როგორ შეიძლება საქართველოში არჩევნების გაყალბება პოპულარული სასმელის გამოყენებით

როგორ შეიძლება საქართველოში არჩევნების გაყალბება პოპულარული სასმელის გამოყენებით

არჩევნებთან დაკავშირებით პოპულარული სასმელის აკრძალვაზე დღეს განცხადება პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა.

მართალია, ეს მმართველი გუნდის წარმომადგენელმა გიგა ბუკიამ ხუმრობით თქვა, მაგრამ ბუკია წინასაარჩევნოდ "კოკა-კოლის" აკრძალვის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც საარჩევნო პროცესზე "კოკა-კოლის" გავლენის შესახებ გახდა ცნობილი. თურმე სასმელი არჩევნების გამყალბებლებისთვის ფრიად საჭირო საშუალება ყოფილა – ის თითიდან მარკირების სითხეს აცილებს.

ინფორმაცია არჩევნებში "კოკა-კოლის" როლზე კომიტეტის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ მიაწოდა.

"ვიცოდი, რომ ზოგიერთი სარეცხი საშუალებით მარკირების სითხე ადვილად შორდებოდა. სამი დღის წინ, ამომრჩევლებათ შეხვედრის დღეს, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა, რომელიც საარჩევნო პროცესში აქტიურად მონაწილეობდა, მითხრა ის, რაც ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო – თურმე ყველაზე კარგად მარკირების სითხეს ხსნის იცით რა?! – "კოკა-კოლა". თურმე "კოკა-კოლას" იყენებდნენ ინტენსიურად. საკმარისია, "კოკა-კოლა" ჩაასხათ ჭიქაში, ჩაყოთ თითი, ამოღოთ, გადაიწმინდოთ და მორჩა - მარკირება მოხსნილია. ეს ისე, ინფორმაციისათვის" – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

ხმალაძის პასუხად ზვიად ძიძიგურმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ მან არჩევნების გამყალბებლებს "ძალიან სერიოზული მიმართულება მისცა", რაზეც ხმალაძემ აღნიშნა, რომ "ის, ვინც არჩევნებს აყალბებდა, ამ ტექნოლოგიას შესანიშნავად ფლობდა".

ცნობისთვის, დღის წესრიგში შესაძლოა ამომრჩეველთა მარკირების პროცედურის გაუქმების საკითხი დადგეს. მარკირებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიციაა, რომ ეს პროცედურა თვისობრივად ვერანაირ როლს ვერ თამაშობს და მისი გაუქმება ცუდი არ იქნება, მაგრამ უმრავლესობა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას ოპოზიციის თანხმობის გარეშე არ აპირებს.

ნათია ინაური, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა