რომელ ქვეყანას შეაფარებს თავს სააკაშვილი?

რომელ ქვეყანას შეაფარებს თავს სააკაშვილი?

მას შემდეგ, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მთავარმა პროკურატურამ 2007 წლის ნოემბრის მოვლენებთან დაკაშვირებით ბრალდება წაუყენეს და სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ბუნებრივად იბადება კითხვა: რომელი ქვეყნები მისცემენ სააკაშვილს თავშესაფარს, რათა მან თავი გადაირჩინოს? ფაქტია, საქართველოს პროკურატურამ უკვე მეორე წელია უცხოეთში გაქცეული დამნაშავე "ნაციონალებიდან" ვერც ერთის დაკავება და ჩამოყვანა ვერ შეძლო. საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, სიტუაცია ჯერჯერობით ასე ლაგდება: თუკი მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარს ერთი ქვეყანა მაინც მისცეს, ამის შემდეგ გინდა წითელ ცირკულარში ჩასვი, გინდა - ყვითელში, ძალაში რჩება მხოლოდ დაუსწრებლად გასამართლება, პატიმრობის შეფარდება და ის საქართველოში ვეღარ ჩამოვა სასჯელის ხანდაზმულობის გასვლამდე, ანუ სასჯელის ვადის ამოწურვიდან კიდევ 15 წლის მანძილზე. მოდით, დავიწყოთ იქიდან, რომელმა ქვეყანამ შეიძლება მისცეს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი? შეიძლება თუ არა, ეს იყოს ჰოლანდია (რომელთა სიძეც სააკაშვილი გახლავთ), პოლონეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საუდის არაბეთი, უკრაინა? ამ შემთხვვაში მე ჩამოვთვალე ის ქვეყნები, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტს, ასე თუ ისე, ნაცნობ-მეგობრები ჯერ კიდევ ჰყავს. როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს "ალიასთან" საუბარში, წითელ ცირკულარში სააკაშვილის ჩასმა მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული - "ინტერპოლმა" უნდა განიხილოს წარდგენილი მტკიცებულებები და შემდეგ გამოიტანოს გადაწყვეტილება, შეიძლება თუ არა, პიროვნებაზე დაიწყოს საერთაშორისო ძებნა:

"დავუშვათ, დაიწყო ძებნა და მიშამ მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, მას არ ექნება სხვა ქვეყნებში გასვლის უფლება, ყველგან იქნება პერსონა "ნონ გრატად" გამოცხადებული. არ არის გამორიცხული, ჰოლანდიამ მისცეს თავშესაფარი, მაინც სიძეა. მიშასთვის ეს იგივე ციხე იქნება, მაგან თუ არ ირბინა აღმა-დაღმა და ვიღაცებს არ შეხვდა, მოკვდება".

კაი, ბატონო, დავუშვათ, თეორიულად ჰოლანდია უკვე დაბევებული აქვს სააკაშვილს, არის პოლონეთი, რომელსაც ტერიტორიულად მეტი მასშტაბები კი აქვს, მაგრამ იქ მისთვის მაინც სივიწროვე იქნება. თან პოლონეთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რუსებს ძლიერი აგენტურა ჰყავთ და არც თუ უსაფრთხოდ იქნება. ასეთივე საფრთხე არსებობს მიშასთვის უკრაინაშიც, ალბათ, უკრაინის ხელისუფლება მას პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემს. სოსო ცინცაძის თქმით, სანამ ამერიკაში მაკ კეინი და სააკაშვილის სხვა "მამები" ჯერ კიდევ "ცვეტში" არიან, არსებობს შანსი, იქაც მისცენ თავშესაფარი. წესით, მიხეილ სააკაშვილს არ უნდა გაუჭირდეს პოლიტიკური თავშესაფრის მოპოვება, მაგრამ არსებობს სახელმწიფო ინტერესები - ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უკვე ხელი გვაქვს მოწერილი და ევროპის ქვეყნებსაც აქვთ ჩვენს წინაშე რაღაც ვლადებულება, ბოლოს და ბოლოს, ერთი კაცის შეფარება ღირს კი სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის გაფუჭებად? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გავაფორმეთ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია. სოსო ცინცაძის თქმით, ეს ქარტია დიდი არაფერია, მაგრამ სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს ის მომენტი, რომ დღეს ამერიკაშიც და ევროპაში ანტირუსული ფონია: "მსოფლიოში ჯერ კიდევ მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი არის რუსეთთან ბრძოლის სიმბოლო. ეს პიარია თუ პროპაგანდა, არა აქვს მნიშვნელობა, დღეს ბევრს აწყობს, რომ მიშა გამოიყენოს. 9 წლის განმავლობაში მან ძალიან ძლიერი კონტაქტები დაამყარა, რომელზეც შეიძლება ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს. აქ ფულია ჩარეული თუ სხვა ინტერესები, ეს სხვა თემაა".

დავუშვათ, სააკავშილს ევროპის რამდენიმე ქვეყანა და ამერიკაც დაბევებული აქვს, არსებობს კიდევ ორი ისეთი ქვეყანა, სადაც შენი "ინტერპოლიც" და მოთხოვნებიც შეიძლება ფეხებზე დაიკიდონ - საუდის არაბეთი და ისრაელი. ალბათ, გახსოვთ მიშა ერთი პერიოდი ხშირად დაიარებოდა დუბაიში და არაბ შეიხებთანაც გადააბა კუდი კუდზე, მაშინ ამბობდნენ, მათი საშუალებით დიდ ფულს აბანდებს არაბულ ქვეყნებშიო. რაც შეეხება ისრაელს, აქ შესაძლებელია, თეორიულად, კეზერაშვილის კავშირები გამოიყენოს, მაგრამ ბოლო დროს ისრაელის სახელმწიფომ ჩვენს ხელისუფლებასთან საკმაოდ თბილი ურთიერთობები დაამყარა და ალბათ, ამ ურთიერთობებს სააკაშვილს არ გადააყოლებს.

ძალიან დიდი ალბათობით, მიშა საქართველოში არ ჩამოვა, მაგრამ ვთქვათ პრინციპულად დადგა საკითხი, რომ სააკაშვილმა სასჯელი საქართველოში მოიხადოს. მსოფლიოში არსებობს ყოფილი მაღალჩინოსნების სხვა ქვეყნიდან გატაცების გამოცდილება. ნაკლებად სავარაუდოა, საქართველოს ხელისუფლება ამაზე წავიდეს, რადგან ამას მოჰყვება ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების აღშფოთება, ასევე იმ ქვეყანასთან შეგვექმნება პრობლემები, სადაც თავშესაფარს მისცემენ და გატაცება მოხდება. მაგრამ დავუშვათ, მაინც გაჩნდა სურვილი, ამ შემთხვევაში ეს საქმე უნდა შეასრულოს ისეთმა ძლიერმა სპეცსამსახურმა, როგორიც არის ისრაელში "მოსადი". ჩვენ მსგავსი დონის "სპეციალისტები" არ გვყავს. აქედან გამომდინარე, ალბათ, ძირშივე უნდა გამოვრიცხოთ ამის ალბათობა.

როგორც სოსო ცინცაძე ამბობს, მთავარმა პროკურატურამ ცოტა იჩქარა, თუ ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ მეორე ნიურნბერგის პროცესი ჩავატაროთ, მაშინ გამოძიება უნდა წასულიყო ქვემოდან ზემოთ, ანუ გასამართლებულიყო ყველა "ნაციონალი" დამნაშავე და ამის შემდეგ მისდგომოდნენ მიხეილ სააკაშვილს. ნიურნბერგის პროცესი იყო დამნაშავეების გასამართლების საბოლოო "გვირგვინი", როდესაც ყველა გაასამართლეს და უტყუარი მტკიცებულებები მოიპოვეს, ამის შემდეგ მიადგნენ პირველ პირებს:

"სხვათა შორის, ამ მხრივ ყველაზე კარგი გამოცდილება აქვს საუდის არაბეთს, რომელმაც თავის დროზე თავშესაფარი მისცა უგანდის პრეზიდენტს, კაციჭამია ადამიანს. მის ცოლს ჰქონდა სამკერვალო ფაბრიკა, სადაც კერავდნენ სკოლის მოწაფეების ტანსაცმელს. ერთ დღესაც რომელიღაც სკოლის მოსწავლეებმა სხვა ფაბრიკის მიერ შეკერილი ფორმები ჩაიცვეს და იდიამინმა ყველა დაახოცვინა. მერე მაცივარში უნახეს ბავშვების სხეულები, ჭამდა, კანიბალი იყო. მთელი გაერო, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ჰააგის ტრიბუნალს მოითხოვდა, მაგრამ უცებ მუსლიმანობა მიიღო, წავიდა საუდის არაბეთში და იმის მერე 15 წელი იცხოვრა, მშვიდად მოკვდა, თავისით. მიშას კონტაქტები აქვს იგივე დუბაიში, სინგაპურში. ეს ქვეყნები მაინცდამაინც ყურადღებას არ აქცევენ "ინტერპოლს", ეს რომ ეხებოდეს საერთაშორისო ტერორიზმს, მაშინ სხვა საკითხი იქნებოდა".

სოსო ცინცაძე ციხეში მიშა სააკაშვილის ნახვის პერსპექტივას ცოტა სკეპტიკურად უყურებს. მისი აზრით, დღეს ამ მხრივ მსოფლიოში იმდენი ბარიერი არსებობს, ჩვენი პროკურორები ამ დონეზე ვერ გაქაჩავენ. "არადა, წლების განმავლობაში დანაშაული ხდებოდა პირდაპირ ეთერში, დარბევები გადაიცემოდა ტელევიზიებით. სამხილები და მტკიცებულებები ხელის გულზე დევს, მაგრამ "ნაციონალები" დაიწყებენ საპირისპირო ვერსიების გავრცელებას, ანუ დაიწყებენ მტკიცებას, რომ 2007-შიც და 2011-შიც ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. ამ ვერსიას გაიტანენ "ნაციონალები" ქვეყნის გარეთ და მერე დაიწყება მარჩიელობა იმაზე, რა მოხდა და როგორ იყო. ვიმეორებ, ამათ არ უნდა დაეწყოთ ზემოდან, სანამ გერმანელები გერინგამდე და ჰიმლერამდე მივიდოდნენ, დაიწყეს შემსრულებლების დასჯა, დასაწყისში არკვევდნენ, ისინი ბრძანებებს ასრულებდნენ თუ თავიანთი ინიციატივით მოქმედებდნენ. ჩვენ ყველაფერი ვიცით, ვინ რას აკეთებდა, ვინ ვის ბრძანებას ასრულებდა, მაგრამ აქ უკვე საჭიროა უამრავი ფორმალობის დაცვა და ჩვენების მოპოვება".

ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ყოფილმა და ახლანდელმა მაღალჩინოსნებმა გამოძიებასთან თანამშრომლობა დაიწყეს და ჩვენებებიც მისცეს. თუმცა "საერთაშორისოებისთვის" საკმარისი იქნება თუ არა, გაურკვეველია. ერთი სიტყვით, თუ სააკაშვილი მოინდოებს, ბავშვების ჭამის ბრალდებაც რომ წაუყენონ, თავის გადარჩენას მაინც შეძლებს. ერთი ეგაა, საქართველოში ვეღარ ჩამოვა კაიხანს.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?