რამდენს უხდიან სააკაშვილს ლექციაში და რითი "კაიფობს" ექს-პრეზიდენტი

რამდენს უხდიან სააკაშვილს ლექციაში და რითი "კაიფობს" ექს-პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი ერთ ლექციაში უფრო მეტ ანაზღაურებას იღებს, ვიდრე პრეზიდენტობისას მთელი თვის განმავლობაში. ყოველ შემთხვევაში, ასე უთხრა სააკაშვილმა უკრაინელ სტუდენტებს, რომლებსაც კიევში მიმდინარე კვირას შეხვდა.

"მე დავასრულე ჩემი საპრეზიდენტო ვადა და დამრჩა 2,5 ჰექტარზე გაშენებული ვენახი, სახლი - 90 კვ. მეტრზე და მეტი არაფერი… მართლა. მქონდა რამდენიმე ათასი, თავისი ჰონორარებით, რომლითაც შეერთებულ შტატებში ცხოვრება დავიწყე. ახლა ვკითხულობ ლექციებს და ერთ ლექციაში ვიღებ უფრო მეტს, ვიდრე პრეზიდენტობისას მთელი თვის განმავლობაში. თუმცა, აქ უფასოდ გამოვდივარ", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ექს-პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზეც, რომ მის მთავრობას კორუფციაში სდებდნენ ბრალს, თუმცა ახლა კმაყოფილებით მიმართავს ქართველებს, ნახეს თუ არა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის და ყოფილი გენერალური პროკურორის ვიქტორ პშონკას სახლები.

"აი, ასე გამოიყურება კორუფცია. განსაკუთრებულად გონებაჩლუნგებისთვის კი ვხსნი, რომ შეუძლებელია ერთდროულად ააშენო ოქროს სახლიც და ქვეყანაც", - განაცხადა მან და დასძინა, რომ "ქვეყნის შენება ყველაზე დიდი კაიფია ცხოვრებაში".

კონკრეტულად, რა ანაზღაურებას იღებს საქართველოს ექს-პრეზიდენტი ლექციების კითხვაში, უცნობია, თუმცა თუ მიხეილ სააკაშვილის ქონებრივ დეკლარაციას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მაგალითად, 2012 წლის განმავლობაში ხელფასის სახით 56 640 ლარი აქვს აღებული, შესაბამისად, მისი ყოველთვიური ანაზღაურება 5 000 ლარს არ შეადგენდა.

რაც შეეხება ყვარლის სახლს, რომელსაც სააკაშვილი მისი პრეზიდენტობისას შეძენილ ერთადერთ ქონებად ასახელებს, მისი მშენებლობა 45 738 ლარი დაჯდა, ხოლო მიწის ნაკვეთი, რომელზეც სახლია განთავსებული, ყოფილმა პრეზიდენტმა 33 000 ლარად შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველო დატოვა, 2014 წლის იანვრიდან ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში ლექციებს კითხულობს. იგი უძღვება სალექციო კურსს "ევროპულ მმართველობასა და სხვა თანამედროვე საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებზე".

ნინო ჩიჩუა, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ: პუტინის პორნოგრაფიული ფანტაზია - სააკაშვილი-ტიმოშენკოს ვერტმფრენის ამბები (+ვიდეო)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა