ფრანგების "ცინცხალი" გადაწყვეტილება, რომელმაც წულუკიანი იმედგაცრუებული დატოვა - კეზერაშვილის ექსტრადირების სამართლებრივი გზა აღარ არსებობს

ფრანგების "ცინცხალი" გადაწყვეტილება, რომელმაც წულუკიანი იმედგაცრუებული დატოვა - კეზერაშვილის ექსტრადირების სამართლებრივი გზა აღარ არსებობს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირების სამართლებრივი გზა აღარ არსებობს, - ამის შესახებ კეზერაშვილის ქართველმა ადვოკატმა, შოთა მინდელმა განაცხადა.

"ამ ეტაპზე არანაირი სამართლებრივი გზა არ არსებობს დავით კეზერაშვილის ექსტრადირებისათვის, რადგან საფრანგეთის სასამართლომ ექსტრადირების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო", - აღნიშნა შოთა მინდელმა.

საფრანგეთის სასამართლომ დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე 27 თებერვალს ჩატარებულ სხდომაზე უარი განაცხადა.

ამ ფაქტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ

"პროკურატურა გააგრძელებს მუშაობას, რათა დღეს თუ არა ხვალ, ბატონი კეზერაშვილი ჩამობრძანებულ იქნას ქვეყანაში და პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას".

წულუკიანის შეფასებით, საფრანგეთის მოსამართლე უთანასწორო პირობების წინაშე აღმოჩნდა.

"ეს გადაწყვეტილება არის ცინცხალი, ჯერ არ არის ოფიციალურად გამოცემული, რომ მოტივაციას გავეცნო, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ არის უარი. ძალიან ვწუხვარ, რომ ფრანგი მოსამართლე აღმოჩნდა ისეთი უთანასწორო პირობების წინაშე, როგორიც იყო, ერთი მხრივ, კეზერაშვილის ძვირად ღირებული ადვოკატი და მეორე მხრივ, ფრანგი პროკურორი, რომელმაც, როგორც ჩანს, ძვირად ღირებულ ადვოკატს ღირსეული და სათანადო კონკურენცია ვერ გაუწია. ფრანგ პროკურორს ქართველი სამართალდამცველების სახელით ევალებოდა, დაეცვა ჩვენი ინტერესი. ეს ასე ვერ მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფრანგმა მოსამართლემ კეზარაშვილი რაიმეში გაამართლა", - განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოში კეზერაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი უცვლელი დარჩება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში კეზერაშვილის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ერთი საქმე კონტრაბანდული გზით სპირტის შემოტანის სქემის მფარველობის ბრალდებას ეხება, მეორე კი – რიყის ტერიტორიისა და ტელეკომპანია "იმედის" გასხვისებას, სადაც კეზერაშვილი დედაქალაქის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერთან, გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.

ეკა ნიბლაძე, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა