ოდიშარიასა და მისი მოადგილეების სამი ღამის სკანდალი

ოდიშარიასა და მისი მოადგილეების სამი ღამის სკანდალი

ფრანკფურტში ვიზიტისას კულტურის მინისტრისა და მისი ორი მოადგილის სასტუმრო "ლე მერიდიენში" გატარებული 3 ღამე სახელმწიფო ბიუჯეტს 16 488 ლარი დაუჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2013 წლის განმავლობაში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისა და მისი მოადგილეების სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია სამინისტროდან გამოითხოვა.

როგორც მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, გასული წლის მანძილზე კულტურის მინისტრისა და მისი მოადგილეების საზღვარგარეთის ვიზიტებზე ბიუჯეტიდან სულ დახარჯულია 183 316.62 ლარი.

2013 წლის მანძილზე ყველაზე დიდი სამივლინებო ხარჯები კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას და მის პირველ მოადგილე მარინე მიზანდარის უცხოურ ვიზიტებზე იქნა გაწეული.

აღნიშნული ვიზიტებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ფრანკფურტის ვიზიტი. 2013 წლის 8-11 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოდან იმყოფებოდა კულტურის სამინისტროს სამი თანამდებობის პირი - მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი. მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის ბრძანებით ირკვევა, რომ თითოეული თანამდებობის პირისთვის სასტუმროში სამი ღამის ხარჯის დასაფარად ბიუჯეტიდან გამოიყო 5 496 ლარი, ანუ 2 445 ევრო, რაც ერთ ღამეში დაახლოებით 815 ევროს შეადგენს.

ფრანკფურტში ვიზიტისას მინისტრი და მისი ორი მოადგილე იმყოფებოდა სასტუმრო "ლე მერიდიენში", სადაც გატარებული 3 ღამე სახელმწიფო ბიუჯეტს 16 488 ლარი დაუჯდა. დოკუმენტაციის მიხედვით, ფრანკფურტის ვიზიტისთვის კულტურის სამინისტროს თანამდებობის პირებისთვის სასტუმროსა და გზის ჯავშანი უზრუნველყო კომპანია შპს "ეს სი თრეველმა". როგორც კომპანიის მიერ გამზადებული ინვოისიდან ჩანს, სამინისტრომ სასტუმროს 16 488 ლარის გარდა გადაუხადა სამი ავიაბილეთის საფასური, რამაც ჯამში შეადგინა 21 285 ლარი.

IDFI დაინტერესდა სასტუმრო "ლე მერიდიენის" ფასებითა და პირობებით. როგორც ოფიციალური ვებ-გვერდიდან ირკვევა, სასტუმროს ყველაზე ძვირადღირებული, 40-45 კვ.მ-ის ფართობის მქონე ჟუნიორ შუიტე-ის ფასია 459 ევრო, რაც საქართველოს დელეგაციის მიერ ერთ ღამეში გადახდილ თანხაზე თითქმის ნახევრით, 356 ევროთი ნაკლებია. ვებ-გვერდის საშუალებით დაჯავშნის მცდელობისას ყველაზე ძვირადღირებული ნომრის საფასურად 369 ევროა მითითებული.

IDFI დაუკავშირდა შპს "ეს სი თრეველსაც", რომელმაც დაჯავშნა სასტუმრო და ავიაბილეთები კულტურის სამინისტროსთვის. ტურისტული კომპანიიდან ორგანიზაცია აცნობეს, რომ ჟუნიორ შუიტე-ის ერთი ღამის ფასი შეადგენს 425,66 ევროს.

"ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან გაურკვეველი რჩება, თუ როგორ იქნა გახარჯული სასტუმროს ერთ ნომერზე ერთ ღამეში 815 ევროს ექვივალენტი ლარი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დღეებში სასტუმროს გაეძვირებინა ნომრის ღირებულება, თუმცა ნომრის ორმაგი ღირებულება ჩვენი ვარაუდით ფაქტობრივად გამორიცხული იქნებოდა. აღნიშნული გარემოება ბადებს აგრეთვე ეჭვს კულტურის სამინისტროს კონტრაქტორი ტურისტული კომპანია SC TRAVEL-ის სანდოობის მიმართაც, რომელმაც სამინისტროს შესთავაზა სასტუმროს ნომრები საკმაოდ ძვირადღირებულ ფასებში. რა თქმა უნდა, კერძო კომპანიას აქვს უფლება მიიღოს მოგება გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კულტურის სამინისტრო მომსახურების შესყიდვაზე გამოაცხადებდა კონკურსს, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფო სახსრების ეკონომია. შესაბამისად, გაუგებარი რჩება, თუ რატომ დათანხმდა კულტურის სამინისტრო კომპანიის მიერ შემოთავაზებულ ძვირადღირებულ მომსახურებას და რატომ არ შეეცადა მოეხდინა საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა", - აღნიშნულია IDFI-ის ინფორმაციაში.

IDFI პრეზიდენტის ბრძანებულების იმ პუნქტის ბუნდოვანებაზეც მიუთითებს, რომელიც უცხოეთში ვიზიტისას სასტუმროს დაქირავების ხარჯების ანაზღაურებას ეხება.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების მიხედვით განსაზღვრულია თითოეულ ქვეყანაში ვიზიტის სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმები. ასევე, როგორც ბრძანებულებიდან ირკვევა, მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე, მათ შორის მინისტრსა და მოადგილეებზე ვრცელდება დანამატი სადღეღამისო ნორმაზე.

როგორც იგივე ბრძანებულებიდან ირკვევა, ზოგ შემთხვევაში ბრძანებულების დანართი N3-ით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს, მათ შორის მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, ასევე შეუძლიათ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გადაიხადონ სასტუმროსთვის საჭირო თანხები საზღვარგარეთ ვიზიტებისას.

"ამ ბრძანებულების N3 დანართში ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება შესაძლებელია აუნაზღაურდეთ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთის მიხედვით" - როგორც ბრძანებულების ამ პუნქტიდან გამომდინარეობს, მინისტრსა და მოადგილეებს შეუძლიათ უცხოეთში ვიზიტისას სასტუმროს ნებისმიერი ღირებულების ნომერში დაბინავდნენ, რისთვისაც თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იქნება გამოყოფილი. თუმცა, აღნიშნული პუნქტი მეტისმეტად ბუნდოვანია და ბევრ კითხვას ბადებს. მაგალითად, გაურკვეველია, რა შემთხვევებში არის "შესაძლებელი" მაღალი თანამდებობის პირებისთვის ამ გამონაკლისით სარგებლობა. უფრო მეტიც, სამივლინებო ხარჯების არსებული პრაქტიკა და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მეტყველებს იმაზე, აღნიშნული გამონაკლისი შემთხვევები საკმაოდ ხშირია", - ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში.

ნათია ლეშკაშელი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა