"მაკანკალებს, ისე ცუდად ვარ" - ზურაბ ჟვანიას ახლობლები ცხედრის ფოტოსთან დაკავშირებით

"მაკანკალებს, ისე ცუდად ვარ" - ზურაბ ჟვანიას ახლობლები ცხედრის ფოტოსთან დაკავშირებით

ვიდეოპორტალ "იუთუბიზე" 19 მარტს, საღამოს, აიტვირთა სკანდალური ვიდეო სათაურით "სააკაშვილმა მოკლა ზურაბ ჟვანია". კადრები მძიმე საყურებელია. ერთწუთიან ვიდეოში ჩანს ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ცხედრები, რომელთაც ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ. ზურაბ ჟვანიას დაზიანებები და სილურჯეები აღენიშნება ქვედა ტუჩის, თავისა და მკერდის არეში. თავის არეში დაზიანება, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით არის მიყენებული. რაულ იუსუპოვის ცხედარს გულ-მკერდისა და ყელის არეში აქვს დაზიანებები და სისხლის კვალი პერანგზეც ამჩნევია. გარდა ამისა, ვიდეოკადრებიდან ნათლად ჩანს, რომ იუსუპოვის ცხედარი არის გადაადგილებული (სავარაუდოდ, ნათრევი), ვინაიდან გარდაცვლილის შარვალი მტვრიანია.

საზოგადოებას კარგად ახსოვს 2005 წლის 4 თებერვლის დილა, როდესაც შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საზოგადოებას აუწყა, რომ გარდაცვლილია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია. მერაბიშვილმა ჟვანიას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში განაცხადა, რომ პრემიერის გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. მაშინ მერაბიშვილს არ უსაუბრია გარდაცვლილების სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, რაზეც წლების განმავლობაში იწერებოდა პრესაში, სწორედ გაზით მოწამვლა დაასახელა "ნაციონალების" დროინდელმა პროკურატურამ ჟვანიასა და იუსუპოვის გარდაცვალების მიზეზად და "ნაციონალების" ბოსებიც ამ მიზეზს ასახელებდნენ გამუდმებით.

შეგახსენებთ, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილი ჯერ კიდევ წლების წინათ აცხადებდა, რომ 3 თებერვლის ღამეს ზურაბ ჟვანია შავნაბადაზე იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილთან, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად. ერთ-ერთი ვერსიით, ჟვანიასა და სააკაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც სააკაშვილმა ჟვანიას საფერფლე ესროლა. მეორე ვერსიით, თითქოს ჟვანია სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას ბიზნესინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით ჰქონდა ინტერესები, ჟვანია კი არ აპირებდა აეროპორტი პრეზიდენტის ბიძისთვის ჩაეგდო ხელში და სწორედ ამის გამო ჟვანია მოიშორეს.

იცოდა თუ არა ამ ვიდეომასალის შესახებ ექსპრემიერის ოჯახმა?

"ალია" ზურაბ ჟვანიას ძმას, გოგა ჟვანიას დაუკავშირდა:

- მე ნანახი მქონდა ეს ვიდეოკადრები მანამდეც, სანამ ინტერნეტში გავრცელდებოდა. ნამდვილად არ ვიცი, ახლა ვინ და რატომ გაავრცელა, არც მაქვს ვერსია, ვის შეიძლებოდა გაევრცელებინა.

- თქვენ აცხადებდით, რომ პროკურატურა სწორ კვალზე დგას და ზურაბ ჟვანიას მკვლელობა მალე გაიხსნებაო, ამ ვიდეოკადრებს გულისხმობდით? ჰქონდა პროკურატურას ეს კადრები მანამდეც?

- მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ერთ-ერთი მასალა, რომელიც ჰქონდა პროკურატურას და რომელმა ინფორმაციამაც თავის დროზე გამოჟონა "ნაციონალური მოძრაობიდან", ვგულისხმობ ამ ვიდეოკადრებს. ვის მიერ იქნა ეს ვიდეო მიცემული პროკურატურისთვის, ვერ გეტყვით, რადგან ნამდვილად არ ვიცი.

