მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გენერალ მაზნიაშვილს, გრიგოლ ფერაძეს, ამბროსი ხელაიას, მიხაკო წერეთელს, ექვთიმე თაყაიშვილს, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განცხადება სოფელ ქვემო ალვანში გააკეთა.

"ყველა ეპოქას ჰყავდა გმირები. დღეს მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო გენერალ მაზნიაშვილს – მან შეკრიბა ის ქართველები, რომლებიც მზად იყვნენ ბოლო წუთამდე საბრძოლველად. რა თქმა უნდა, იმ წუთში გენერალი მაზნიაშვილი იყო საქართველო. მივიღე გადაწყვეტილება ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო გრიგოლ ფერაძეს, - ის იყო თეოლოგიის დოქტორი, მღვდელი, მან ჩაანაცვლა გაზის კამერაში პოლონური ოჯახი - პოლონელი ბავშვი. იმ წუთში ის იყო საქართველო და სხვანაირად არ შეიძლებოდა მოქცეულიყო. მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო ძალიან დიდ პატრიარქს ამბროსი ხელაიას, რომელიც იყო მეტეხის ციხეში და ემუქრებოდა გარდაუვალი სიკვდილი. თავისი საკნიდან მოითხოვა საქართველოს დამოუკიდებლობა. იმ წუთში ამბროსი ხელაია არ იყო მხოლოდ ცალკე აღებული ქართველი, ის იყო საქართველო, რომელიც არასდროს დაუჩოქებდა რუსებს. მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო მიხაკო წერეთელს, რომელიც ქართული ეროვნული იდეის მატარებელი იყო მაშინ, როცა, პრაქტიკულად, ეროვნული იდეა გამქრალი იყო. მე ვამაყობ არა მხოლოდ იმით, რომ ის ჩემი წინაპარი იყო, არამედ იმით, რომ ის ქართველი იყო. მე მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო ექვთიმე თაყაიშვილს, მან შიმშილის ფასად შეინახა საქართველოს ეროვნული განძი. მის ადგილზე ამ განძს სხვა გაყიდდა და საჭმელს მაინც შეჭამდა, მაგრამ ის იყო საქართველო. მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას – როცა არავის ახსოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა, ზვიად გამსახურდია იყო ის, ვინც იყო ამ ეროვნული ჩირაღდნის მატარებელი. ის იყო მაშინდელი საქართველოს სიმბოლო, 90-იანი წლების დასაწყისის. მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს მერაბ კოსტავასაც, რომელიც ზვიად გამსახურდიასთან ერთად იყო ამ იდეის მატარებელი - ის ერთი წამით არ შეტოკებულა, ერთი წამით არ დათანხმებია არანაირ თანამშრომლობას მჩაგვრელებთან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა ქვემო ალვანში აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გიორგი ანწუხელიძეზეც ისაუბრა და სოფელში მისი მემორიალი გახსნა.

"ყველა ეპოქას აქვს თავისი სიმბოლო. მე დავიბადე და გავიზარდე არათავისუფალ საქართველოში. არათავისუფალი საქართველოს სიმბოლო იყო ვაჟა-ფშაველას "არწივი" – გიორგი აწუხელიძეზეა ეს ლექსი. როდესაც გიორგი ანწუხელიძე საქართველოში მერამდენედ შემოსულმა დამპყრობელმა ტყვედ აიყვანა, ტელეკამერების წინ დააყენეს და უთხრეს - თუ გინდა გადარჩე, დაიმცირე თავი, აკოცე ჩვენს ჩექმებს, შეაგინე საქართველოს პრეზიდენტს და მაშინ იქნები ცოცხალიო. ეს არის დიდი არჩევანი. მე რომ გიორგის გვერდზე ვყოფილიყავი, ვეტყოდი, რამდენიც გინდა, მაგინე, თუ ეს გადაარჩენდა მის სიცოცხლეს, მაგრამ იმ წუთში ის იყო საქართველო და საქართველო არ დაიჩოქებს, არ აულოკავს დამპყრობელს ჩექმებს. იმ წუთში ის იყო ქართველობის მთავარი სიმბოლო და გამოხატულება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა