"ქოლგოსანმა" ავთო ბერიძემ ჯიპი მაინც იყიდა?

"ქოლგოსანმა" ავთო ბერიძემ ჯიპი მაინც იყიდა?

აჭარის მთავრობიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთო ბერიძემ ძვირადღირებული ჯიპი მაინც იყიდა. როგორც "ალიას" წყარო უყვება, ბერიძის მოთხოვნა ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ ორჯერ გააუქმა, ანუ გამოყოფილ თანხას ორჯერ დაადო "ყადაღა", მაგრამ მას ახლა მანქანის ყიდვა ერთ-ერთი ფონდის გავლით მაინც მოუხერხებია. როგორც ჩანს, ეს პრინციპის ამბავი უფრო გამოდგა, დუმბაძე-ბერიძის დუეტი ვერ შეეგუა ჯიპთან დაკავშირებულ მარცხს და როგორც ამბობენ, "რევანში" აიღო. ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივნის, თამაზ ბაკურიძის თქმით, ამ ინფორმაციამ მის ყურამდეც მიაღწია. თურმე უმაღლესი საბჭოს ბევრმა დეპუტატმა ავთო ბერიძეს ურჩია, ამას ნუ იზამ, დიდი სკნადალი ატყდებაო, მაგრამ თავისი მაინც "გაისწორა":

"მე ბოლო დღეებში ბერიძე რამდენჯერმე დავინახე, ისევ ძველი მანქანით დადის. როგორც ჩანს, მომენტს ელოდება. კი, ნამდვილად ამბობენ, რომ ფინანსთა მინისტრმა რამდენჯერმე დაბლოკა გამოყოფილი თანხა, მაგრამ ათასნაირი საშუალება არსებობს, ათასნაირი ფონდი გახსნეს. არ არის გამორიცხული, ძველ მანქანას ცოტა ხანში რაღაცა დაემართოს, მწყობრიდან გამოვიდეს და გადაჯდეს ახალზე. სხვათა შორის, ამ დღებეში ერთი ახლობელი კაცი შემხვდა, რომელიც ძალიან კარგად არის მურმან დუმბაძესთან და მითხრა - შენ იცი, რა საუბარი შედგა დუმბაძესა და კალაძეს შორის მაგ ჯიპთან დაკავშირებითო? თუ მეტყვი, ძალიან კარგი იქნება, მაინტერესებს-მეთქი. მურმანმა კალაძეს დაურეკა და პირდაპირ მიახალა: შენ ხომ არაფერი გეშლება, შენ რომ შვიდი მანქანით დასეირნობდი და რვა ქალი გეჯდა გვერდით, მე და ავთო ბერიძეს "დუბინკებს" გვირტყამდნენ, დავგვდევდნენ და გვიჭერდნენ. შენ. რა უფლება გაქვს, ავთო ბერიძეს ჭკუა ასწავლო, შენს თავს მიხედე, შენს სამინისტროში რომ უფრო მეტად ძვირადღირებული მანქანები გაქვს ნაყიდი, მაგაზე იდარდეო. თურმე მანამდე დუმბაძემ კახი პარლამენტში დაიბარა, მაგრამ ეს არ მისულა".

ხედავთ, რა "მაგარი" კაცია მურმან დუმბაძე? ის პრემიერებს და ვიცე-პრემიერებს ისე იბარებს თავის კაბინეტში, როგორც სოფლის გამგებლებს. არა, თვითონ კი გახლავთ რატომღაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მაგრამ რა უფლება აქვს, პიროვნული მოტივით ვინმე დაიბაროს? ისე, თუ მართლაც ასე იყო და კალაძემ "დაიკიდა", კარგადაც მოქცეულა. სხვათა შორის, ბოლო დროს ერთი მავნე ტენდენცია შეინიშნება: როდესაც პარლამენტარს ან რომელიმე ჩინოვნიკს ვაკრიტიკებთ, ისინი კუსავით ბაკანში შეჰყოფენ ხოლმე თავს და სულ სხვები აქტიურდებიან... მოგეხსენებათ, ყველას ჰყავს თავისი "მრევლი". ერთი პატივსაცემი პიროვნება გვიმტკიცებს, მურმან დუმბაძე სუფთა პიროვნებაა, ის მხოლოდ აჭარის კეითლდღეობისთვის იბრძვისო. შეკითხვა: რაში გამოიხატება აჭარის კეთილდღეობისთვის ბრძოლა? ამას წინათ მასთან მივედი საქმეზე, მის მისაღებში ისეთი ამბავი იყო, ისეთი რიგი იდგა, ნემსი არ ჩავარდებოდა, ნუთუ დღეს ასე რომელიმე დეპუტატი მუშაობსო? ჰოოო... თუკი დუმბაძის მისაღებში რიგი იდგა, მაშინ აშენებულა აჭარა და ეგაა, მაგრამ ამას წინათ იგივე აჭარის სასაზღვრო პოლიციის უფროსად მისი ნათესავი ბერიძე რომ დაინიშნა, ამას რა ვუყოთ? ესე იგი, ასლან აბაშიძის დროს სულ გოგიტიძეები და აბაშიძეები იყვნენ "გენიოსები", ახლა კიდევ მარტო ბერიძეები და დუმბაძეები არიან "ზეგენიოსები". როგორც თამაზ ბაკურიძე ამბობს, რატომღაც ისე ხდება, რომ აჭარის ყველა წამყვან სტრუქტურებში მურმან დუმბაძისა და ავთო ბერიძის ნათესავები ინიშნებიან.

"დუმბაძემ თქვა კიდეც, აბა რა ვქნა, თუ ჩემს ნათესავს ჭკუა აქვს, განათლება აქვს, არ უნდა დაინიშნოსო? ბიჭო, რაღა მარტო შენი ნათესავები არიან ასეთი ჭკვიანები და გენიოსები, იქნებ სხვასაც მოეკითხება ჭკუა? მე პირადად მურმან დუმბაძესთან არასოდეს მქონია დაპირისპირება, მაგრამ რასაც ვხედავ, იმას ვლაპარაკობ, ამ ადამიანს უნდა აჭარის მართვა, ფაქტობრივად, მმართველი უნდა იყოს სხვა და ყველგან ინიშნებოდნენ მისი კადრები - სამინისტროებში, დეპარტამენტებში უნდა იყოს მისი ხალხი, რომ, როცა ოპოზიციაში გადავა, როგორც სჩვევია, თავი იგრძნოს კომფორტულად. სხვათა შორის, "ნაციონალების" დროს მურმანი ხელვაჩაურის საკრებულოში დანიშნეს, მაგრამ მერე გაიქცა, სააკაშვილივით ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, პასუხისმგებლობას ყოველთვის გაურბის. გეუბნები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს კაბინეტში შეუვარდა და პირდაპირ უთხრა: შენ თავი მართლა აჭარის მმართველი ხომ არ გგონიაო?! ჯერ იმ მთავრობის თავმჯდომარეს რა ვუთხარი, დუმბაძე რომ შემოგივარდება კაბინეტში, გაგლანძღავს და ამას ისე დატოვებ. ეს ჩემი მოგონილი არ არის, ბათუმი პატარა ქალაქია და არაფერი იმალება. აჭარის სასაზღვრო პოლიცია ძალიან სერიოზული სტრუქტურაა, იქ მოიყვანა თავისი ნათესავი, რომელიც, თავის მხრივ, დააკომპლექტებს ამ სამსახურს დუმბაძისა და ბერიძის კადრებით".

მე კახი კალაძის ადვოკატი არ გახლავართ, მაგრამ მოდით, მაინც ვთქვათ სიმართლე: რა განსხვავებაა მურმან დუმბაძესა და მას შორის? როგორც ვიცით, კალაძემ ფული და მანქანები ბურთის გაგორებით, ანუ თავის ფეხების წყალობით იშოვა. იმასაც ამბობენ, რომ ის ხელფასს საერთოდ არ იღებს, რომელიღაცა საქველმოქმედო ფონდში რიცხავს და მისთვის იმის წამოძახება, ძვირადღირებული მანქანა გყავსო, ან მიამიტობაა, ან სიბრიყვე. ჰოდა, დასკვნა თქვენ გააკეთეთ, პატივცემულო მკითხველებო.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა