რა უფლებებს უზრდიან მარგველაშვილს?

რა უფლებებს უზრდიან მარგველაშვილს?

როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, პრეზიდენტი პირდაპირი წესითაა არჩეული, კონსტიტუცია კი მას ბევრ უფლებამოსილებას უზღუდავს, ამიტომ, ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა ბალანსის კუთხით ბევრი საკითხი გადასახედია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ცვლილებებისთვის ამოსავალი იქნება საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტისთვის დამახასიათებელი უფლებამოსილებანი და იმგვარად იქნება განსაზღვრული ეს უფლებამოსილებანი, როგორც საქართველოსთვის იქნება უკეთესი, რადგან მოდელი, რომელიც სხვა ქვეყნებში მოქმედებს, შესაძლოა, საქართველოსთვის სხვა სპეციფიკის მატარებელი იყოს.

დეტალებზე სასაუბროდ "ალია" პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძეს დაუკავშირდა.

- ბატონო ვახტანგ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით წარდგა, კიდევ ერთხელ გააქტიურდა საუბარი იმაზე, რომ როგორც პოლიტიკური ფიგურა, კანონის მიხედვით მარგველაშვილი შეზღუდულია, არც პასუხისმგებლობა ეკისრება რამეზე და მაშინ რაღა საჭიროა უუნარო პრეზიდენტსთვის ხელფასის გადახდა? ამით ხომ არაა განპირობებული, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები გადაიხედოს?

- მე არ ვამბობ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების გაძლიერება უნდა მოხდეს. მე ვამბობ, რომ კონსტიტუციის გარკვეულ დებულებებს შორის არის გარკვეული შეუსაბამობები, რაც აუცილებლად იქნება გასასწორებელი. შეიძლება, რაღაც ნაწილში პრეზიდენტის უფლებამოსილებები გაიზარდოს, რაღაც შემცირდეს. მოკლედ, ერთმანეთთან უნდა მოვიდეს შესაბამისობაში.

- ბატონო ვახტანგ, როცა ვიღაცას უზრდი უფლებებს, უზღუდავ სხვას, ხომ ასეა? ვის და რის ხარჯზე უნდა მოხდეს პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გაზრდა?

- ეს ცვლილება არანაირად არ შეეხება აღმასრულებლის უფლებამოსილებებს. პრეზიდენტს როგორც დღეს არ აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობის მიღების უფლება, ასევე არ ექნება, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, რომ მოითხოვოს მთავრობისგან რაღაც საკითხების განხილვა და თავადაც მიიღოს მონაწილეობა ამ საკითხის განხილვაში. მეორე არის უშიშროების საბჭოს ფორმატთან დაკავშირებული საკითხი. აქ ის გარკვეულ საკითხებს განიხილავს და რეკომენდაციებს იძლევა უშიშროების საბჭო, რომლის წევრებიც არიან პრემიერი და მინისტრები. ეს ორი რამ არის. სხვა მხრივ, პრეზიდენტს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხება არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს. ამიტომ ამ მხრივ ცვლილებებზე საუბარი არ არის. საუბარია სხვა ტიპის უფლებამოსილებებზე.

- მაგალითად?

- მაგალითად, მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იქ არის შეწყალებების საკითხები და ასეთი ტიპის საკითხებზე შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული ცვლილებები, ანუ პრეზიდენტის უფლებამოსილებები კი არ გადაიხედება, არამედ გადაიხედება ის ცალკეული დებულებები, რომლებიც ეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებას იმისთვის, რომ შესაბამისობაში იყოს ერთმანეთთან, რაც დღეს ზოგიერთ შემთხვევაში არის დარღვეული ამ თვალსაზრისით.

- ანუ ბუტაფორიად ქცეული პრეზიდენტისთვის დაზუსტებული ფუნქციების შექმნით უფრო საქმიან პრეზიდენტს მივიღებთ?

- არა, სრული გადახედვა საჭირო არაა, "ნაციონალებს" და სხვებსაც წარმოუდგენიათ, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს უზარმაზარი ძალაუფლებით აღჭურვილი პიროვნება. არსებობს ხელისუფლების სხვადასხვა ტიპის მოდელები. საპრეზიდენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი არის მთავრობის მეთაური. საპარლამენტო რესპუბლიკაში აღმასრულებელი არის მთავრობა და პრეზიდენტი არ არის მისი ხელმძღვანელი. პრეზიდენტი ცალკე დგას და მას უწოდებენ "პრეზიდენტ არბიტრს", "პრეზიდენტი – სიმბოლო", "პრეზიდენტი - სათადარიგო ხელისუფლება". მისი უფლებამოსილებები მკვეთრად იზრდება, როცა ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისის ვითარება, ან როდესაც ქვეყანას თავს ესხმიან, ან როდესაც საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, პრეზიდენტი არ ეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას. ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპი.

- ორი უშიშროების სტრუქტურა რა საჭირო იყო? რამე პრიორიტეტული მაინც დაგეტოვებინათ პრეზიდენტისთვის...

- არ არის ორი უშიშროების საბჭო. არის უშიშროების საბჭო, რომლის კონსტიტუციური ფუნქცია არის სამხედრო აღმშენებლობა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა. ეს წერია კონსტიტუციაში ძალიან მკაფიოდ. რაც შეეხება იმას, რაც მთავრობასთან იქმნება, ეს არის კრიზისების მართვის საბჭო და ზოგადი უსაფრთხოების პრობლემებზე მომუშავე საბჭო. ზოგად უსაფრთხოებაში იგულისხმება სხვადასხვა სახის უსაფრთხოება, ეს არის ეკონომიკური, ეკოლოგიური, ისეთი სახის უსაფრთხოება, რომელიც არ მიეკუთვნება სამხედრო და თავდაცვითი ხასიათის უსაფრთხოებას. ასევე, კრიზისები შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის, მაგალითად, ეკოლოგიური კატასტროფა, ან ეპიდემია, ამ დროს საჭიროა ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება, ამისთვის იქმნება ეს საბჭო.

აღმასრულებელი ხელისუფლება არ შეიძლება დაიყოს ორ სხვადასხვა ინსტიტუტს შორის, არ შეიძლება და არც სწორი არ იქნება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ერთი ნაწილი მთავრობას ჰქონდეს, მეორე ნაწილი პრეზიდენტს, ასე საქმე ვერ გაკეთდება და არც კეთდება არც ერთ ნორმალურად მოწყობილ ქვეყანაში. პრეზიდენტს აქვს სხვა ტიპის საქმეები და ეს საქმეები ცოტა არ არის და საკმაოდ მნივნელოვანი საქმეებია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთს დაგისახელებთ მაგალითად, ყველა კანონი ხელმოსაწერად მიდის პრეზიდენტთან. პრეზიდენტმა და სამსახურმა უნდა გააანალიზოს ყველა მიღებული კანონი, მას აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება, ან ხელი მოაწეროს კანონს და გამოაქვეყნოს, ან დაწეროს შენიშვნები და დაუბრუნოს პარლამენტს ხელახლა განსახილველად.

- კარგით რა, ბატონო ვახტანგ... უმრავლესობა, აღმასრულებელი ხელისუფლება და პრეზიდენტი რომ ერთი გუნდია, რომელი პრეზიდენტი გაბედავს ვეტოს დადებას?

- მე ასე არ ვუყურებ ამას, რა მნიშვნელობა აქვს ერთი გუნდია, თუ არ არის ერთი გუნდი? თუ კანონში წერია რაიმე არასწორად, პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს თავისი უფლება, ამიტომაა რომ პრეზიდენტები აწერენ ხელს კანონებს. თუ კანონი ნორმალურად არის შექმნილი და ემსახურება იმ მიზანს, რა მიზანიც არის გაცხადებული, თუ სწორად ასახავს, მაშინ უნდა მოაწეროს ხელი, ვეტოს დადება თვითმიზანი ხომ არ უნდა იყოს?! ყველა კანონი პრეზიდენტის მიერ უნდა იყოს გაანალიზებული და მოცულობის თვალსაზრისით ეს არ არის პატარა საქმე.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა