რა მსგავსებაა რეკონკისტასა და თბილისის ბიუჯეტს შორის

რა მსგავსებაა რეკონკისტასა და თბილისის ბიუჯეტს შორის

თბილისის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოსა და მერიას შორის ნამდვილ "განხეთქილების ვაშლად" იქცა: პირველად ის საკრებულოში გასული წლის 15 ნოემბერს შევიდა, მაგრამ საკრებულომ ფინანსურ დოკუმენტს 14 შენიშვნა დაურთო და ქალაქის მთავრობას უკან დაუბრუნა. ამის შემდეგ ბიუჯეტი საკრებულოში კიდევ ორჯერ შევიდა, მაგრამ - ამაოდ...

ფინანსური დოკუმენტის მეოთხედ განხილვა უახლოესი დღეებისთვისაა დაგეგმილი. მერიის წარმომადგენლები გამოთქვამენ შიშს, რომ თუ ბიუჯეტის პროექტი არ დამტკიცდება, შეიძლება, საფრთხე შეექმნას სოციალური პროგრამების დაფინანსებას. მერიამ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, სადაც კერძოდ, წერია: "თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი არის რიგით მეოთხე ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც თბილისის მერია საკრებულოს განსახილველად სთავაზობს. ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებული ვარიანტი 785 მლნ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენილი ვარიანტი ყველა იმ მოთხოვნასა და სურვილს მოიცავს, რაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან უხვად იქნა გამოთქმული... თბილისის მერია იმედს გამოთქვამს, რომ საკრებულოს უმრავლესობა შემდეგ სხდომაზე ბიუჯეტს განიხილავს და დაამტკიცებს, შესაბამისად, დედაქალაქში ბიუჯეტის არარსებობით გამოწვეული პრობლემები აღმოიფხვრება და თბილისელების კეთილდღეობისთვის დაგეგმილი ყველა პროექტი დროულად განხორციელდება".

რა პრეტენზიები აქვთ დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან და რატომ ვერ მტკიცდება დედაქალაქის ბიუჯეტი?

სევდია უგრე­ხე­ლიძე, თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი:

- დაამტკიცონ ბი­უჯეტი და მთავრობა გადადგება. ყველა მზად არის ამისათვის, ოღონდ ერთი პირობით - ისინიც უნდა გადადგნენ: საკრებულოს თავმჯდომარე, კომისიების ხელმძღვანელები და ყველა, ვინც სკამების გამო მოატყუა თავისი ამომრჩეველი: ისინი აირჩიეს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ამის შემდეგ გადაბარგდნენ "ქართულ ოცნებაში". ჩვენს ოპონენტებს სურთ, მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ მათ დააკომპლექტონ. სწორედ ასე მიითვისეს ადგილობრივი თვითმმართველობა მთელ საქართველოში. იმდენი პოლიტიკური განათლებაც არა აქვთ, რომ ცენტრალური ხელისუფლების ცვლილებას არ უნდა მოჰყვეს ცვლილება ადგილობრივ დონეზე. ხომ შეიძლება, არჩევნებამდე მოიცადონ?! მაგრამ არა! მათ სურთ, ხელში ჩაიგდონ თვითმმართველობა და არჩევნები ცარიელ ადგილზე, კონკურენტების გარეშე ჩაატარონ. არა მგონია, ცენტრალურ მთავრობაში ვინმე შექმნილი სიტუაციის აბსურდულობას ვერ ხედავდეს. დედაქალაქის ბიუჯეტს სწორედ ჩვენი მოწინააღმდეგეები იყენებენ პოლიტიკური მიზნებისათვის და ამას ჩვენ გვაბრალებენ. რეალურად, ირაკლი შიხიაშვილი და მისი თანამოაზრენი საბოტაჟს უწყობენ თბილისელებს და ისეთ სიტუაციაში ტოვებენ, როდესაც სოციალური პროექტები ვერ განხორციელდება და მოქალაქეები საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მათ არ ედარდებათ თბილისელების ბედი და ამას ჩვენ გვაბრალებენ. სურთ, რომ მათ ხელში იყოს ეს თანხა და ისე მოიხმარონ, როგორც ადრე - "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფნისას იყენებდნენ. თანაც, სხვებისკენ იშვერენ ხელს. ადრე თუ გვიან, მათ პასუხი მოეთხოვებათ იმისათვის, რომ ბიუჯეტის გარეშე ტოვებენ დედაქალაქს. დღეს თბილისის ბიუჯეტი სავაჭრო საშუალებაა საიმისოდ, რომ დაგვაბრალონ, თითქოს ჩვენ ვტოვებთ უბიუჯეტოდ თბილისს. რაც შეეხება საპრივატიზაციო ობიექტებს: რა, არ იციან, რომ პრივატიზება აუცილებელია და ამის გარეშე ქალაქი ვერ განვითარდება? ეს მათთვის ახალი ამბავია?! კი, ბატონო, შეიძლება, თბილისის ბიუჯეტი ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღოს, მაგრამ ეს იქნება ზაფხულში, რამდენიმე თვის დაგვიანებით, რაც არავის აძლევს ხელს.

ირაკლი შიხიაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე:

- მე მგონი, ჩვენი საზოგადოება საკმაოდ გამჭრიახია და თვითონ მიხვდება, რა არის სწორი და რა - არასწორი. პრივატიზაციის ხარჯზე ბიუჯეტის შედგენა წინასწარ განწირული ჩანაფიქრია იმიტომ, რომ არ შეიძლება, პრივატიზაციის იმედით ააწყო ბიუჯეტი. ეს არის "ბლეფი"! ცალსახად ჩანს მათი მიზანიც: მათთვის მთავარი ის კი არ არის, როგორ ბიუჯეტს მივიღებთ, არამედ ის, რომ ბიუჯეტი როგორმე ხელში ჩაიგდონ. თუ ეს მოხდება, მისი ხარჯვითი ნაწილის კონტროლს საკრებულო ვეღარ შეძლებს, - ეს ძალიან კარგად იციან. ავიღოთ წინა წლებში მიღებული ბიუჯეტის პროექტები - თითქოს "კოპი-პეისტით" არის გადაღებული, რადგან წინასაარჩევნოდ მათ აქვთ ძალიან კარგად აპრობირებული მეთოდი: გამგებლებისა და სხვადასხვა სამსახურის საშუალებით ისე ხარჯონ და გაანაწილონ თანხები, რომ კანონის ჩარჩოებს არ გასცდნენ, მაგრამ თანხის დიდი ნაწილი არჩევნებისკენ მიმართონ. ეს სისტემა შექმნა გიგი უგულავამ, რომელიც დღეს ბრალდებული მერია, თავის დროზე კი ერთპიროვნული მმართველი იყო. კიდევ ერთხელ ძალიან მარტივად და გასაგებად ვამბობ: ბიუჯეტს მაშინ მივიღებთ, თუ მისი ხარჯვითი ნაწილის გამო კითხვები აღარ გვექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის გარშემო საფუძვლიანი ეჭვი გვიჩნდება. მიკვირს, უფლებადამცველ სევდია უგრეხელიძეს ადრე რატომ არ უჩნდებოდა კითხვები: თუნდაც ცოცხებზე, ადამიანების გაუპატიურებაზე, უსამართლოდ წართმეულ ქონებებზე ან თუნდაც იმაზე - რატომ ხარჯავდა გიგი უგულავა ტელეფონზე საუბარში 50 ათას ლარს?! მე კი ერთი უმნიშვნელო დეტალი გამომრჩა ქონებრივ დეკლარაციაში და ისიც არ მაპატიეს. რამდენიც უნდა ამტკიცონ, ჩვენ სკამების ინტერესი არ გვაქვს, ჩვენ გვაინტერესებს, რომ 800 მილიონი ანუ დედაქალაქის ბიუჯეტის ფული, არამიზნობრივად ვერავინ დახარჯოს და არავის მიეცეს საშუალება, რომ ამ თანხით თავისი საარჩევნო კამპანია დააფინანსოს. ქალბატონი სევდია ჩვენზე იმასაც ამბობს, ეს ხალხი სათავეში "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიყვანაო, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" საქართველო არ არის. ეს მათ აქვთ ასეთი სინონიმები: "გიგი - თბილისი", "ნაციონალური მოძრაობა - საქართველო". იმ ხალხის უმეტესობა, ვინც თავის დროზე გაემიჯნა ამ ამაზრზენ ორგანიზაციას - "ნაციონალურ მოძრაობას", მაჟორიტარი დეპუტატია. მეც მაჟორიტარი ვარ და სწორედ ჩვენი ხმების ხარჯზე მიიღეს მათ ხალხის მხარდაჭერა. სევდია უგრეხელიძე თავის დღეში ვერ ეღირსებოდა მერობას, მაგრამ უგულავამ როგორც ყურმოჭრილი მონა, ისე გადაიყვანა საკრებულოში და დღესაც, როგორც თოჯინას, ისე მართავს. ის პირდაპირ და ირიბად თვითონ არის ამ პროცესში გარეული და ეტყობა, თავის გადარჩენა უნდა. "ნაციონალებს" ეშინიათ, არ გახმაურდეს ის დოკუმენტები, რომლებსაც ისინი ცოცხალი თავით არავის აჩვენებენ და უნდათ, ამ სამი თვის განმავლობაში როგორმე თავი გადაირჩინონ, ამიტომაც ცდილობენ, პოლიტიკური ელფერი შესძინონ ყველაფერს.

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკო­ნომიკის საკითხებში:

- თბილისის ბიუჯეტის გამო მომ­ხდარი დაპირისპირება მხოლოდ ეკონომიკური მოტივებით არ არის განპირობებული. აქ მრავალი ასპექტია ერთმანეთზე გადაჯაჭვული: ეს იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამართლებრივი ასპექტები. ამ პროცესს ხატოვნად შევადარებდი რეკონკისტას - ესპანელების მიერ პირენეს ნახევარკუნძულის თანდათანობით გათავისუფლებას არაბებისაგან. თბილისის მერია და მისი ბიუჯეტი "ნაციონალური მოძრაობის" ბოლო იმედია, მათი მომხრეები იქ არიან თავშეფარებული, აქვთ სამსახურები, ამიტომ პოლიტიკური მოტივი, თუ რატომ არ ხდება თბილისის ბიუჯეტის დამტკიცება, გასაგებია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური და ფინანსური მოტივებიც. ვნახოთ, შესაძლოა, თბილისის ბიუჯეტი მეოთხე განხილვისას მაინც მიიღონ, მაგრამ თუ ახლაც არ დამტკიცდება, მაშინ ალბათ ცენტრალური მმართველობა ჩაერევა საქმეში და ეს იქნება ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა