სოხუმში მომხდარი ჩხუბი, შესაძლოა, დიდ სახალხო მღელვარებაში გადაიზარდოს

სოხუმში მომხდარი ჩხუბი, შესაძლოა, დიდ სახალხო მღელვარებაში გადაიზარდოს

ერთი კვირის წინ სოხუმში მომხდარი ჩხუბი, შესაძლოა, დიდ სახალხო მღელვარებაში გადაიზარდოს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაა, - იუწყება გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში "ინციდენტი, რომელმაც აფხაზეთში ლამის სახალხო მღელვარება გამოიწვია".

რუსული მედიის ინფორმაციით, 25 ივლისს სოხუმში, ქალაქის ცენტრში, აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ადგილობრივი მოქალაქე სასტიკად ცემეს. მომხდარი ფაქტი პირად კონტროლზე აიყვანა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ. ე.წ. პარტია "ედინაია აბხაზიას" აღმასრულებელი მდივნის ნუგზარ აგრბას თქმით კი, ეს ძალოვნების მხრიდან ძალის გადამეტების პირველი შემთხვევა არ არის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რეგიონში ავტორიტარული რეჟიმი ყალიბდება.

"საერთოდ, ზოგადად ასეთი შემთხვევები ყოველთვის იყო რეზონანსული, მაგრამ განსაკუთრებული სისასტიკით ადგილობრივი მკვიდრის ცემის წელს უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რეგიონში ავტორიტარული რეჟიმი ყალიბდება. კანონი არ კანონობს, ამიტომ საკუთარი თავის დაცვას მოსახლეობა საკუთარი ძალებით ეცდება. ვფიქრობ, ინსტიტუციებში სისტემური ცვლილებებია საჭირო", - უთხრა ადგილობრივ ჟურნალისტებს აგრბამ.

რაც შეეხება ინციდენტს, როგორც ადგილობრივ ჟურნალისტებს ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა უთხრა, დაზარალებული 18 წლის ახალგაზრდა ასტამურა გელხელიაა, რომელსაც ლეპტოპის ქურდობა დასდეს ბრალად.

ახალგაზრდა ბიჭს დააბრალეს თითქოსდა მოიპარა 50 ათასი რუბლის ღირებულების ლეპტობი ორგანიზაციიდან, სადაც დაცვად მუშაობდა. ამ ფაქტის განხილვის დროს ადგილზე მივიდა მისი უფროსი ძმა, რომელმაც პირობა დადო, რომ ქურდობის დადასტურების შემთხვევაში ზარალს აანაზღაურებდა. მოლაპარაკების დროს წარმოიქმნა კონფლიქტი, რა დროსაც ადგილზე გამოჩნდნენ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები. აქედან ერთ-ერთი ახლობელი აღმოჩნდა იმ ადამიანებისა, ვისაც ლეპტოპი მოპარეს.

"ძალოვანი უწყების 4-მა თანამშრომელმა უმოწყალოდ სცემა ახალგაზრდა ბიჭი. ერთ-ერთმა იარაღის სახელური ურტყა თავში. ვფიქრობ, ფაქტი რომც დადასტურებულიყო, არავის ჰქონდა უფლება ასე გასწორებოდნენ მოქალაქეს", - განუცხადა ჟურნალისტებს დე ფაქტო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე მუჰამედ კილბამ და დასძინა, რომ დამნაშავეები ადგილიდან მიიმალნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მომხდარის გამო "უშიშროების საბჭოს" საგანგებო სხდომა მოიწვია და კილბას დამნაშავეების დასჯა მოსთხოვა. დე ფაქტო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინციდენტი მაისშიც მოხდა, რასაც დე ფაქტო შსს მინისტრის გადადგომა მოჰყვა. მაშინ ხაჯიმბას დაცვის წევრმა სოხუმის ცენტრში ორი მილიციელი სცემა, მეორე დღეს კი უკვე მილიციელებმა მასზე შური იძიეს და ასევე სასტიკად სცემეს.

ეს ყველაფერი საბოლოოდ ორ დე ფაქტო უწყებას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. "პრეზიდენტმა" ხაჯიმბამ ღიად დაუჭირა მხარი თავის დაცვას და შედეგად აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრი რაულ ლოლუა და სოხუმის სამმართველოს დე ფაქტო უფროსი დიმიტრი დბარი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, გია გვაზავას თქმით, მსგავსი ინციდენტები ოკუპირებული რეგიონის დღევანდელი ცხოვრების ნაწილია და ამას არანაირი გართულება არ მოჰყვება. მისი თქმით, არსებული ვითარებით მოსახლეობა შეშფოთებულია და არა აღშფოთებული.

ეს უმნიშვნელო ფაქტია და ამას სახალხო მღელვარება არ მოჰყვება. ეს აფხაზეთის დღევნადელი ცხოვრების დღის წესრიგია. იქ კლანებია, ამ კლანებში ვინც უფრო ძლიერია, ის იმარჯვებს. როგორც ამბობენ, ხელისუფლების უზურპაციის და გადანაწილების მცდელობაა.

ვფიქრობ, ეს ფაქტი არავითარ მღელვარებას არ გამოიწვევს. საბაბი შეიძლება ყველაფერი იყოს, თუკი სიტუაცია ამისთვის მზადაა, მაგრამ ეს აფხაზეთში ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ როგორ გამოიყენებენ ამას პოლიტიკური პარტიები, სხვა ამბავია.

სოხუმში კანონი პრაქტიკულად არ კანონობს და ძალის გადამეტება, რა თქმა უნდა, ხდება, რამდენად მზად არის იქ დარჩენილი საზოგადოება, რომ ამას დიდი რეზონანსი მოაყოლოს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია - დაძაბულობა არსებობს.

ხალხი შეშფოთებულია, მაგრამ მე მგონი აღშფოთებაში არ გადავა ჯერ. შეშფოთება აღშფოთება სხვადასხვა რამეა", -უთხრა "მთელ კვირას" გვაზავამ.

შესაძლებელია იყოს ცალკეული აქციები, მანიფესტაციები, მაგრამ ვითარება რადიკალურად არ შეიცვლება", - ამ პროგნოზს კი აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი აკეთებს.

საერთოდ, აფხაზეთში რთული ვითარებაა, არა მარტო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ოპოზიციასა და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის კონფლიქტი ექვემდებარება სერიოზულ განვითარებას. ამიტომ ამ შემთხვევაში, შეიძლება შიდა დაპირისპირებაზე გვქონდეს საუბარი.

ის, რომ იქ მღელვარება იყოს, არა მგონია. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაუშვებენ ამას, ვითარებას აკონტროლებენ.

აფხაზეთის ოპოზიციას არ გააჩნია ისეთი ძალა, რომ დაუპირისპირდეს ადგილობრივ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ხელისუფლების უკან დგას რუსეთის დიდი ძალა. ამიტომ რეალურად შესაძლებელია იყოს ცალკეული აქციები, მანიფესტაციები, მაგრამ ვითარება რადიკალურად არ შეიცვლება.

თუმცა, ასევე ყველაფერი დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაზე, თუ როგორი იქნება საერთაშორისო ვითარება", - გვითხრა რუსეცკიმ.

მის მსგავსად, სოხუმში სახალხო მღელვარებას მცირე აქციებით ვარაუდობს აფხაზეთის უშიშროების ექს-მინისტრი, გენერალი ლევან კიკნაძე. მისი თქმით, სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი.

სახალხო მღელვარება შესაძლოა მცირე აქციებით გამოიხატოს, მაგრამ რასაც ჰქვია კლასიკური სახალხო მღელვარება, ეს არ არის მოსალოდნელი. ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთონ, ხაჯიმბას მოსთხოვენ, რომ სამართალდამცავების თავაშვებულობაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

ე.წ. სამართალდამცავები მოსახლეობის მიმართ სულ ასე იქცევიან. არ ყოფილა პერიოდი, რომ ისინი კორექტურულები ყოფილიყვნენ. ამ სტრუქტურაში ძირითადად დასაქმებულები არიან ბოევიკების შვილები, რომლებისთვისაც კანონი მხოლოდ ფასადია და მეტი არაფერი, მოქმედებენ ისე, როგორც უნდათ და აკეთებენ იმას, რასაც უნდათ.

ოპოზიციამ აქცია თუ გამართა, შს მინისტრი იტყვის, რომ მე ახლა დავინიშნე და ეს ყველაფერი ძველი გადმონაშთიაო. რაღაც ზომებს მიიღებს, მეტს არც არაფერს არ უნდა ველოდოთ. რამე კარდინალური ცვლილება არ მოხდება.

რუსეთი ამ საქმეში არ ჩაერევა და არც არასდროს ერეოდა, იმიტომ, რომ ასეთ რამეებს თვითონ ხაჯიმბა მიხედავს. იმ დონის მღელვარება არ იქნება, რომ მას რამე დაემუქროს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას კიკნაძე.

მისი თქმით, ახლა აფხაზეთში კლანური დაპირისპირება უფრო ჭარბობს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანების პროტესტი.

"ბოლო წვეთამდე ჯერ ძალიან შორს ვართ. აფხაზეთში მოსახლეობას ძალიან არ უნდა ის სიტუაცია, რაც იქ არის. ისინი ხედავენ, ამჩნევენ, რომ არავითარი დამოუკიდებლობა არ აქვთ. ასე რომ, მღელვარება აუცილებლად მოხდება, მაგრამ ჯერ არა. ამას სხვა რამეებიც უნდა. მხედველობაში მაქვს მოსახლეობამდე იმ სიტუაციის მიტანა, რაც იქ რეალურად ხდება. ბევრი თვალს ხუჭავს და ასე გრძელდება წლობით.

"ახლა აფხაზეთში კლანური დაპირისპირება უფრო ჭარბობს გასაგები მიზეზების გამო, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანების პროტესტი. კლანური დაპირისპირება თვითონ გაარჩევს ამ ინციდენტებს და სასწორი იქით გადაიწევა, რომლის ძალაც მეტი აღმოჩნდება. ამ შემთხვევაში ხაჯიმბას ხელიდან არ აქვს გაშვებული ბერკეტები, რომლითაც შეუძლია დაარეგულიროს ვითარება", - გვითხრა კიკნაძემ.

თიკო ოსმანოვა

გაზეთი "რეზონანსი"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?