ნაციონალების გართობა-დასვენებასა და ფუფუნების საგნებში დახარჯული მილიონობით ლარი

ნაციონალების გართობა-დასვენებასა და ფუფუნების საგნებში დახარჯული მილიონობით ლარი

"ნაციონალების გართობა-დასვენებასა და ფუფუნების საგნებში დახარჯული მილიონობით ლარი", - სტატიას ამ სახელწოდებით გაზეთი "ვერსია" აქვეყნებს.

14 ივლისს, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის დაცვის უფროსები მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. დეტალებზე არ საუბრობენ, მაგრამ "ვერსიის" ვარაუდით, გამორიცხული არ არის, ექსპრეზიდენტისა და ყოფილი პირველი ლედის დაცვის წევრები იმ საქმის გამო დაიბარეს, რომელიც წელიწადნახევრის წინ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ირინა იმერლიშვილმა გაახმაურა, - წერს სტატიის ავტორი.

"ვერსიაში" ვწერდით, რომ იმერლიშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის ფარულ ხარჯებს გრიფი "საიდუმლო" მოხსნა. დეპუტატმა გაარკვია, რომ საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის ოჯახის წევრებისა და მეგობრების დასვენება-გართობასა და ფუფუნების საგნებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯებოდა; მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის ესპანელი მზარეულის ცხოვრებისა და თარჯიმნით უზრუნველყოფის ხარჯი 500 000 ლარს შეადგენს – მზარეულის ერთი თვის ხელფასი 13 494, თარჯიმნის თვიური ანაზღაურება კი 3 400 ლარი იყო, ესპანელი მზარეულისთვის დაქირავებულ ბინაში, თვეში 1294 ლარს იხდიდნენ. 2012 წელს, მხოლოდ ერთ თვეში, მზარეულისა და თარჯიმნის ხარჯები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტს 18 188 ლარი დაუჯდა! მეტიც, ესპანელი მზარეულისა და თარჯიმნის თურქეთში მივლინების ხარჯი _ 4 728 ლარი და 90 თეთრიც კი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან გადაიხადეს, - იუწყება გამოცემა.

რაც შეეხება გართობა-დასვენებას, წინა მოწვევის პარლამენტარები: კობა ხაბაზი, ალანა გაგლოევა, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გოგა ხაჩიძე, დავით საყვარელიძე, მარიამ საჯაია, გიორგი ღვინიაშვილი, ნუგზარ წიკლაური, სერგო რატიანი, დავით დარჩიაშვილი ახალ წელს, პრეზიდენტთან ერთად, დუბაიში შეხვდნენ. მათ გართობაზე 240 000 ლარი დაიხარჯა. მარიამ საჯაიას პრეზიდენტმა ძვირადღირებული მობილური ტელეფონი და სამაჯური უყიდა, უკარინელ მომღერალ ივანა მელაის ოქროს სამკაული აჩუქა, მელაის მამას კი საქართველოს მოქალაქეობა სრულიად უკანონოდ მიანიჭა, რადგან საკუთარ ქვეყანაში ინტერპოლი ეძებდა. სააკაშვილმა და უგულავამ, ძვირადღირებულ ავსტრიულ კურორტზე, გასახდომ პროცედურებში 115 000 ლარი სწორედ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან დახარჯეს. დოკუმენტებით ირკვევა, რომ 40 ერთეული ცხვარიც იყიდეს 7 950 ლარად და მოსახლეობას დაურიგეს.

ექსპრეზიდენტის უფროსი ვაჟის, ედუარდ სააკაშვილის სწავლის საფასური – 14 000 ლარი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან გადაიხადეს, ასევე ბათუმის "შერატონში" მომსახურების ხარჯი _ 936 ლარი და 23 თეთრი, მაგრამ დოკუმენტში მითითებული არ იყო, ვინ იმყოფებოდა სასტუმროში. მომდევნო დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტის სტუმრის, მარიამ საჯაიასთვის, თბილისი-ბათუმის მიმართულებით, ავიაბილეთი 175 ლარად და 70 თეთრად შეუძენიათ.

ერთ-ერთ დოკუმენტში გაშიფრულია პრეზიდენტის ოჯახის წევრების მედიკამენტებისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ხარჯები, ჯამში 1570 ლარი და 70 თეთრი. მედიკამენტებში 55 ლარი და 05 თეთრი გადაიხადეს; სოციალურად დაუცველთათვის შეძენილ მედიკამენტებზე კი 100 ლარი და 08 თეთრი დაუხარჯავთ; კვების ხარჯი 495 ლარი და 16 თეთრია; 340 ლარია გახარჯული პრეზიდენტის უმცროსი ვაჟის, ნიკოლოზ სააკაშვილისთვის, რომელიც ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიაში სწავლობდა და ამ თანხით 2012 წლის აპრილისა და მაისის გადასახადი დაუფარავთ; კვების პროდუქტისა და სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო საქონლის შესაძენად გაწეული ხარჯი 409 ლარი და 96 თეთრია; სათამაშოების შესაძენად 87 ლარი და 20 თეთრი, ხოლო წიგნებისთვის 83 ლარი და 25 თეთრი დაუხარჯავთ.

ივანა მელაისთვის ძვირფასი სამკაული შპს "დაფიონში" შეიძინეს. ოქროს ყელსაბამსა და კულონში 982 ლარი გადაიხადეს. შპს "გალერეა შარდენში", პრეზიდენტის დავალებით, კიდევ ერთი ოქროს სამკაული, ტიხრული მინანქრის სამაჯური 3 550 ლარად შეიძინეს და მარიამ საჯაიას აჩუქეს.

2012 წლის აპრილში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან 1 190 ლარია გახარჯული. მაღაზია-სალონ "სამოსელ პირველში", პრეზიდენტის უმცროს ვაჟს, ნიკოლოზ სააკაშვილს ჩოხა-ახალუხი და ქამარ-ხანჯალი უყიდეს. ხარჯების ჩამონათვალის მიხედვით, სვანური ჩოხა 250, ახალუხი 80, შარვალი 60, მხედრული ჩექმა 270, ქამარი 160, ხანჯალი 170, 10 ცალი ქილა 200 ლარი დაუჯდათ. ამავე მაღაზიაში, ნიკოლოზს ორი ხელნაკეთი თოჯინა-სუვენირი 700 ლარად უყიდეს.

ამ მასალებში ბევრი ისეთი ხარჯიც გვხვდება, რომლითაც ექსპრეზიდენტის საპატიო სტუმრებისა და სხვადასხვა თანამდებობის პირების მგზავრობას ანაზღაურებდნენ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან ყიდულობდნენ ავიაბილეთებს, ტურისტულ საგზურებს და სხვადასხვა ძვირადღირებულ სასტუმროში ნომრებსაც სახელმწიფოს ხარჯზე ჯავშნიდნენ.

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?