რა ბედი ელოდა საქართველოს ჰიტლერის გამარჯვების შემთხვევაში

რა ბედი ელოდა საქართველოს ჰიტლერის გამარჯვების შემთხვევაში

რუსული ინტერნეტ-გამოცემა ttolk.ru მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის დროშით მებრძოლ ქართველებზე სტატიას აქვეყნებს. როგორც ცნობილია, ქართველი ემიგრანტები, გერმანიისგან დამოუკიდებლობის მიღების იმედად, მეორე მსოფლიო ომის დროს მათ მხარეს იბრძოდნენ.

როგორც გამოცემა წერს, დიდი სამამულო ომის დროს გერმანიის მხარეს დაახლოებით 100 000 კავკასიელი იბრძოდა. "გერმანელები მზად იყვნენ, ყველა კავკასიური სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლობა მიეცათ", - წერს საიტი.

"კავკასიის ემიგრაციამ 1930-იან წლებში შექმნა ქმედითი პოლიტიკური სტრუქტურები. ამასთან, ძირითად ორგანიზატორებად ქართველები გამოდიოდნენ. 1934 წლის ივნისში ბრიუსელში საქართველოს, აზერბაიჯანის და ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს "კავკასიის კონფედერაციის პაქტს" და აირჩიეს ხელმძღვანელი საბჭო. 1930-იანი წლების ბოლოს კავკასიელებმა ფსონი გერმანიაზე დადეს. შემხვედრი ნაბიჯი გადადგა გერმანიამაც. 1938 წელს ბერლინში შეიქმნა "კავკასიის ემიგრაციის საქმეთა სამმართველო", ხოლო 1939 წელს რომში გაიმართა ბერლინის, პრაღის და ვარშავის ქართული ორგანიზაციების სხდომა, რომელზეც მიიღეს "საქართველოს ეროვნული კომიტეტის" დაარსების გადაწყვეტილება.

საბჭოთა კავშირთან ომის დაწყების შემდეგ, ქართულმა ემიგრაციამ დაიწყო შეიარაღებული გაერთიანების ფორმირება.  ამასთან, ქართული ლეგიონის ჩამოყალიბებაში წამყვანი როლი ითამაშა არა გერმანულმა ვერმახტმა, არამედ ქართულმა ემიგრაციამ. ვერმახტის ქართული ლეგიონის ჩამოყალიბებას სათავეში ჩაუდგა დამოუკიდებელი საქართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, თბილისის ყოფილი გენერალ-გუბერნატორი შალვა მაღლაკელიძე.

უკვე 1942 წლის დასაწყისში ქართულ ლეგიონში თითქმის 20 000 მებრძოლი, მათ შორის 3 000 ქართველი ემიგრანტი იყო.  ცალკე შეიძლება  აღინიშნოს განსაკუთრებული დანიშნულების კავკასიური ბატალიონი "ბერგმანი", რომლის დანიშნულება მთიან რელიეფზე საბრძოლო მოქმედებების წარმოება იყო. მის შემადგენლობაში შედიოდა 700 ტყვედ ჩავარდნილი ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი და ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლი. გარდა ამისა, "ბერგმანის" შემადგენლობაში შედიოდა 130 ქართველი ემიგრანტი (ძირითადად ფრანგული და პოლონური არმიის ყოფილი ჯარისკაცები) და 300 გერმანელი. 

მთლიანობაში, კავკასიის ხალხებიდან ჰიტლერის მხარეს იბრძოდა:

ქვეითი ჯარის ბატალიონში - 11 000 სომეხი, 13 600 აზერბაიჯანელი, 14 000 ქართვველი და 10 100 ჩრდილოკავკასიელი (სულ 48 700 კაცი).

სამშენებლო და ლოჯისტიკის ნაწილებში - 7 000 სომეხი, 4 795 აზერბაიჯანელი, 6 800 ქართველი და 3 000 ჩრდილოკავკასიელი.

გერმანიის ნაწილებში კავკასიელების საერთო რაოდენობა იყო 102 295 ადამიანი",- წერს რუსული გამოცემა.

რა ელოდა საქართველოს ჰიტლერის გამარჯვების შემთხვევაში?

როგორც გამოცემა წერს, გერმანიის ხელისუფლებას არ ჰქონდა საბჭოთა კავშირის მიწების სამომავლო მოწყობის საერთო გეგმა. გერმანიის თითოეულ უწყებას ჰქონდა თავისი ცალკეული ვერსიები. იგივე იყო საქართველოსთან მიმართებაშიც.

"მაგალითად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა თავისი ხედვა კავკასიის ომის შემდგომი მოწყობისა. მისი ავტორი იყო ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი. პირველ მსოფლიო ომამდე ის თბილისში გერმანიის ვიცე-კონსული იყო... ის კარგად იცნობდა კავკასიას.

შულენბურგი მხარს უჭერდა მოსაზრებას, რომ სსრკ-ს ყველა დამორჩილებულ ქვეყანასთან მიმართებაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის მიმართულებას შეზღუდული როლი უნდა ჰქონოდა, მთავარი როლი უნდა ეთამაშა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი რიბენტროპი შულენბურგის იდეას ემხრობოდა", - აღნიშნულია საიტზე.

ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ომისშემდგომი მოწყობის შესახებ შულენბერგის იდეის აღწერა დატოვა შულენბურგის დამხმარემ - ჰანს ფონ ჰერვარტმა:

"შულენბურგს სურდა, რუსების და უკრაინელებისთვის თვითგამორკვევის უფლება მიეცათ. ის დარწმუნებული იყო, რომ საბჭოთა კავშირზე გამარჯვება მხოლოდ რუსებისვე ხელით შეიძლებოდა. საბრძოლო მოქმედებები უნდა გადასულიყო სამოქალაქო ომში.

თავდაპირველად გერმანიამ ხელი უნდა შეუწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თვითმმართველობის შექმნას. რასაც უნდა მოჰყვეს  რუსული ანტისაბჭოთა ხელისუფლების შექმნა.  ამის შემდეგ მხარი უნდა დაეჭიროს ნაციონალური უმცირესობების მთავრობების ჩამოყალიბებას.  აღნიშნული მთავრობები გერმანიამ უნდა აღიაროს, როგორც მოკავშირეები. მათ შორის უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სომხეთი და საქართველო. გერმანიის ეგიდით და თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს ამ მთავრობების ევროპულ გაერთიანებაში შესვლა", - ნათქვამია საიტზე.

მიუხედავად აღნიშნულისა, არსებობს საპირისპირო პოზიციაც, რომ გერმანია რეალურად საქართველოსთვის არაფრის გაკეთებას არ აპირებდა.

ლაშა ბაქრაძე, რომელიც გერმანიაში სწავლობდა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, რადიო "თავისუფლებასთან" საუბრისას აღნიშნავს:  "გერმანელებს არანაირი დაპირებები ქართველებისა და კავკასიელებისთვის არ მიუციათ. ქართული სამეკავშირეო შტაბი, როგორც საქართველოს წარმომადგენლობა, მათ აღიარეს 1945 წლის 17 მარტს, როცა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ქართველები მთელი ორი წლის მანძილზე ითხოვნენ ამას."

რაც შეეხება შალვა მაღლაკელიძეს, მან საქართველო 1921 წელს, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ დატოვა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ,  ომის პერიოდში მაღლაკელიძე ნაცისტების ჯარში მსახურობდა და ვერმახტის ქართულ ლეგიონს მეთაურობდა, რომელიც ქართველ პატრიოტთა მიერ ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირთან საბრძოლველად და საქართველოს დამოუკიდებლობის მისაღწევად. 1944 წელს მაღლაკელიძეს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დასავლეთ გერმანიაში. 1949-54 წლებში კონრად ადენაუერის სამხედრო მრჩევლად მსახურობდა. 1954 წელს საბჭოთა სუკ-ის აგენტებმა შეიპყრეს. გარდაიცვალა 83 წლისა.

ასევე იხილეთ: ცნობილი დისიდენტის მოგონებები ვერმახტის გენერალ შალვა მაღლაკელიძეზე

მომზადებულია ttolk.ru-ს მიხედვით.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"პარტიას თუ დავაარსებ, "სიტყვა და საქმე" მინდა დავარქვა" - რას წერს სალომე სამადაშვილი ენმ-დან ოფიციალურად წასვლის შემდეგ?

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"