კანონი, რომელზეც ღარიბაშვილი მინისტრებს გაუბრაზდა, პარლამენტში მისივე ხელმოწერით არის წარდგენილი

კანონი, რომელზეც ღარიბაშვილი მინისტრებს გაუბრაზდა, პარლამენტში მისივე ხელმოწერით არის წარდგენილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაბრაზება და გაკვირვება იმ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოხატა, რომელიც პარლამენტში მისივე ხელმოწერით არის წარდგენილი. შეიძლება ითქვას, რომ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე დღეს სულ ტყუილად დაიტუქსნენ.

"თემა მოვისმინე, თითქოს "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები შედისო... რა ცვლილებები შედის? რა ხდება? გამჭირვალობა მოუთხოვიათ, თუ რაღაც", - ამ კითხვაზე პასუხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ღარიბაშვილი მინისტრებისგან იმ კანონპროექტთან დაკავშირებით ითხოვდა, რომელიც პარლამენტს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით 12 დეკემბერს გადაუგზავნა. კანონპროექტზე თანდართული დოკუმენტებიდან კი ირკვევა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობას თავის დროზე მოწონებული აქვს.

როგორც წესი, საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში შედის არა კონკრეტული სამინისტრო, არამედ მთავრობა და ვერც ხადურის და ვერც დარახველიძის უწყება ამას მთავრობის გვერდის ავლით და მისი თანხმობის გარეშე ვერ გააკეთებდა.

ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება საინტერესო იყო "საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების არსობრივი ნაწილის კრიტიკის კუთხითაც. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, უწყებას, რომელსაც ინფორმაცია სჭირდება, ფინანსთა სამინისტრომ უნდა მიაწოდოს. არადა, საუბარია საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, რომელზეც წვდომა, მოქმედი კანონის გათვალისწინებით, შეზღუდულ პირთა წრეს აქვს და ისიც მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში.

"რა, არ აძლევთ ინფორმაციას, თუ რა ხდება?! ამისთვის კანონი უნდა შეცვალოთ, თუ რა ხდება?! ვისაც სჭირდებათ, მიაწოდეთ ინფორმაცია და თუ არ სჭირდებათ, ნუ მიაწვდით!... ერთმანეთს შეუთანხდით ხოლმე და მერე გააკეთეთ კანონპროექტის ინიცირება, ვისაც არ ეზარება, კანონპროექტის ცვლილებას აკეთებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

საქმე ის არის, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა გადასახადის გადამხდელის სტატუსისა, სახელწოდებისა, მისამართისა, საიდენტიფიკაციო ნომრისა, საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციისა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაციისა, საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება. საგადასახადო ორგანო და მისი თანამშრომელი ვალდებულია, გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება დაიცვას. ამასთან, კანონი ადგენს იმ გამონაკლის პირთა წრეს, ვისთვისაც შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში ასეთი ინფორმაციის მიწოდება. მაგალითად, მოქმედი კანონის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრებს - ამ პირთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს - მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, სასამართლოს - სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების ან პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს - "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში და ასე შემდეგ. იმ სუბიექტთა წრე კი, რომელსაც შეიძლება საგადასახადო საიდუმლოებასთან წვდომა ჰქონდეს, დღეს საკმაოდ შეზღუდულია.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, ეს წრე ფართოვდება და საგადასახადო საიდუმლოებასთან დაკავშირებული მუხლი მთლიანად ახალი რედაქციით ყალიბდება.

როგორც კანონპროექტით ირკვევა, საგადასახდო ორგანოს უფლება ეძლევა გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების, ან გადასახადის გადამხდელის თანხმობის გარეშე გადასცეს მთავრობას, ყველა სამინისტროს, სამართალდამცავ ორგანოს, სახალხო დამცველს და მთელ რიგ სუბიექტებს, რაც პროექტის მიხედვით, "კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისთვის" შეიძლება მოხდეს.

საგადასახადო საიდუმლოებაზე წვდომის უფლების მქონე სუბიექტთა წრის გაფართოების და სამინისტროებისთვის ამ შესაძლებლობის მიცემის ინიციატორი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროა. როგორც უწყების პირველი პირისგან გახდა ცნობილი, თავის მხრივ, მათ საგადასახადო ორგანოსგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმის დაზუსტება სურთ, რა შემოსავალი აქვთ კონკრეტულ დევნილებს და ვინ შეიძლება იყოს დევნილთა შემწეობის მიმღები და ვინ - არა.

თუკი ნოდარ ხადური პრემიერ-მინისტრს დაუჯერებს და ასეთ ინფორმაციას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადასცემს, ამით მოქმედ კანონს დაარღვევს.

ნათია ინაური, Ambebi.ge

ასევე იხილეთ: ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრები დატუქსა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა