ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ - ბევრად საშიში და ეფექტური, ვიდრე ტანკები

ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ - ბევრად საშიში და ეფექტური, ვიდრე ტანკები

"რუსეთმა ტანკებით ბრძოლას იდეოლოგიური ომი დაუმატა, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპასა და ამერიკაში აწარმოებს - ამ მოსაზრებას გამოთქვამენ პოლიტოლოგები ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას და დასძენენ, რომ ჰიბრიდული ბრძოლა ბევრად უფრო საშიში და ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი ომები, რომლებიც რუსეთ-საქართველოს შორის არაერთხელ ვიხილეთ. ხმაურიანი 9 მაისის, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართული პრო და ანტირუსული ძალების მიერ ორგანიზებული აქციების, რუსი ბაიკერების, "ღამის მგლების", ვოიაჟებისა და, ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში მომძლავრებული ევრაზიული კავშირის მომხრეების შემხედვარე, სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული. ხელისუფლების შეცვლა და მეტ-ნაკლებად თავისუფალი გარემო, მძიმე სოციალური ფონი და უკმაყოფილო მოსახლეობა, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული სკეპტიციზმი - სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს, მათი აზრით, პრორუსების, როგორც ალტერნატიული ძალების აღორძინებას. მათ უკან კი, ექსპერტების აზრით, შესაძლოა, იდგეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე ძალა, რომლებიც, რა თქმა უნდა, რუსეთისაგან საზრდოობენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით "ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ / "რბილი ძალა" და იდეოლოგიური ბრძოლა ტანკების სანაცვლოდ".

"პოლიტოლოგ, ანალიტიკოს ხათუნა ლაგაზიძის თქმით, 2012 წლიდან დღემდე მათი აქტიურობა სულ უფრო მზარდია. "შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ რუსეთთან ჰიბრიდული ომის პირობებში ვიმყოფებით. მას რამდენიმე გამოკვეთილი ნიშანი ახასიათებს - საინფორმაციო ველის ფლობა და კონტროლი, რუსული პროპაგანდის გატარება, რომლის მთავარი მესიჯი ისაა, რომ დასავლეთი უვარგისია და საქართველოს მან ხელშესახები შედეგი არ მოუტანა და, ამასთანავე, უპერსპექტივოა, რომ იგი საქართველოს ტრადიციებსა და მორალს ებრძვის და ა.შ. მეორე ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, ეკონომიკური ხასიათისაა და მასაც რამდენიმე განშტოება აქვს - კულტურული, პოლიტიკური და ბიზნესელიტების მოსყიდვიდან დაწყებული, რისი ნიშნებიც საქართველოში აშკარად გვაქვს, აქციებით დამთავრებული, რომლებიც ცალკე აღებული შესაძლოა განსაკუთრებული საშიშროების მომტანი არ იყოს, მაგრამ კომპლექსში უკვე საშიშია. ისლამური ტერორიზმიც კი, რომელიც რუსეთსაც ემუქრება, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ხელში იარაღი შეიძლება აღმოჩნდეს - პანკისში სიტუაციის გართულება, ფუნდამენტური ისლამის ხელშეწყობა, ამ ნიადაგზე რელიგიური დაპირისპირების გამოწვევა და ა.შ. ეს ყველაფერი რუსეთის ხელში მასიური იარაღია," - აცხადებს ანალიტიკოსი.

"მისი თქმით, ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არაა და საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც რუსეთი "რბილი ძალის" გამოყენებით გავლენის სფეროების გაფართოებას ცდილობს. ამბობს, რომ იგი პოსტსაბჭოთა სივრცესა და ევროპასაც ემუქრება. გერმანიაც კი, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში წამყვანი ქვეყანაა, ლაგაზიძის თქმით, ბიზნეს და პოლიტიკურ ინტერესებს შორის შიდა დაპირისპირებებით იხლიჩება. "რუსეთის გააქტიურების შედეგია ის, რომ ევროკავშირში ისეთი შეუთანხმებლობაა, როგორიც აქამდე არასოდეს ყოფილა. დღეს ძნელია, ევროკავშირს ერთიანი ორგანიზმი უწოდო. ეს სწორედ იმიტომ, რომ რუსეთი მის შიგნით პარტნიორებსა და განხეთქილების ვაშლს აქტიურად ეძებს", - აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.

"პრორუსი ძალების გააქტიურებაზე საუბრობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩიაც და ამბობს, რომ ამას ხელს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი და პოლიტიკური სიტუაცია უწყობს. მისი თქმით, მოსახლეობაში საქართველოს სტრატეგიულ კურსთან დაკავშირებით გარკვეული პესიმიზმი იგრძნობა, რასაც პრორუსული ძალები როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ კარგად იყენებენ. პოლიტოლოგის აზრით, ამას ემატება ისიც, რომ რუსული პროპაგანდა საქართველოში უპრობლემოდ მუშაობს, განსაკუთრებით ხელისუფლების შეცვლის შემდგომ. ისინი განსაკუთრებით წარმატებით მუშაობენ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და თუ მათ მიერ მიღწეულ შედეგებს გადავხედავთ, მათში პრორუსულად მოაზროვნე ადამიანების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია. "იგივე ეხება საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასაც და თუნდაც ტვშ-ს კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის 31% ევრაზიულ კავშირში შესვლის წინააღმდეგი არ არის. ფაქტია, რომ მთლიანობაში ეს რუსეთის ინტერების საქართველოში განხორციელებას ხელს უწყობს. პრორუსული ძალები მომავალი არჩევნებისათვის საკმაოდ ნაყოფიერ ნიადაგს იმზადებენ იმისათვის, რომ საზოგადოებრივი აზრი გარკვეულწილად გაიხლიჩოს. რასაც რუსეთმა თუნდაც 2008 წლის ომის შემდეგ ვერ მიაღწია", - აღნიშნავს კაკაჩია.

"მისივე თქმით, მხედველობაში მისაღებია უსაფრთხოების ფაქტორიც, კერძოდ კი ის, რომ როცა მოსახლეობა ხედავს, თუ როგორი დაუცველია უკრაინა და რომ დასავლეთი მას რეალურად ვერ ეხმარება, ფიქრობს - ხომ არ ჯობია, საქართველომ რუსეთთან მიმართებაში ე.წ. მიტმასნების პოლიტიკა აწარმოოს და დაპირისპირების ნაცვლად ნაკლებად შედარებით დამთმობი პოლიტიკა გაატაროს. იმის გათვალისწინებით კი, რომ რუსულმა "რბილმა ძალამ" უკვე ევროპულ და ამერიკულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრშიც შეაღწია, კაკაჩია ამბობს, რომ იქ უკვე დიდი ხანია მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ დაუპირისპირდნენ რუსულ პროპაგანდას. "ბოლოდროინდელ განხილვებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დასავლეთში ამაზე უკვე დაფიქრდნენ. როგორც ვიცი, ამისათვის რამდენიმე მილიონიცაა გამოყოფილი. მათ შორის რუსულენოვან სატელევიზიო მაუწყებლობაზეცაა საუბარი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის რუსულენოვან მოსახლეობას ობიექტურ ინფორმაციას გადასცემდა", - აღნიშნავს იგი.

"პრორუსული ძალების გააქტიურებაში ხელისუფლების "წვლილს" ხედავს "კავკასიური სახლის" დირექტორი გიორგი კანაშვილი და ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება მათ წინააღმდეგ რეპრესიულ მეთოდებს არ იყენებს, რაც წინა ხელისუფლების დროს ნამდვილად ხდებოდა. "ეს ჯგუფები, მისი თქმით, მანამდეც არსებობდნენ, მაგრამ გამოჩენას ვერ ბედავდნენ. შედარებით დემოკრატიული ხელისუფლებისა და უშუალო საფრთხეების არარსებობის ფონზე კი გააქტიურდნენ. ეს, მისი თქმით, ბუნებრივი პროცესია. ჩვენი დაკვირვებით, ისინი განსაკუთრებულ ძალას არ წარმოადგენენ. არც განსაკუთრებული დაფინანსება აქვთ. უბრალოდ ისინი არიან მარგინალური ჯგუფები, რომლებიც განვითარებულ ორგანიზაციებს არ წარმოადგენენ. ეს ჯგუფები, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთთან მაინცადამაინც მჭიდრო კომუნიკაციაში არ არიან. რუსეთიდანაც შესაძლოა სხვადასხვა ძალებისაგან ფინანსდებოდნენ. ამას შეიძლება იდეოლოგიური ბრძოლა დავარქვათ და "რბილ ძალას" დავუკავშიროთ, რომელსაც დასავლეთიც იყენებს. ვფიქრობ, ამ ძალების წარმატება ან წარუმატებლობა მხოლოდ ერთ სვლასთან და მხოლოდ მათ აქტივობასთან არაა დაკავშირებული. ეს იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რამდენად წარმატებული იქნება ზოგადად საქართველო. რამდენად დაინახავს საქართველოს მოსახლეობა დასავლეთთან ინტეგრაციის სიკეთეებს. თუ ვიზალიბერალიზაციით და სხვა საკითხებში დასავლეთთან ურთიერთობა წინ არ წაიწევს და მოსახლეობა ამ პროგრესს არ დაინახავს, შეიძლება ეტაპობრივად ქვეყანაში მართლაც გაჩნდნენ ძალები, რომლებიც მოსახლეობაში ფართო დასაყრდენს მოიპოვებენ. ზოგი ისედაც ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკის ხსნა ევროპასთან კი არა რუსეთთან უკეთეს ურთიერთობასა და ვაჭრობაშია. ასე რომ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ერთი მხრივ, იმაზე, თუ ჩვენ როგორ ვიმუშავებთ და, მეორე მხრივ, იმაზე, თუ რამდენად წარმატებულები ვიქნებით დასავლეთთან ინტეგრაციაში", - აღნიშნავს გიორგი კანაშვილი.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?