აშშ-ს მოქალაქე საქართველოს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს - რა საიდუმლო მასალებს ფლობს 50 წლის მამაკაცი

აშშ-ს მოქალაქე საქართველოს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს - რა საიდუმლო მასალებს ფლობს 50 წლის მამაკაცი

საქართველოში აშშ მოქალაქე პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, - ინფორმაციას გაზეთი "პრაიმტაიმი" ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკის მოქალაქე ოფიციალურად აცხადებს უარს შეერთებულ შტატებში ცხოვრებაზე და საქართველოს მთავრობას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. ოფიციალური ინფორმაციით, 50 წლის მამაკაცი პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის მთავარ მიზეზად ამერიკული სპეცსამსახურების მხრიდან მის წინააღმდეგ განხორციელებულ დევნას ასახელებს. აშშ მოქალაქის მტკიცებით, იგეგმება მისი ლიკვიდაცია. ამის მიზეზად კი იმ საიდუმლო მასალებს ასახელებს, რომელსაც შტატების სპეცსამსახურებზე ფლობს. ერთ-ერთი ინფორმაციით, დევნილობაში მყოფი მამაკაცი საიდუმლო მასალებს სპეცსამსახურების შეიარაღებასთან დაკავშირებით ფლობს, თუმცა ამ ინფორმაციის გახმაურებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებს.

გამოცემა იუწყება, რომ ამ დროისთვის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განხილვა დაწყებულია. რა პროცედურები მიმდინარეობს ამერიკის მოქალაქის მიერ მოთხოვნილ პოლიტიკურ თავშესაფართან დაკავშირებით და გაითვალისწინებს თუ არა ამერიკული სპეცსამსახურების მიერ დევნილი მოქალაქის მოთხოვნას საქართველოს მთავრობა, ამის შესახებ "პრაიმტაიმი" ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსს, ირაკლი კოკაიას ესაუბრა.

ირაკლი კოკაია: გიდასტურებთ ინფორმაციას. ნამდვილად მოგვმართა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით. ეს არის პირველი შემთხვევა. მსგავსი განცხადება ბოლო 10 წლის მანძილზე ჩვენს სამინისტროში არ შემოსულა და როგორც ვიცი, არც მანამდე...

"პრაიმტაიმი": ბატონო ირაკლი, ეს ადამიანი როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, განიცდის დევნას ამერიკული სპეცსამსახურების მხრიდან და ამის საფუძველზე ითხოვს თავშესაფარს საქართველოში?

ირაკლი კოკაია: დიახ, განცხადებაში არის საუბარი მისი ქვეყნის სპეცსამსახურებზე, თუმცა მე არ მაქვს უფლება, გავცე ეს ინფორმაცია. ეს კონფიდენციალურია. ასევე, მოგიწოდებთ, არც თქვენ მოახდნოთ ამ ადამიანის იდენტიფიცირება მანამ, სანამ ყველა ის პროცედურა არ დასრულდება, რომელსაც არსებული კანონმდებლობა ითვალისწინებს.

"პრაიმტაიმი": რამდენი წლის არის ეს მამაკაცი და რა გზით მოხვდა საქართველოში?

ირაკლი კოკაია: ეს ადამიანი გახლავთ 50 წლის. არ ვიცი, რა მარშრუტით ისარგებლა და როგორ მოხვდა თბილისში. შემიძლია, გითხრათ მხოლოდ ის, რომ ჩვენ მოგვმართა ოფიციალურად. მიმდინარეობს მისი განცხადებისა და საქმის შესწავლა ყველა პროცედურის დაცვით. აღნიშნულ საქმეზე მონიტორინგს ახორციელებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი.

ირაკლი მამალაძე, გაზეთი "პრაიმტაიმი"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?