შეძლეს

მიხეილ სააკაშვილი - რუსეთიდან წარმატებით ფულის გატანა მხოლოდ რომან აბრამოვიჩმა და ბიძინა ივანიშვილმა შეძლეს

ბოლო წლებში რუსეთიდან წარმატებით ფულის გატანა მხოლოდ ორმა ადამიანმა მოახერხა – რომან აბრამოვიჩმა და ბიძინა ივანიშვილმა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა იაროსლავ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აბრამოვიჩი პუტინის ჩვეულებრივი მოლარეა, ივანიშვილს კი რუსეთმა არჩევნებისთვის 2 მილიარდი გადაუხადა.

"ყველა მიხვდა, რომ პიროვნების პრობლემა არაფერ შუაში იყო. შევარდნაძე ზუსტად ისევე ეზიზღებოდა რუსეთს, როგორც - მე. შევარდნაძისგან განსხვავებული ფიგურა იყო გამსახურდია, თუმცა ისიც მტრად აღიქმებოდა რუსეთის მიერ. რაც შეეხება ივანიშვილს. მარტო ორმა ადამიანმა გამოიტანა ფული ბოლო წლებში რუსეთიდან წარმატებით, ეს არის პუტინის ჩვეულებრივი მოლარე აბრამოვიჩი და ბიძინა ივანიშვილი. ეს ფაქტია და ჩემი პროვოკაცია არ არის. ბიძინა ივანიშვილს 2 მილიარდი დოლარი გადაუხადეს არჩევნების წინ. ხო მაინც არ ჩათვალა რუსეთმა, რომ უნდა გაუგოროს კოჭი, რადგან რუსეთს აქვს თავისი გეგმები. რუსეთმა პირიქით ჩათვალა, რომ 2 მილიარდი რომ გვაქვს მიცემული, საქართველომ იქით უნდა დაუთმოს ყველაფერი. როცა აქვს მოცემული, ელოდება, რომ შენც რამეს მისცემ და არ ელოდება იმას, რომ აღშფოთებას გამოხატავ. ყველაფერი ლოგიკურია. მე მზად ვარ, მიუხედავად ამ 2 მილიარდისა, მიუხედავად პუტინის საჯაროდ გაცხადებული დავალებისა, რომ ჩამოვშორდე პოლიტიკისა, ვიმუშაო საქართველოს მთავრობასთან ერთად", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები, კერძოდ 18 სექტემბრიდან საჩხერის რაიონის სოფელ პერევის ტერიტორიაზე გადაადგილების გამკაცრება და წითელუბნიდან საქართველოს მოქალაქის გატაცება, გასაკვირი არ არის.

"ეს ქმედებები გასაკვირი არ არის. თუ ვინმეს ეგონა, რომ პუტინს რაიმე შეურაცხყოფა მივაყენე - ომამდე შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეს გარდა მასთან სხვა ენით მე არ მილაპარაკია. ომის შემდეგ ოკუპანტისთვის ენის მოჩლექვა და ფეხების დაკოცნა, არ არის ღირსების საქციელი. ომამდე შესაძლებელი იყო, ვყოფილიყავით ზედმეტად დიპლომატიური, რათა ომი თავიდან აგვეცილებინა. ახლა ხშირად ატრიალებენ კადრებს - სააკაშვილი პუტინზე კარგად ლაპარაკობს 2005-შიო. რა თქმა უნდა ვილაპარაკებდი - ომი არ ყოფილა ოფიციალურად ამ დროს. რა თქმა უნდა რუსეთი ჩადიოდა ყველაფერს საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ მას ეს არასდროს ოფიციალურად არ გაუცხადებია და სანამ ეს ზღვარი იყო გადალახული, ყველაფერი უნდა გვექნა, რომ ეს ზღვარი არ გადალახულიყო. როდესაც დღეს, შენი ქვეყნის ოკუპანტზე ლაპარაკობ, რომ პუტინი არის კარგი კაცი, მას ქართველებისთვის სიკეთე უნდა, თვალებში ცრემლები ადგება, როდესაც საქართველოს ახსენებ და ასე შემდეგ, ეს ძალიან გავს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, საქართველოს შემადგენელ სამარცხვინო ნაწილს, რასაც ქართულ ენაზე ქვია ღალატი. სხვა განმარტება, როდესაც ამას ჩადიხარ შენი ქვეყნის თავისუფლების მტერთან, არ არსებობს. მე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ შორს დაიჭირონ თავი ამ ღალატისგან. საქართველო აუცილებლად გამოვა ამ სიტუაციიდან და აუცილებლად გადარჩება. ახლა არის კრიტიკული მომენტი იმისთვის, რომ რაღაც ისეთი არ დავკარგოთ, რასაც ვერ დავიბრუნებთ. ერთ-ერთი ასეთი არის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა