ნოდარ ხადური - ”ღიმილიანი საქართველოს” პროგრამის ფარგლებში ხალხს დააძრეს კბილები და აღარ გაუკეთეს

ნოდარ ხადური - ”ღიმილიანი საქართველოს” პროგრამის ფარგლებში ხალხს დააძრეს კბილები და აღარ გაუკეთეს

საგადასახადო ტვირთი არ შემსუბუქდება, პრესას გაუქმებული შეღავათები არ დაუბრუნდება. აღარ იქნება "საგადასახადო ოაზისები" და გადასახადს ყველა გადასახადის გადამხდელი გადაიხდის. 2013 წლის ბიუჯეტში მთავარი მიზანი კი სოციალური პრობლემების მოგვარება იქნება. "ბიზნეს-რეზონანსი" საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს ესაუბრა:

- თქვენ განაცხადეთ, რომ კომპანიები "საგადასახადო ოაზისში" იმყოფებოდნენ, ბევრი იყო ასეთი კომპანია და კიდევ რომელ კომპანიაში ვიხილავთ შემოსავლების სამსახურს?

- ძალიან ბევრი ორგანიზაცია იყო, რომელზეც საგადასახადო კანონმდებლობა არ ვცრელდებოდა. ამ კომპანიებს არავინ აწუხებდა. დიდ ნაწილთან ფორმდებოდა საგადასახადო შეთანხმება და ისინი დავალიანებისგან "სუფთავდებოდნენ". ჯერ ერთი, თვეა რაც ვმუშაობთ და ათეულობით (თუ ასეულობით არა) ასეთი ფირმა ვნახეთ.

რაც შეეხება იმას, კიდევ რომელ კომპანიაში ვიხილავთ შემოსავლების სამსახურს. ზოგადად შემოსავლების სამსახურს სხვა საქმე არ აქვს, მისი მოვალეობაა შევიდეს და შეამოწმოს კომპანიების ფინანსური საქმიანობა, ბიუჯეტთან დამოკიდებულება, გადასახადების გადახდა და ა.შ. არსებობს სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც მაღალი რისკის კომპანიებს არჩევს. ის კომპანია, რომელსაც გარკვეული ტიპის დავალიანება აქვს, პროგრამა შემთხვევითობის პრინციპით ამოაგდებს, შემოსავლების სამსახური ავტომატურ რეჟიმში იღებს გადაწყვეტილებას და იწყებს შემოწმებას. ამისთვის, ფინანსთა მინისტრთან შეთანხმება საჭირო არ არის. ეს ყველაფერი ავტომატურ რეჟიმზეა დაყენებული.

- შეიძლება დაასახელოთ რამდენიმე კომპანია, რომელიც ამგვარ ოაზისში იმყოფებოდა?

- 5 ტელეკომპანია უკვე დავასახელე. საერთოდ, ძალიან ბევრი კომპანია იყო, მათ შორის, ის კომპანიები, რომლებიც თბილისის, სიღნაღის, თელავის, ქუთაისის რეაბილიტაციის პროექტებში მონაწილეობდნენ. კომპანიები, რომლებიც აშენებდნენ ლაზიკასა და სხვა. ეს კომპანიებია, ერთის მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდნენ გარკვეული ტიპის დაფინანსებას და ამასთანავე მათ მიმართ საგადასახადოც ძალიან ლოიალური იყო.

- შეგიძლიათ დაასახელოთ, რამდენი იზარალა ასეთი შეღავათების გამო ბიუჯეტმა?

- ამ ყველაფერს ვითვლით. თავისთავად ცხადია, ეს არ არის ერთი წლის ბიუჯეტის ზარალი. უნდა გითხრათ, რომ ზარალი ასეულობით მილიონ ლარს აღწევს. მარტო, 3 ტელეკომპანიას დაახლოებით 40 მილიონი ლარის გადასახადი აპატიეს. ეს რაც დათვლილია და კიდევ 2 ტელეკომპანიას საგადასახადო დავალიანება დაუთვლელად აპატიეს. ახლა, თქვენ წარმოიდგინეთ, სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც უზარმაზარი ბრუნვები აქვთ და რა რაოდენობის საგადასახადო დავალიანება ექნებოდათ, რომლებსაც არ იხდიდნენ.

- როდესაც მინისტრი გახდით, ცხარე დისკუსიები იყო თუ რა მდგომარეობაში დაგხვდათ ბიუჯეტი. ამ დროისთვის, რა მოცულობის თანხაა ბიუჯეტში და მოახერხებთ თუ არა წლის ბოლომდე ყველა ვალდებულების გასტუმრებას?

- ამ დროისთვის, ხაზინაში, დაახლოებით, 400 მილიონი ლარია, ანუ ჩავიბარეთ ბიუჯეტი, რომლის ანგარიშზეც 200 მილიონი ლარი იყო. იმის შემდეგ ყველა მიმდინარე ვალდებულება გავისტუმრეთ, ავკრიფეთ გადასახადები და დღეს დაახლოებით 400 მილიონი ლარი გვაქვს, რომლის განკარგვაც შეგვიძლია. წლის ბოლომდე ვაგრძელებთ მუშაობას, ოპტიმისტურად ვარ და გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა ვალდებულება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტმა აიღო, გასტუმრებული იქნება.

ერთი სერიოზული პრობლემაა. წინა ხელისუფლებამ ისეთი ხარჯები გაწია, რომელიც ბიუჯეტით გათვალისწინებული არ იყო. მაგალითად, 50 მილიონ ლარზე მეტია თავდაცვის სამინისტროსთვის გაწერილი, რომელსაც ბიუჯეტი არ ითვალისწინებდა, ახლა გვიწევს დამატებით ამ 50 მილიონის ლარის მოძიება. დაახლოებით, 20 მილიონ ლარამდე მასწავლებლების ხელფასზე და სკოლების რემონტზე დაიხარჯა. მე არ ვამბობ, რომ სკოლების გარემონტება ცუდია, მაგრამ ეს მასწავლებლების ხელფასით არ უნდა გააკეთო. ჩვენ იძულებულნი ვართ მასწავლებლების ხელფასისთვის დამატებითი თანხა გამოვძებნოთ. ასე რომ, არც ამ ხელფასების დარიგების პრობლემა იქნება.

ყველასთვის ცნობილი პროგრამისთვის - "ღიმილიანი საქართველო", 13 მილიონი დაიხარჯა, თანხა ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული. ამ პროგრამით კი ხალხს დააძრეს კბილები და აღარ გაუკეთეს, სამწუხაროდ, ასეთი რაღაცებიც ხდებოდა. ჩვენ ყველა რესურს გამოვძებნით, რომ აღებული ვალდებულებები, როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული შესრულდეს.

- საინტერესოა, როგორ იქნება ახალი მთავრობის დამოკიდებულება შიდა ვალებთან დაკავშირებით. წლეულს ფინანსთა სამინისტრომ ნახევარ მილიარდზე მეტი სახაზინო ვალდებულებები გამოუშვა, გაგრძელდება თუ არა ამ მასშტაბებით შიდა ვალის ზრდა?

- ეს არის პროცესი, რომელიც უკვე დაძრულია და ამ პროცესს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ზოგადად, კარგია, როდესაც ხელისუფლება ისე ცხოვრობს, რომ ვალებს არ იღებს. არ ვაპირებთ, ბევრი და განსაკუთრებით მძიმე ვალი ავიღოთ, თუმცა უკვე არსებულ ვალს მომსახურება სჭირდება. ჩვენ გავაგრძელებთ, ფასიანი ქაღალდების გამოშვებას, თუმცა დიდი მოცულობის ემისია არ იქნება. პირობითად, თუკი გაისად უნდა გავისტუმროთ 100 მილიონი ლარი, 120 მილიონი ლარის ფასიანს ქაღალდს გამოვუშვებთ. იმედი გვაქვს, რომ მომავალში აღებულ ვალდებულებებს მხოლოდ მოვემსახურებით და ახალ ვალებს არ ავიღებთ.

მეორეს მხრივ, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე აქტივობა შეიმჩნევა. სამწუხაროდ, კერძო კომპანიების მონაწილეობა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ძალიან სუსტია. აქციები, პრაქტიკულად, არ იყიდება, კერძო ობლიგაციები არ არსებობს. ამიტომ ერთადერთი გაყიდვადი ფასიანი ქაღალდი არის სახაზინო ვალდებულებები. ვუშვებთ, სხვადასხვა ვადიან ფასიან ქაღალდებს და ვცდილობთ, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარს განვითარების სტიმული მივცეთ. გარდა ამისა, სახელმწიფო ვალების ინვესტარიზაციასაც ვაკეთებთ. სამწუხაროდ, ზუსტად არ ვიცით, რამდენი გვაქვს შიდა ვალი. ამაზეც ვმუშაობთ.

- საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების კუთხით თუ გეგმავთ მუშაობას? მეწარმეები განსაკუთრებით მაღალ საურავებზე ჩივიან...

- ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვიწყებთ ჯარიმების ჰუმანიზაციას. ხშირ შემთხვევაში ჯარიმები არაადეკვატურია. საგადასახადო კოდექსში შევიტანთ ცვლილებებს და ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა.

ასევე, იცით, რომ შემოსავლების სამსახური არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მას, გარდა სახელმწიფო შემოსავლებისა, გაწეული მომსახურებიდან საკუთარი შემოსავლები აქვს. შემოსავლების სამსახურში, სხვადასხვა მომსახურებისთვის საფასური ძალიან მაღალია და ამ მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ.

მაგალითად, როდესაც მინისტრად დავინიშნე, პირველივე ორშაბათს ფინანსური აკადემია დავათვალიერე. აკადემიის პირდაპირ შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრია, აკადემიიდან გამოსვლისას სერვის ცენტრში შევედი და ოფიცერს ვთხოვე ჩემი პირადი ბარათი ამოეღო. აღმოჩნდა, რომ სამი ლარი მაქვს დავალიანება, მიწის გადასახადში, ამავე დროს მაქვს 4700 ლარი ზედმეტობა საშემოსავლო გადასახადში. მე, როგორც ფიზიკური პირი, ერთი პერიოდი გაეროს განვითარების პროგრამაში ვმუშაობდი და თვითონ ვიხდიდით გადასახადებს და მერე ამის დეკლარირებას ვახდენდით.

მოკლედ, აღმოჩნდა, რომ მაქვს ზედმეტობა. ვთხოვე, რომ ზედმეტობა გადმოეტანა მეორე გადასახადში, სადაც 3 ლარი მქონდა დავალიანება. მითხრეს, ეს მომსახურება 50 ლარი ღირდა. საკმაოდ მაღალი თანხაა, მე თუ მკითხავ ეს მომსახურება საერთოდ უფასო უნდა იყოს. ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ამაზე.

გარდა ამისა, არ ვაპირებთ, რომ საგადასახადო წესრიგი დაირღვეს. ყველა გადამხდელს მოვუწოდებ, რომ გადაიხადონ გადასახადები. ძალიან მინდა ვთხოვო, ჩვენს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომ აუცილებლად გამოიყენონ სალარო აპარატი, "ამოარტყან ჩეკი". თავიდან ავიცილოთ პრობლემები, რომლებიც მათაც მძიმედ დააწვება და არც ჩვენთვის არის სასიამოვნო. სერიოზულ მუშაობას ვიწყებთ, რათა საგადასახადო პროცესები გამჭირვალე გავხადოთ.

მეორეს მხრივ, ჩვენი დამოკიდებულება იქნება შეუვალი. როგორც უკვე აღვნიშნე, არის კომპანიები, რომლებსაც საგადასახადო არ აწუხებდათ და არის კომპანიები, რომლებსაც შემოსავლების სამსახური იმიტომ სტუმრობდა, რომ იქ სხვანაირად ფიქრობდნენ. ნებისმიერი გადასახადის გადამხდელი თანაბარ პირობებში იქნება.

- სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით თუ იგეგმება რაიმე ცვლილებები? ცოტა ხნის წინათ, პრემიერ-მინისტრი ამ ბიზნესთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკული იყო...

- ჯერჯერობით სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით რაიმე რადიკალური ცვლილება არ იგეგმება. გადაწყვეტილებები ფართო და საქმიანი მსჯელობის შემდეგ იქნება მიღებული. არის გარკვეული თემა, რომელიც საჩოთიროა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, არ დავასახელებ, რომელიმე კონკრეტულ ობიექტს ან ბიზნესს. თუმცა ყველა ხვდება, რომ არის საჩოთირო თემები, რომლებიც გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებას მოითხოვს. ამავე დროს, ეკონომიკას თავისი წესები აქვს და ამ წესებში უხეში ჩარევა არ შეიძლება. ვიმეორებ, დეტალური ანალიზის შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები.

- პრესას თუ აღუდგება საგადასახადო შეღავათები, რომელიც წინა მთავრობამ გააუქმა? საუბარი იყო მოგების გადასახადის გაუქმებაზე...

- გულწრფელად, რომ გითხრათ, მირჩევნია, რომ თქვენ გქონდეთ ძალიან დიდი მოგება და ამ მოგების 15% სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოთ. უნდა შეიქმნას კონკურენტული გარემო. საგადასახადო შეღავათებზე არ ვმუშაობთ, თუმცა ჩვენმა კოლეგებმა დააყენეს ეს საკითხი. ჩვენი მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ გადაწყვეტილებებს ანალიზისა და გათვლების გარეშე არ ვიღებთ. უნდა დავითვალოთ ეს შეღავათი რას მისცემს პრესას, რას გამოიწვევს სხვა მიმართულებებით. მედია მარტო პრესა ხომ არ არის, არსებობს ელექტრონული მაუწყებლობა, ტელევიზია და სხვა.

ყველაფერს სჭირდება დათვლა, არა მხოლოდ იმ მიმართულებებით ბიუჯეტი რას მიიღებს ან რას არ მიიღებს, არამედ რამდენად სამართლიანი იქნება საგადასახადო კანონმდებლობა. ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი იყოს სამართლიანი იმისთვის, რომ ბიზნესს ხელი არ შეეშალოს, მათ შორის, მედიას. ამავე დროს, მედიამაც იგრძნოს, რომ ის ზრუნავს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობაზე, ვინაიდან თქვენს მიერ გადახდილი გადასახადები, პენსიას, დაზღვევას, განათლებას, ჯანდაცვას მოხმარდება.

ვფიქრობ, ადამიანს კმაყოფილების გრძნობა უნდა გაუჩნდეს, რომ ის გადასახადებს იხდის. ეს არის მთავარი რეფორმა, რომელიც ჩვენ უნდა გავატაროთ. გადასახადის გადახდა არ არის მხოლოდ ვალდებულება, გადასახადის გადახდა პატივია. ჩვენ ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით, ძალიან მინდა, რომ საქართველოში ეს გრძნობა ჩამოუყალიბდეს ყველა ადამიანს.

- თქვენ მიერ დაგეგმილი 2013 წლის ბიუჯეტი, წინა მთავრობის მიერ დაგეგმილ ბიუჯეტზე დიდია. რა გახდა ბიუჯეტის გაზრდის საფუძველი, ეკონომიკური მდგომარეობა უფრო უკეთესი დაგხვდათ ვიდრე ელოდით?

- არა. ველით, რომ 2013 წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება. საკმაოდ რეალური ბიუჯეტი გავაკეთეთ. ცხადია, ბაზად ავიღეთ ის პარამეტრები, რომელიც ქვეყანაშია. თუმცა ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს არის იმისი შესაძლებლობა, რომ ეკონომიკა მეტად გაიზარდოს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გაისად დიდი ოდენობის ინვესტიცია შემოვა. მათ შორის, ინვესტიციები განხორციელდება სოფლის მეურნეობაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

პარლამენტში შევიტანეთ გაზრდილი ბიუჯეტი და რაც მთავარია არსებული რესურსები ოპტიმალურად გადავანაწილეთ. ბიუჯეტი ხალხზე ორიენტირებული გავხადეთ. შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები. მაგალითად, 2011 წელს ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი 230 მილიონი ლარი იყო, გაისად სამინისტრო 100 მილიონს დახარჯავს, ანუ ჩვენი ბიუჯეტი 130 მილიონი ლარით შემცირდა. დაზოგილი 100 მილიონი ლარი გადამისამართდება სოციალურ პრობლემებზე, დაზღვევაზე. ვიცით, რომ საქართველოში ავად გახდომა გაღატაკების ტოლფასია. მნიშვნელოვანია, რომ ის ვალდებულებები, რომელიც ქართულმა ოცნებამ წინა საარჩევნოდ აიღო, მაქსიმალურად შევასრულოთ.

- სახელმწიფო ბიუჯეტი არის პროგრამული, მაგრამ ხარჯვითი ნაწილი არის ბუნდოვანი, თუნდაც ის, რომ ვერ შევძელით ინფორმაციის მიღება, რაში იხარჯებოდა მილიარდზე მეტი ლარის "სხვა ხარჯები", რამდენად მოხერხდა, ამ მოკლე პერიოდში, გამჭირვალობის ხარისხის ამაღლება?

- დავიწყოთ იქიდან, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი რეალურად პროგრამული არ არის, თუმცა მას პროგრამული ჰქვია. ყველა პროგრამას უნდა ჰქონდეს ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც შევაფასებთ, პროგრამის ეფექტიანობას, თუმცა ეს ასე არ არის. თითოეულმა მხარჯავმა სუბიექტმა საკუთარი პროგრამული ბიუჯეტი უნდა შეადგინოს, საკუთარი ინდიკატორები განსაზღვროს.

რაც შეეხება ამ მოკლე პერიოდში, პირველად საქართველოს ისტორიაში ბიუჯეტს გაუჩნდა დანართი სხვა ხარჯების გაშიფვრა. სხვა ხარჯები არსებობს, მაგრამ იქვე არის დანართი თუ სხვა ხარჯები რა კომპონენტებისგან შედგება. მივდივართ იმ მიმართულებით, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს თითოეული თეთრი რაში იხარჯება.

უცხოელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ, რათა სამინისტროებში ჩავატაროთ ტრეინინგები. გვაქვს ამბიცია, რომ 2014 წლის ბიუჯეტი წინა წლების ბიუჯეტებისგან თვისობრივად განსხვავებული იქნება, ავაშენებთ გამჭირვალე და სამართლიან საბიუჯეტო სისტემას.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ასევე იხილეთ: "ჰოლივუდში სადა აქვთ ეგეთი ღიმილი, თქვენ რომ გაქვთ" - მიხეილ სააკაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა