მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებული გენერალების პირველი განცხადება სკანდალურ ვიდეოსთან დაკავშირებით

მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებული გენერალების პირველი განცხადება სკანდალურ ვიდეოსთან დაკავშირებით

გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ ვანო მერაბიშვილს პირდაპირ ლიკვიდაციის ბრძანება ჰქონდა გაცემული, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებულებმა, გენერალმა კობა კობალაძემ, მაიორმა ლევან ამირიძემ და პოლკოვნიკმა კობა ოთანაძემ განაცხადეს.

მათი განცხადებით, გია კრიალაშვილის მკვლელობის, ასევე ოთანაძისა და ამირიძის ჩაცხრილვის გამოსაძიებლად განცხადება პროკურატურაში უკვე შეტანილი აქვთ. როგორც ისინი აცხადებენ, გუშინდელი ვიდეომასალა ამ საქმის გამოძიებას აუცილებლად შეუწყობს ხელს.

"გუშინდელი ვიდეომასალის შემდეგ ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სიმართლე უნდა აღდგეს. განცხადება შეტანილია პროკურატურაში და ალბათ, დაიწყებენ გამოძიებას გია კრიალაშვილის მკვლელობასთან და ჩვენს დახვრეტასთან დაკავშირებით. გამოძიებას ხელს შეუწყობს ეს ვიდეო, რადგან მასში კარგად ჩანს, რომ ლიკვიდაციის ბრძანება იყო გაცემული", - აღნიშნა კობა ოთანაძემ.

რაც შეეხება 2009 წლის 5 მაისს, როგორც ოთანაძემ აღნიშნა, მუხროვანში არანაირი ამბოხება არ იგეგმებოდა. მისი თქმით, ხელისუფლების მიმართ პროტესტის ნიშნად, ორი სამხედრო მეთაური- შოთა გორგიაშვილი და ლევან ამირიძე ჟურნალისტების წინაშე განცხადების გაკეთებას და სამხედრო ნაწილის დატოვებას გეგმავდა.

"პროტესტამდეც ვერ მივაღწიეთ. როგორც შევედით სამხედრო ნაწილში მათ გამზადებული ჰქონდათ უკვე პროვოკაცია და ალყა ჰქონდათ შემორტყმული ნაწილზე.

მეთაურებს უნდა მოეწვიათ ჟურნალისტები, გაეკეთებინათ განცხადება და დაეტოვებინათ სამხედრო ნაწილი. უნდა გადამდგარიყვნენ სამხედრო თანამდებობებიდან. ბაზაზე არაფერი ხდებოდა. ბაზაზე პროტესტს გამოთქვამდნენ სამხედრო მეთაურები. პროტესტი გამოიწვია იმან, რომ 2008 წელს, ბიჭების დაღუპვის მიუხედავად, სააკაშვილს ტაშ-ფანდურის გამართვა უნდოდა. აღლუმის ჩატარებას ეწინააღმდეგებოდნენ და შესაძლო დარბევას. ბრძანება იყო სიტყვიერი, რომ თუ ვერ მოილაპარაკებდნენ პარტიები, უნდა დარბეულიყო აქციები, რასაც მოჰყვა მეთაურების პროტესტი", - აღნიშნა ოთანაძემ.

ამასთან, ლევან ამირიძის თქმით კი, იგეგმებოდა სამხედრო აღლუმის მზადება, რაც აუცილებლად გამოიწვევდა რუსთაველის გამზირზე კარვების ქალაქისა და აქციის მონაწილეების დარბევას. მისივე თქმით, სამხედრო ნაწილებში გამოცხადებული იყო გაძლიერებული საბრძოლო მზადება, რაც იყო წინაპირობა აქციის დარბევის.

"მუხროვანში 2009 წლის 5 მაისს რაც მოხდა, იყო მეთაურების პროტესტი არსებული ხელისუფლების მიმართ. სამთვიანი საპროტესტო აქციები იყო. კარვების ქალაქად გამოცხადდა რუსთაველის გამზირი და პარლამენტი ფაქტობრივად პარალიზებული იყო. იმის წინაპირობა არსებობდა, რომ განმეორებულიყო 7 ნოემბერი. ხელისუფლება აპირებდა სააღლუმო სამზადისის ჩატარებას, რასაც აუცილებლად მოყვებოდა აქციის დარბევა და უნდა გამოყენებულიყო ძალა. მე ვიყავი იმ პერიოდში რეინჯერთა ბატალიონის მეთაური. მე კარგად მქონდა შესწავლილი მაშინდელი ხელისუფლების ფსიქოლოგია და ზუსტად ვიცოდი, რომ არ დაიხევდნენ უკან. ეს რომ არ მომხდარიყო, რამდენიმე მეთაურმა გამოვთქვით პროტესტი. ჩვენი პროტესტი გამოიხატებოდა იმაში თუ რა შეიძლებოდა მოყოლოდა სააღლუმო მზადებას. ასევე ჩვენ ვაპროტესტებდით აღლუმს, რადგან 2008 წელს სახელმწიფომ ბევრი ვაჟკაცი დაკარგა და სახელმწიფომ უნდა დააფასოს ისინი", - აღნიშნა ამირიძემ.

კობა კობალიძის განცხადებით კი, ის ჟურნალისტების მეშვეობით სახლიდან გამოიტყუეს და დააკავეს.

"ეს არ არის პირველი ვიდეომასალა. ანალოგიური კადრებია იმ დღის, სადაც ყოფილი მთავარსარდალი პირდაპირ მითითებებს აძლევს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს თუ ვის აქვს უფლება ამ ქვეყანაში ცხოვრების, არსებობის და ა.შ. რაც შემეხება მე, 2009 წლის 5 მაისს არ ვიცი რა ხდებოდა მუხროვანში. მე პირადად ჟურნალისტების მეშვეობით გამომიტყუეს სახლიდან. სახლის წინ ჩამიტარეს სპეცოპერაცია და დამაკავეს. თვითონაც გაურკვევლობაში მოხდნენ და მე ხომ მოვხვდი და მოვხვდი გაუგებრობაში", - აღნიშნა კობალაძემ.

ინტერნეტში გუშინ ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმვის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამ დროს შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.

"მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.

მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მიმართავს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან.

შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა.

Youtube-ზე ვიდეო გუშინ Appolon Osman-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერ უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა