ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა მანამდე მომხდარ დიდ დანაშაულს უკავშირდება?

ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა მანამდე მომხდარ დიდ დანაშაულს უკავშირდება?

ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა მანამდე მომხდარ დიდ დანაშაულს უკავშირდება?, - კითხვას გამოცემა "ალია" ამავე სახელწოდების სტატიაში სვამს და პასუხის მიღებას რესპოდენტებისგან, ეროსი კიწმარიშვილის ადვოკატ გაგი მოსიაშვილისგან და ექსპერტ-ბალისტიკოს ზაზა ალთუნაშვილისგან ცდილობს. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას.

- ბატონო გაგი, მართალია, ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგები არ გახმაურებულა, მაგრამ შევიტყვე, რომ მასრა, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის მანქანაში იპოვეს, მისივე იარაღიდან არის გასროლილი "ჩეზე-75"-დან. თქვენ ხომ არაფერი იცით ამის შესახებ?

გაგი მოსიაშვილი:

- ასე გადაჭრით ამის თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

- ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგები დიდი ხანია, ცნობილია, მაგრამ ჯერ არ ასაჯაროებენ. ცხადია, ეს სხვადასხვა ვერსიებს წარმოშობს და ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება. ბოლოს და ბოლოს, ვფიქრობ, მალე გამოძიებაც ამავეს დაადასტურებს უკვე ოფიციალურად.

- მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ცალკე აღებული რომელიმე ექსპერტიზის პასუხს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. 16 სხვადასხვა ექსპერტიზაა დანიშნული ამ საქმესთან დაკავშირებით, ცალკე აღებული, თუნდაც ბალისტიკური ექსპერტიზა, რეალურ პასუხს არ იძლევა. ამიტომ უნდა მოხდეს ყველა საექსპერტო დასკვნის კომპლექსური შეჯერება და ამის შემდეგ, რაღაც კონკრეტული გამოიკვეთება. დღეის მდგომარეობით, სამართლებრივადაც დაუსაბუთებელია, ჩემგან ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება.

- კიდევ ერთი ასეთი ინფორმაცია მაქვს. თითქოს, ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა დაკავშირებულია დიდ და მასშტაბურ დანაშაულთან. პროკურატურა კი, ეროსის საქმის დეტალებს სწორედ იმ მეორე დანაშაულის გამო არ ახმაურებს, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს. ამაზე რას იტყვით?

- ნებისმიერი სახის ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს და მოისმინოს პიროვნებამ, ნებისმიერი ვერსია შეიძლება განიხილებოდეს. დღეს ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, არ არის სამართლებრივად გაჯერებული მტკიცებულებები, აქედან გამომდინარე, ცოტა რთულია იურისტის მხრიდან თქვენ მიერ დასმულ ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა. ჩვენ სამათრლებრივი არგუმენტაციით ვხველმძღვანელობთ, ამ ეტაპზე მეტის თქმა ნამდვილად არ შემიძლია.

- ზურაბ კიწმარიშვილი მანქანის ხელახალ ექსპერტიზას მოითხოვს. ის აცხადებს, რომ ამ ექსპერტიზით, სხვა დეტალებთან ერთად, სავარაუდოდ, უნდა გაირკვეს, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დროს, მის ავტომობილში იჯდა თუ არა სხვა პიროვნება. უკვე ერთ თვეზე მეტი გავიდა და თუ გამოძიებას ჯერ ისიც ვერ გაურკვევია, მანქანაში მეორე პიროვნება იყო თუ არა, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი თუ ვერ დაუდგენია, მთლად კარგად ვერ ყოფილა ამ საქმის გამოძიების ამბავი. ხომ არ ფიქრობთ, რომ ზერელედ ხდება საქმის გამოძიება და ზურაბ კიწმარიშვილის გადაწყვეტილება, მანქანას ხელახალი ექსპერტიზა ჩაუტარდეს, სწორედ ამით არის გამოწვეული?

- არა, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ გამოძიებამ რაღაც ექსპერტიზა არ დანიშნა ან გულგრილად მოეკიდა საგამოძიებო მოქმედებას. ოჯახის თუ იმავე ზურას მხრიდან მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ემსახურება ერთ მიზანს - ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, სხვას არაფერს.

"ალია" ახალ გარემოებებზე ზაზა ალთუნაშვილსაც დაუკავშირდა:

- ბატონო ზაზა, ბალისტიკური ექსპერტიზის პასუხი ამდენ ხანს რატომ არ ქვეყნდება?

- ეგ გამოძიების პრეროგატივაა, პროცედურულად მეკრძალება, ხელწერილს ვდებ და მეკრძალება ამ ინფორმაციის გახმაურება.

- გავიგე, რომ მასრა, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის მანქანაშია ნაპოვნი, კონკრეტულად კი ე.წ. სტოიკების ძირში აღმოჩნდა, იმ იარაღიდან არის ნასროლი, რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნოდა.

- აბა, მე რომ ამ კითხვაზე გიპასუხოთ, გამოდის, რომ საგამოძიებო საიდუმლო გავამჟღავნე. ვერ გეტყვით ვერაფერს ამის შესახებ.

- ის მაინც არ იცით, გამოძიება როდის გაასაჯაროებს თუნდაც მხოლოდ ბალისტიკური ექსპერტიზის პასუხს?

- შეიძლება გამოძიებამ სასამართლო პროცესამდე არც გაახმაუროს ეს დასკვნა. ეს გამოძიების პრეროგატივაა და არც კანონი ავალდებულებს, გამოძიების დასრულებამდე რაიმე ინფორმაციის გახმაურებას.

- ბატონო ზაზა, ჩემი ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა სხვა, დიდი დანაშაულის გაგრძელებაა და გამოძიება სწორედ ამის გამო არ ახმაურებს გამოძიების დეტალებს. ამის შესახებ რას იტყვით?

- მე მაგ ინფორმაციებზე ხელი არ მიმიწვდება, ჩემი მოვალეობა ის არ არის, რომ რაღაც გარემოებები დავადგინო, რაღაც გარემოებები გამოვრიცხო. მე ბალისტიკის ექსპერტი ვარ, კონკრეტული საქმე მქონდა და ის გავაკეთე, დანარჩენი გამოძიების საქმეა.

ლევან ჯავახიშვილი, გაზეთი "ალია"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?