"მუხროვანის ამბოხის" ექსკლუზიური და დღემდე უცნობი დეტალები

"მუხროვანის ამბოხის" ექსკლუზიური და დღემდე უცნობი დეტალები

გასულ კვირას სკანდალურ ვიდეოფირს, რომელიც მუხროვანის ამბოხს შეეხებოდა, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. განსაკუთრებით შოკის მომგვრელი იყო ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის სიტყვები: "ორი გვამი მჭირდება, პრემია დიდი". ამ ფირის გავრცელებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა არაერთგვაროვანი განმარტება მოჰყვა: ერთნი აცხადებდნენ, რომ მერაბიშვილმა ამბოხებულთა ლიკვიდაციის შესახებ ბრძანება სწორად გასცა, მეორენი ამტკიცებდნენ, რომ მერაბიშვილი გრუ-ს ორი თანამშრომლის გვამს ითხოვდა.…მან თავად აღნიშნა, თითქოს ჰქონდა ინფორმაცია, რომ მეამბოხეებმა კვალის დაფარვის მიზნით მრჩევლები - გრუ-ს თანამშრომლები მოკლეს.

სინამდვილეში, რა მოხდა 2009 წლის 5 მაისს, სკანდალური საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა კობა ოთანაძე გვესაუბრა:

- ჩემთვის ეს ფირი კიდევ ერთი მტკიცებულება იყო იმისა, რომ დამნაშავე ხელისუფლებამ თავად შექმნა მოდელირებული ამბოხი, სადაც ჩვენ მონაწილეობა მიგვაღებინეს.…საუბედუროდ, სპექტაკლში "გვამებიც დასჭირდათ" და ამას გია კრიალაშვილის სიცოცხლე შეეწირა, მე კი სასწაულებრივად გადავრჩი.

- თავიდან დავიწყოთ, როგორ აღმოჩნდით მუხროვანის სამხედრო ნაწილში?

- შეიძლება ითქვას, პროვოკაციაზე წამოვეგეთ, რომელსაც ხელისუფლება გეგმავდა. სურდათ, შიში იმ სამხედრო ნაწილებში დაეთესათ, რომლის მეთაურებიც პირად საუბრებში ხელისუფლებით უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. უკმაყოფილებამ განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდგომ იმატა. მეთაურები არ ამართლებდნენ, რომ ომის დროს მნიშვნელოვან სამხედრო გადაწყვეტილებებს პოლიტიკური ელიტა იღებდა. ამგვარად, ხელისუფლებისთვის საუკეთესო გამოსავალი იყო საზოგადოებისთვის "მოდელირებული ამბოხი" ეჩვენებინა და შემდეგ ის საჩვენებლად სისხლში ჩაეხშო. ეგონათ, საპასუხოდ მეტ მორჩილებას მიიღებდნენ.

მოგეხსენებათ, მუხროვანის ამბოხი 2009 წლის 5 მაისს გამოაცხადეს. წინადღეს რეინჯერების ბატალიონის მეთაურის, ლევან ამირიძის დაქვემდებარებაში მყოფი ვალერი ზირაქაშვილი და ზაზა მუშკუდიანი დაიჭირეს, კუდ-ში დიდი ზეწოლის ქვეშ ჰყავდათ, ლევან ამირიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ. ლევანმა დამირეკა, ჩემი ნაწილი ალყაშია, ალბათ, ჩემი დაჭერაც უნდათო. ამიტომ მე და გია კრიალაშვილმა მოვინახულეთ ლევანი და მუხროვანის სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელთან, მამუკა გორგიაშვილთან ერთად ავედით. გზად ჟურნალისტებს დავურეკეთ, ერთ-ერთი ნანა ლეჟავა იყო. პრესკონფერენციის მოწყობა გვინდოდა მუხროვანში, სადაც ლევანსა და მამუკას თანამდებობების დატოვების შესახებ უნდა გაეცხადებინათ. აი, ეს იყო ჩვენი პროტესტი, იძულებითი ნაბიჯი იმისთვის, რომ ლევანი გადაგვერჩინა. თუმცა ხელისუფლებამ დაგვასწრო და იმავე წუთებში გამოაცხადა, რომ შეიარაღებულ ამბოხს ჰქონდა ადგილი. მუხროვანის ნაწილში რომ არ ავსულიყავით, ამას ვერ განაცხადებდნენ და, ალბათ, ლევანის დაჭერით შემოიფარგლებოდნენ. ამიტომაც ვამბობ, რომ

ყველანი პროვოკაციას წამოვეგეთ.

- რაღა მაინცდამაინც ლევან ამირიძე უნდა დაეჭირათ? თანაც 2008 წლის მერე უკვე წელიწადი იყო გასული.

- კარგი, დავაზუსტებ, რა გახდა ამის მიზეზი და თუ საჭირო იქნება, ამას ლევანიც დაადასტურებს, მით უფრო ახლა, როცა გავრცელებული ვიდეომასალით პროკურატურაც დაინტერესდა.

გაიხსენეთ, რა სიტუაცია იყო 2009 წლის მაისამდე, თბილისი კარვების ქალაქად იყო გადაქცეული. ხელისუფლებას მისი გაწმენდა და 26 მაისის აღლუმის ჩატარება სურდა. თავდაცვის სამინისტროს გენშტაბმა აქციის მონაწილეთა დაშლა-დარბევის ბრძანება გასცა. ლევან ამირიძემ და მამუკა გორგიაშვილმა ამაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. მათ ჟურნალისტებისთვის სწორედ ეს უნდა ეთქვათ.

2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაში თავდაცვის სამინისტროს და შინაგანი ჯარის თითქმის ყველა ქვედანაყოფი მონაწილეობდა, რომელთაგან ბევრს 2009 წლის აქციის დაშლაში მონაწილეობა აღარ სურდა. სამწუხაროდ, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ნატრობდნენ, მიტინგის დარბევაში მიეღოთ მონაწილეობა, რადგან ამისთვის დიდ პრემიებს იძლეოდნენ.

- ე.ი. ლევან ამირიძე 2007 წლის ნოემბრის აქციის დაშლაში მონაწილეობდა?

- ვიმეორებ, თუ პროკურატურა ამ საქმით დაინტერესდება, ლევანი ყველაფერს თავად იტყვის.…

- 2009 წლის 5 მაისს გამოაცხადეს თუ არა დაუმორჩილებლობა ლევან ამირიძესა და მამუკა გორგიაშვილს დაქვემდებარებულმა სამხედროებმა, ჯავშანტექნიკაც დაძრეს?

- მსგავსი არაფერი ყოფილა. ეს ყველაფერი ტყუილი და ხელისუფლების შეთხზული ფარსი იყო. ჩვენ მხოლოდ პრესკონფერენციის მოწყობა და სიმართლის გახმაურება გვინდოდა. საერთოდ, სააკაშვილის განცხადება, რომ მუხროვანის ნაწილში ამბოხების მოწყობის მიზნით ავედით, ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგება. ამირიძის ნაწილი ორთაჭალაში იყო, სად გაგონილა, რომ ამბოხების მოსაწყობად ორთაჭალიდან მუხროვანში წახვიდე, შეიერთო იქ სხვა ნაწილი და დემონსტრაციულად წამოხვიდე უკან. ეს საქმე თავიდან ბოლომდე აბსურდია!

- თქვენს საქმეში მთავარი მოწმე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის "დელტას" ყოფილი ასმეთაური გია ღვალაძე იყო. მოგვიანებით მან შეცვალა ჩვენება, მაგრამ თავის დროზე შსს-ს ვიდეომასალაში ის ამბოხების ორგანიზების დეტალებზე საუბრობს. ეს მეომარი კაცი როგორღა აიძულეს, რომ ეს ყველაფერი ელაპარაკა?

- თავის დროზე გია ღვალაძე ძალიან კარგი სამხედრო იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ რამდენჯერმე ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს, რაც ტვინთანაც იყო დაკავშირებული, თავის ქალა ახადეს. რომ დაელაპარაკოთ, შეიძლება კიდეც მიხვდეთ, რომ მისი საქმე მთლად რიგზე ვერ არის. თავის დროზე სამედიცინო ექსპერტი რომ ჩაერთოთ ამ საქმეში, მას შეურაცხადადაც კი ჩათვლიდა. ღვალაძე სასამართლო პროცესებზე ტიროდა და ყოველ წამს სხვადასხვა ჩვენებას იძლეოდა, მერე ბოდიშს გვიხდიდა. ბოლო პერიოდში თქვა სრული სიმართლე, როცა გაათავისუფლეს.…შსს-ს ერთი აგენტი ჰყავდა, ღვალაძის ბავშვის ნათლია, გვარად ხომასურიძე, რომლის სახლშიც კეთდებოდა ჩანაწერები... შეიძლება, თავად გია ფანტაზიორობდა რაღაცას, შესაძლოა, ის უბრალოდ, თავის სურვილს ახმოვანებდა. გია ერთ-ერთი უძლიერესი დანაყოფის ასმეთაური იყო და ბოლოს სრულიად უყურადღებოდ მიატოვეს.

- მაგრამ იმ ჩანაწერში ამბობს, რომ ამბოხებულებს იარაღი უნდა დარიგებოდათ, ასევე ფული, 50-50 ათასი დოლარი.

- ალბათ, ამით ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ ჯერ კიდევ რაღაც შეეძლო და საჭირო კაცი იყო. გია ჩანაწერში ამბობდა, ჯერჯერობით, ეს ფული არა მაქვს, ვერ დაგირიგებთ, მაგრამ მექნებაო. სხვათა შორის, მას სასამართლო პროცესზე ჰკითხეს, ფული საიდან უნდა გქონოდა, ვისგან უნდა მიგეღოო და გიამ თქვა, უნდა ავსულიყავი კავკასიონზე, სადაც რუსების თვითმფრინავი მოფრინდებოდა და ფულს ჩამოყრიდაო. კინაღამ დავწყდით სიცილით. ასე ხარხარში გაგვატარებინეს ის 8-9 თვე სასამართლო პროცესებზე. ამ საქმეში არსებულ ჩვენებებს რომ გადახედოთ, შეიძლება ანეკდოტებადაც კი მოგეჩვენოთ.

- მაგრამ თქვენს წინააღმდეგ ჩვენებები სხვა სამხედროებსაც ხომ აქვთ მიცემული?

- როგორც იცით, ამ საქმეზე 40 სამხედრო დააკავეს, ერთი კი მოკლეს. შემოდიოდა პროკურორი ღამის საათებში და ყველას სათითაოდ ეუბნებოდა: 2 წელს ან 4 წელს მოგცემთ, თუ დანაშაულს აღიარებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ათწლიანი და უფრო მეტი სასჯელი გემუქრებათო... შოკის მომგვრელი იყო, როცა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა გამომიცხადეს, მეტს უბრალოდ ვერ მომისჯიდნენ, თორემ კი შემიკრიბა პროკურორმა სასჯელის შეკრებითობის პრინციპით უფრო მეტიც. მთავარი კი ის არის, რომ არსებობს ჩვენი ჩაცხრილვის, შემდეგ კი ჩემი წამების სკანდალური ვიდეოფირები. თუკი ყოფილმა ხელისუფლებამ მათი განადგურება ვერ მოასწრო, აუცილებლად გასაჯაროვდება. გასულ კვირას ყველამ იხილა, რომ მთელი ნაცელიტა ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას, რაც ნორმალურ ქვეყანაში სირცხვილიც კი არის. სპეცოპერაცია უნდა ჩაეტარებინა სპეცდანაყოფს, რა ესაქმებოდათ გიგი უგულავას, ადეიშვილს ან გივი თარგამაძეს? იგივე ნაცელიტა ესწრებოდა ჩვენს ჩაცხრილვასაც.

5 მაისს ხომ გამოაცხადა ვანომ, რომ გვამები სჭირდებოდა და ამისთვის პრემიას აწესებდა, ამის შემდეგ 15 დღე გვეძებდნენ...

5 მაისს შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამბოხებულები ძალოვნებს ჩაჰბარდნენ, მათ ლიდერებზე კი (კობა ოთანაძე, გია კრიალაშვილი და ლევან ამირიძე) ძებნა გამოცხადდა. მუხროვანის მთელი ტერიტორია ოპერატიულად, ვერტმფრენებით კონტროლდებოდა. სპეცრაზმელებით გადაჭედილი იყო იქაურობა. ჩვენ ბიჭები გავაფრთხილეთ, რომ პროვოკაციას არ აჰყოლოდნენ და იარაღისთვის ხელი არ ეხლოთ. მივხვდით, გადარჩენის ერთადერთი გზა მიმალვა იყო.

ყველა ბილიკი ზეპირად ვიცოდით. ამიტომაც მოვახერხეთ და მუხროვანის ტყიდან მამკოდის ტყეში გადავედით, იქ ვიმალებოდით.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია Kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა