გაზეთი "ვერსია" თაკო ჩარკვიანის წერილს აქვეყნებს. კულტურის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი და მუსიკის მცოდნე წერილში საუბრობს გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფის შესახებ, რომლებიც, მისი თქმით, ქალიშვილობის ინსტიტუტის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.
"ამას წინათ, ერთი ჩემთვის და შეიძლება, ჩემი მკითხველისთვისაც ნაცნობი ქალბატონი მოვიდა ჩემთან და პეტიცია მომიტანა, ხელმოწერებს ვაგროვებთ პატრიოტი ქალები, ვისაც გული შეგვტკივა სამშობლოზე, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი აღდგესო (ჩემმა მეგობარმა, ერთმა ნიჭიერმა ადამიანმა მითხრა, ჩემთანაც იყვნენო). გავოცდი და ერთი კი ვკითხე ამ ქალბატონს, დავუშვათ, ჩვენ მოგიწერეთ ხელი, მერე, რა მექანიზმით უნდა აღადგინოთ-მეთქი, როგორ აკონტროლებ მაგ ამბავს-თქო. წარმოვიდგინე გაკონტროლების პროცესი და ცოტა გამეცინა. რომ მიხვდა, ვხუმრობდი, გამინაწყენდა, კარი გაიხურა და წავიდა, თან მითხრა, მე შენ ვერ გცნობ, შენ, ასეთ ტრადიციებზე გაზრდილ გოგოს, რა გჭირსო, - მითხრა ნაწყენმა. არაფერი ვუპასუხე, ერთი კი გავიფიქრე, რა მცდარი წარმოდგენა აქვს ამ საწყალს ტრადიციებზე-მეთქი. მერე ვნახე, ეს ქალი ძალზე აქტიურად იყო ჩართული სწორედ იმ პოლიტიკოსის აქტიურ მოღვაწეობაში, ზემოთ რომ ვსაუბრობდი, მივხვდი, სადაც იყო ძაღლის თავი დამარხული, მაგრამ ამოთხარე და იყავი, მერე რა, - ის დადის და ხელმოწერებს აგროვებს. ისე, გამიხარდა: გავიგე, რომ ბევრი ვერ მოუგროვებია", - წერს ჩარკვიანი.