ახალი წლიდან მძღოლების აქციები, შესაძლოა, მთელ საქართველოს მოედოს

ახალი წლიდან მძღოლების აქციები, შესაძლოა, მთელ საქართველოს მოედოს

"საქართველოში კიდევ ერთი მონოპოლისტი ყალიბდება. კომპანია "ინტერტრანსი" ცდილობს მგზავრთა გადაყვანა მთელი საქართველოს მასშტაბით გააკონტროლოს. ამ დროისთვის ეს ბაზარი თავისუფალია. ვიდრე "ინტერტრანსი" სამარშრუტო ტაქსების შემოყვანისა და ინფრასტრუქტურულ საკითხებს მოაგვარებს, ეკონომიკის სამინისტრო ნებართვების სისტემის აღდგენაზე მუშაობს. ნებართვის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში კი "ინტერტრანსი" და მისი შვილობილი კომპანიები უპირობო ლიდერები იქნებიან, ისევე როგორც რუსთავში. ასე რომ, ახალი წლიდან მძღოლების აქციები უკვე მთელ საქართველოს მოიცავს. საქალაქთაშორისო რეისები რაიონებში მცხოვრები უამრავი მძღოლის ერთადერთი შემოსავალია. რამდენიმე თვეში კი, არ არის გამორიცხული, მათ ეს შემოსავალი ხელიდან გამოეცალოს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სატრანსპორტო მონოპოლიის საფრთხე / ახალი წლიდან მძღოლების აქციები, შესაძლოა, მთელ საქართველოს მოედოს.

"როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2005 წლიდან საქალაქთაშორისო გადაზიდვებზე ნებართვები გაუქმდა და ეს ბაზარი თავისუფალია. ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელმა ლავრენტი ალანიამ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას დაადსტურა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ნებართვების აღდგენას ითვალისწინებს. ალანიამ ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობდნენ პროფკავშირები და გადამზიდავები. კანონპროექტის მიზანი ბაზარზე ქაოსური პროცესების მოწესრიგება და გადაზიდვების საკანონმდებლო რეგულაციებში მოქცევაა. "კანონპროექტი სხვადასხვა უწყებაში განიხილება და მალე მთავრობაში შევა", - ამბობს ალანია.

"სანამ ნებართვების სისტემა ამოქმედდება, "ინტერტრანსი" ბაზრიდან კონკურენტების გაგდებას დეპინგური ფასებით შეეცდება. ნებართვების სისტემის აღდგენისა და მათი მოპოვების შემდეგ, კომპანია საქალაქთაშორისო მგზავრობის სრული ბატონ-პატრონის გახდება. მონოპოლიურ ბაზარზე კი, როგორც ხდება, მგზავრები კონკურენტულ სამგზავრო ტარიფებს დაემშვიდობებიან. საჯარო რეესტრის მონაცემებით, "ინტერტრანსი" 2012 წლის 21 დეკემბერს დარეგისტრირდა და მისი ამჟამინდელი 100%-იანი წილის მფლობელი ზაზა ლომიძეა. კერძოდ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის დეკემბერში კომპანიის მფლობელები გიორგი ანჩაბაძე და ფირუზ ხურცილავა იყვნენ. 2014 წლის 6 თებერვალს კი ზაზა ლომიძემ "ინტერტრანსის" 100%-იანი წილი გაიფორმა. სხვადასხვა ინტერნეტგამოცემაში აღნიშნულია, რომ ზაზა ლომიძე 2010 წლიდან შპს "სითიში" ზვიად ჯანყარაშვილის პარტნიორი იყო. თავის მხრივ, ჯანყარაშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის დისშვილია. ზაზა ლომიძე, ასევე შპს "გლდანი ტრანსის" დირექტორი და მეწილეა, რომელიც გლდანის ავტოსადგურად გადაკეთდა. მას პატარ-პატარა სადგურები აქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. "კომპანიამ გლდანში ევროსტანდარტები დონის ავტოსადგური გააკეთა, საიდანაც სამეგრელოს მიმართულებით რეისები უკვე დაინიშნა", - აღნიშნა ლავრენტი ალანიამ.

"შეგახსენებთ, რომ მწვავე პროტესტის მიუხედავად, "ინტერტრანსმა" 2014 წლის 26 მარტს რუსთავი-თბილისის სამარშუტო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანაზე 15-წლიანი ნებართვა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველი მძღოლები ფართომასშტაბიან აქციებს მართავდნენ, ამ პროცესმა კომპანიის ხელი ვერ შეუშალა. მაშინ, აქციებზე ვიცე-პრემიერის კახა კალაძის სახელიც გაისმა. კერძოდ, მძღოლები "ინტერტრანსს" კახი კალაძესთან აკავშირებდნენ. "გაუგებარია ის განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ", - განაცხადა კალაძემ. ენერგეტიკის მინისტრმა, რომელიც ამბოხებულ მძღოლებს რამდენჯერმე შეხვდა, ამ პროცესში ჩარევა ადამიანური ფაქტორით ახსნა.

"ქალაქების ათვისება კი გრძელდება. ზაზა ლომიძემ "კომერსანტ.გე"-სთან საუბარში განაცხადა, რომ კომპანია ავტოსადგურების მფლობელია სხვადასხვა რაიონში. "გვაქვს ავტოსადგური გლდანში, ასევე რაიონებში, გვყავს ტრანსპორტი და ავტოსადგურებს შორის იმოძრავებს ჩვენი ტრანსპორტი. ჩვენი მომსახურების უპირატესობა ის არის, რომ ძალიან კომფორტულია ავტოსადგურები, გარემონტებული, ახალი აშენებულია და ახალი მანქანებით ვემსახურებით მგზავრებს. სერვისით კონკურენციას გავუწევთ სხვა სამარშრუტო ტაქსებს. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენთან მგზავრობა უფრო იაფი იქნება", - ამბობს ზაზა ლომიძე.

"მისი თქმით, უკვე მუშაობს თბილისი-ქუთაისის სადგური, საიდანაც რეისები შესრულდება ყველა მიმართულებით - ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, საჩხერე, ჭიათურა, ახალციხე, მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი და ა.შ. "ვცდილობთ, მთელი საქართველო მოვიცვათ. პირველ ეტაპზე მთავარი მაგისტრალები და ცენტრალური ქალაქები, შემდგომ ამ ქალაქებიდან გაიშლება რაიონული ცენტრები, რომლებიც საქართველოში არსებობს. ახლა ასეთი გეგმა გვაქვს და ამ გეგმის გადახვევას არ ვაპირებთ", - აცხადებს ზაზა ლომიძე.

"იგი საქალაქთაშორისო რეისებზე დამკვიდრებას არსებული ქაოსის მოწესრიგების სურვილით ხსნის და განმარტავს, რომ წინა მთავრობამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ამ ბაზარზე ნებართვების სისტემა გააუქმა და ოპერირების შესაძლებლობა ყველას მისცა. "ეს გადაწყევტილება მივიღეთ იმიტომ, რომ ამ ბიზნესში ძალიან დიდი ქაოსია. ვფიქრობთ, ეს საკითხი დასალაგებელია. მანქანების გაუმართაობის გამო, დღე არ გადის, რომ რამდენიმე ავარია არ მოხდეს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სფერო დავალაგოთ", - აღნიშნა ლომიძემ.

"ორგანიზაცია "დაცული მოძრაობის" ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი განმარტავს, რომ კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს. სანებართვო პირობები ამ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის შექმნას უნდა ითვალისწინებდეს და ერთ კონკრეტულ კომპანიაზე არ უნდა იყოს მორგებული. "ნებართვების სისტემა არ უნდა ამუშავდეს იმ ფორმით, როგორც ადრე იყო. მგზავრის უსაფრთხო მოძრაობისთვის უფრო კომფორტული სამარშრუტო ტაქსების არსებობა მნიშვნელოვანია, თუმცა ისე არ უნდა მოხდეს, რომ ნებართვების დიდი ნაწილი ერთი კომპანიის ხელში აღმოჩნდეს", - ამბობს დავით მესხიშვილი.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?