- ამ ვიდეოკადრებს თუ აქვს გაგრძელება?

- რა თქმა უნდა, მე ნანახი მაქვს ბევრად მძიმე კადრები, ვიდრე ის არის, რაც სოციალური ქსელით გავრცელდა. სხვას ვერაფერს გეტყვით. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ზურაბ ჟვანიას საქმე გაიხსნება. ერთი წუთითაც კი არ მეპარება ამაში ეჭვი.

იცოდა თუ არა ამ ვიდეოკადრების შესახებ პროკურატურამ? ამის გასარკვევად "ალია" მთავარი პროკურატურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს თემურ დოლიძეს დაუკავშირდა: "მე არ ვფლობ არანაირ ინფორმაციას ამ კადრებთან დაკავშირებით, ვერც იმას გეტყვით, ჰქონდა თუ არა ეს ვიდეომასალა პრკურატურას მანამ, სანამ ვიდეოპორტალზე გავრცელდებოდა. მე, როგორც პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ეს კადრები უკვე გადავუგზავნე მთავარ პროკურორს. დამატებითი განცხადება მოგვიანებით გაკეთდება ჩვენი მხრიდან და გაჟღერდება ისიც, იქნებიან თუ არა ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი პირები დაკითხვაზე დაბარებული. ახლა მეტი ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია".

საზოგადოებას ახსოვს "ნაცმოძრაობის" ლიდერების განცხადებები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ექსპრემიერის მეგობრები, ის ხალხი, ვინც პოლიტიკურ ასპარეზზე სწორედ ჟვანიამ გამოიყვანა ურცხვად აცხადებდნენ, რომ ექსპრემიერი არავის მოუკლავს. ამ "ჩვენებას აწვებოდნენ" ვიდეოკადრების გავრცელებამდე გია ბარამიძე და მიხეილ მაჭავარიანი. "ალია" ცდილობდა მათთან დაკავშირებას, თუმცა მობილური ტელეფონები გამორთული ჰქონდათ.

ზურაბ ჟვანიას მეგობრებიდან ერთ-ერთი გამონაკლისი იყო ხათუნა ხოფერია, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჟვანია მოკლეს.

"ალია" ხათუნა ხოფერიას ესაუბრა:

- როდესაც ზურას გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი, როგორც მე ვიცი, იქ მუშაობდა რამდენიმე კამერა, მათ შორის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეოკამერა. სავარაუდოდ, ეს მასალა იმ ადამიანმა გაავრცელა, ვინც იყო ავტორი ამ კადრებისა. ალბათ, ეყო ჭკუა და შეინახა კადრები, ვინაიდან იცოდა, რომ ეს მასალა მოქმედებაში მოყვანილი ბომბი იყო. ამ კადრების გავრცელება ადასტურებს ჩვენს ნათქვამს, რომ გამოძიება მალე დამთავრდება და ერთხელ და სამუდამოდ გაეცემა პასუხი შეკითხვას – ვინ მოკლა ზურაბ ჟვანია?

- იცოდით მსგავსი კადრების არსებობის შესახებ?

- რა თქმა უნდა, ვიცოდი და ამბობდნენ კიდეც, რომ არის გარკვეული მასალა. რაც ამ ვიდეორგოლშია ნაჩვენები, იგივე ტუჩის ქვეშ დაზიანება და თავის არეში. ტუჩის ქვეშ ზურას ჰქონდა ნაკერი გაკეთებული, თუმცა ამ ნაკერზე სილურჯე შეიმჩნეოდა. ის არ ვიცოდი ტუჩის შიგნითაც თუ იყო დაზიანება, ბოდიშს გიხდით ასე საუბრისთვის, მაკანკალებს, ისე ცუდად ვარ. ძალიან საინტერესოა თვითონ რაულ იუსუპოვის კადრები, მას ემჩნევა, რომ გვამი არის ნათრევი და გადაადგილებული, სხვა შემთხვევაში შარვალი ასე არ ისვრება მტვრისგან.

- რას ეტყვით ჟვანიას იმ "მეგობრებს", რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ექსპრემიერი ბუნებრივი აირით გაიგუდა?

- არაფერსაც არ ვეტყვი. ისინი არ არიან ღირსნი ზურას თემაზე საერთოდ რამე ველაპარაკო, ასე ნამდვილად ვერ დავაფასებ ვერც ერთ მათგანს. დაურეკეთ ერთი, ჰკითხეთ, არ გაინტერესებთ, რა პასუხს გაგცემენ?

- მობილური ტელეფონები გამორთული აქვთ, ვერ ვახერხებთ მათთან დაკავშირებას.

- მე არაფერსაც არ ვეტყვი. საინტერესოა, თვითონ თუ რცხვენიათ თავიანთი ქმედებისა და ნათქვამების, მაგრამ გგონიათ, რამე შეიცვლება? ადამიანს რომ შერცხვეს, ნამუსი უნდა ჰქონდეს.

- თქვენ და "ნაციონალური მოძრაობის" სახეებს საერთო მეგობრები გყავთ, ხომ არ იცით, რას ამბობენ პირად საუბარში გია ბარამიძე, მიშა მაჭავარიანი და ის "ნაციონალები", რომლებიც ჟვანიას მკვლელობას გამორიცხავდნენ?

- მე მათთან სამი წელია, შეხება აღარ მაქვს. ნამდვილად არ ვიცი. ერთადერთი რომანს ველაპარაკე კუსიანს, რომელმაც არ იცოდა, რომ ეს კადრები გავრცელდა, ნახავს ახლა რომანიც ამ კადრებს და მოგვიანებით, ალბათ, თვითონაც გააკეთებს განცხადებას.

ყოფილი მმართველი პარტიის ის წევრები, რომლებიც სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით აქტიურობენ და შანსს არ უშვებენ, ხელისუფლება გააკრიტიკონ, გაუჩინარდნენ მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი ჟვანიას კადრები გავრცელდა. მიხეილ სააკაშვილს, გიგი უგულავას, კობა ხაბაზს, დავით საყვარელიძეს, ირმა ნადირაშვილს, კობა სუბელიანს, გიორგი ვაშაძეს არათუ გავრცელებული ვიდეო არ გაუზიარებიათ "ფეისბუკზე", საერთოდ არ გამოჩენილან სოციალურ ქსელში.

ერთადერთი, ვინც ამ თემას სოციალური ქსელით გამოეხმაურა გოგა ხაჩიძე იყო, რომელმაც შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა ღამის თერთმეტი საათისთვის: "ხომ შეიძლება ასეთი რამე გაკეთდეს – პირადად გოგლა ჟვანიამ, აიღოს ზურაბ ჟვანიას საქმე; აიღოს ამერიკის ფედერალური ბიუროს დასკვნა, დაჯდეს პირდაპირ ეთერში და სრულად გაასაჯაროოს. მერე ის ახსნას, რას და რატომ არ ეთანხმება. ხომ უნდა დამთავრდეს ეს პრიმიტიული იდიოტიზმი?! პირადად მე უკვე აღარ მესმის როდემდე უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ ზურაბ ჟვანიას სახელს, თანაც იმ პირობებში, როდესაც ცალკე ოჯახის წევრები და ცალკე ხელისუფლება მუდმივად ახდენს ამ საკითხით ბინძურ მანიპულაციებს".

ხაჩიძემ მოგვიანებით კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მიმართავს: "პირადად თქვენ გეკითხებით! რატომ გაასაჯაროეთ ფოტომასალა, რომელიც ჟვანიას საქმეში ოფიციალურად დევს?!"

შორენა გოგოლაძე

გაზეთი "ალია"

ასევე იხილეთ: სოციალურ ქსელში ზურაბ ჟვანიას და რაულ იუსუპოვის ცხედრების ფოტომასალა გავრცელდა (+5 ფოტო)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა