სააკაშვილს საქართველოში ჩამოიყვანენ და გაასამართლებენ? - პროკურატურამ მძიმე არტილერია ჩართო

სააკაშვილს საქართველოში ჩამოიყვანენ და გაასამართლებენ? - პროკურატურამ მძიმე არტილერია ჩართო

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქართული საზოგადოების მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენა იყო. მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, ნაციონალების 9-წლიანი პარპაშის დასრულების შემდეგ, ახალი ხელისუფლებისგან მათი საგმირო საქმეების გამოაშკარავებასა და სააკაშვილის "დამნაშავე" თანაპარტიელების სათანადოდ დასჯას ითხოვდა. მერაბიშვილი-ახალაია-უგულავას დაპატიმრება, იმ ადამიანებისთვის, ვინც თავს წინა ხელისუფლების რეჟიმის მსხვერპლად მიიჩნევს, არც საკმარისია და არც შვება. ასეთი ადამიანების რიცხვი კი, როგორც ირკვევა, საქართველოში ძალიან დიდია. სავარაუდოდ, ვრცელია "დამნაშავე ნაციონალების" სიაც და შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა, დღემდე მოთხოვნად რჩება. ხალხის არც ის მოლოდინი გამართლდა, რომელიც გახმაურებული საქმეების გამოძიებას უკავშირდებოდა, თუმცა ამასაც თავისი მიზეზი აქვს - ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცავები აცხადებენ, 2 წელიწადში ყველა საქმის სრულფასოვანი გამოძიება, დამნაშავეების დადგენა და მათი სათანადოდ დასჯა ფიზიკურად შეუძლებელიაო. ამ ლოგიკის მიუხედავად, გაუხსნელი გახმაურებული საქმეების ფონზე, საზოგადოება პროკურატურას დღემდე მიიჩნევს ახალი მთავრობის სუსტ რგოლად - ბობოლა ნაციონალებს შესაბამის საქმეებზე შესაბამისი მტკიცებულებებიც კი ვერ დაუდესო. უკვე უმცირესობაში გადაბარგებული ნაციონალებიც აცხადებენ, გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები თუ არ აქვს, რატომ გვიბარებენ პროკურატურაში, რატომ აპატიმრებენ ჩვენ თანამებრძოლებს, ეს პოლიტიკური დევნააო.

პოლიტიკური დევნა თუ სრულფასოვანი გამოძიება? ეს კითხვა ალბათ ბევრს აღარ დაებადება მას შემდეგ, რაც შეიტყობს, რომ საქართველოში, პროკურატურის მოწვევით, უცხოელი, ყოფილი პროკურორები ჩამოვიდნენ. მათ წარსულში თავის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებში მაღალი თანამდებობები ეკავათ, ყოფილი სახელმწიფო მოხელეების გახმაურებულ საქმეებს უძღვებოდნენ და საერთაშორისო ტრიბუნალების საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით: "მთავარი პროკურატურა გეგმავს, მოწვეული სპეციალისტებისგან კონსულტანტთა ჯგუფი დააკომპლექტოს, რათა მაქსიმალურად გაგვიზიარონ გამოცდილება და გავითვალისწინოთ რეკომენდაციები. ეს მნიშვნელოვანია მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიების წარმოების და პროცესის გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების ამაღლებისათვის. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პროკურატურის ახალ, განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას".

საქართველოს მთავარ პროკურატურაში, სერ ჯეფრი ნაისის, პოლ კაფისა და მოშე ლადორის გამოცდილებას გაიზიარებენ. სამივე მათგანის სახელს მსოფლიო კარგად იცნობს. ისინი საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროკურორები არიან. სერ ჯეფრი ნაისი  1998-2006 წლებში იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე იყო და პირადად უძღვებოდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის საქმეს. ნაისი ასევე იყო ასადის რეჟიმის დანაშაულებათა გამომძიებელი, სერ დეზმონდ დე სილვასა და დევიდ კრეინთან ერთად კი, 2014 წელს გამოცემული საერთაშორისო ანგარიშის ავტორია, რომელიც სირიაში დაკავებულთა წამებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტებს ეხება. ამჟამად იგი პერიოდულად მუშაობს მოსამართლედ და ლონდონის გრეშამის კოლეჯის სამართლის პროფესორია.

მოშე ლადორი 2013 წლის ბოლომდე ისრაელის სახელმწიფო პროკურორი გახლდათ. თანამდებობაზე ყოფნისას ზედამხედველობდა არაერთი პოლიტიკოსის წინააღმდეგ აღძრულ და გამოძიებულ საქმეებს, რომელთა შორისაც იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ეჰუდ ოლმერტისა და მაშინდელი ფინანსთა მინისტრის ჰირჩსონის საქმეც. ამ თანამდებობის დაკავებამდე მოშე ლადორი იყო იერუსალიმის მთავარი პროკურორი.

პოლ კაფი, აშშ-ს "მთავარი გამომძიებელი", იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების დირექტორი გახლავთ. თავის დროზე მუშაობდა კოსოვის კონფლიქტში ომის დანაშაულების გამოძიებაზე. საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, იგი გაერო-ს მისიით იმყოფებოდა კოსოვოში. პოლ კაფი აქტიურად მონაწილეობდა კოსოვოს იუსტიციის სისტემის რეფორმაში, ასევე ზედამხედველობდა გაერო-ს მიერ კოსოვოში წარმოებულ ყველა საქმეს, მათ შორის, ომის დანაშაულთა გამოძიებას.

კითხვა, რატომ მოიწვია ამ დონის სპეციალისტები საქართველომ, ალბათ რიტორიკულად გაჟღერდება, რადგან მკითხველის უმეტესობას სხვა ლოგიკური კითხვა გაუჩნდება: აქამდე სად იყო პროკურატურა?! როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! - საქართველოსთვის არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენაა აუცილებელი, არამედ ამ სამართლიანობის აღდგენის ლეგიტიმაციის ჩვენებაც მსოფლიოსთვის. ეს იმისთვის, ნაციონალური მოძრაოის ნარჩენებს მიზეზი არ დარჩეთ დასავლეთში საკუთარი თავის "პოლიტიკური დევნის მსხვერპლად" წარმოსაჩენად.

უკვე დასმულ კითხვებზე საინტერესო, ალბათ ისაა, კონკრეტულად რომელ საქმეებს გამოიძიებენ მსოფლიო პროკურორები? ისინი რომ უბრალო, რიგით საქმეზე არ გასვრიან ხელს, ცხადია. ამ დონის სპეციალისტების საქართველოში ჩამოყვანა პირდაპირ მოითხოვს პროკურატურისგან "ნაცების რეჟიმის" მთავარი ფიგურანტების - სააკაშვილის, ადეიშვილისა და კეზერაშვილის ჩამოყვანასაც. მათ გარეშე დანაშაულის მანქანის სქემა არასრული იქნება, მით უმეტეს, საამისოდ საკმარისზე მეტი მიზეზია.

მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საიდუმლო ბუღალტერიიდან ამოღებული დოკუმენტებიც კი კმარა იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოს პრეზიდენტი თუ არ ჯობნიდ,ა არაფრით ჩამოუვარდებოდა კორუფციაში, სახელმწიფო სახსრების გალფანგვასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ ისრაელის პრემიერ ექუდ ოლმერტს. მხოლოდ 7 ნოემბრისა და 26 მაისის დარბევებია საკმარისი, რომ ექსპრეზიდენტი პასუხისგებაში მიეცეს საკუთარი ერისადმი დაუნდობელი, ცინიკური და არაადამიანური მიდგომისთვის. მხოლოდ წართმეულ ბიზნესებზე შემოტანილი საჩივრები კმარა, რომ ადეიშვილი განსასჯელთა სკამზე ვიხილოთ და მხოლოდ კეზერაშვილის ბიზნესიმპერიის ჩამონათვალია საკმარისი, ფინანსური პოლიციის ყოფილი შეფი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გასამართლდეს.

ჩამოიყვანენ თუ არა სააკაშვილს, ადეიშვილსა და კეზერაშვილს საქართველოში საბრალდებო სკამზე დასასმელად, მომავალი გვიჩვენებს. დღეს, მხოლოდ ის შეგვიძლია, ლოგიკურ გზას გავყვეთ და მსგავსი პროგნოზი გავაკეთოთ. ან ის ვთქვათ, რომ სამი მძიმეწონიანი სპეციალისტის ჩამოყვანა საქართველოში იმის სიგნალია, რომ მთავრობამ ერთ-ერთი მთავარი დაპირების ხორცშესხმა დაიწყო - მთავარმა პროკურატურამ მძიმე არტილერია ჩართო!

ანა მგელაძე

გაზეთი "ვერსია"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?