გია ხუხაშვილი: "ხალვაში არაკეთილსინდისიერი შემძენი გამოდის"

გია ხუხაშვილი: "ხალვაში არაკეთილსინდისიერი შემძენი გამოდის"

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2"-ის დახურვის საფრთხე არსებობს. ამის შესახებ ხუხაშვილმა გაზეთ "ახალ თაობასთან" ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხალვაში პროვოკაციულად მოქმედებს ხელისუფლების მიმართ. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთელი ამ პროცესიდან საქართველოს ხელისუფლება დაზარალდება.

- დღეს ქიბარ ხალვაში ებრძვის არა "რუსთავი 2"-ს, არამედ ხელისუფლებას. ის პროვოკაციულად მოქმედებს ხელისუფლების მიმართ. დღეს ეს ყველაფერი აშკარად არ ჩანს, მაგრამ დროთა განმავლობაში ამას დავინახავთ აშკარად, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

- იმის თქმა გინდათ, რომ ამას ქიბარ ხალვაში შეგნებულად აკეთებს, რათა ხელისუფლება დააზარალოს?

- ხალვაში ამას შეგნებულად აკეთებს, შეუგნებლად, ოქრუაშვილთან ერთად, თუ, უბრალოდ, გამწარებულია და აფექტურად იქცევა, ეს ცალკე თემაა. ფაქტი ისაა, რომ მთავარი დაზარალებული მთელი ამ პროცესიდან იქნება საქართველოს ხელისუფლება.

ექსპერტი ეჭვქვეშ აყენებს ქიბარ ხალვაშის კეთილსინდისიერ მეპატრონეობას, რადგან არხის რეალური მფლობელები იყვნენ ეროსი კიწმარიშვილი, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე.

- მაშინ ხალვაში რას დავობს? ან აქიმიძე და დვალი სად არიან, რატომ არ დავობენ?

- ქიბარ ხალვაში იყო ამ ტელევიზიაში ხელისუფლების პირველი ნომინალური წარმომადგენელი. სხვათა შორის, ცოტა ჭკვიანი მეგონა და მთლად ჭკვიანი ვერ ყოფილა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ინტერვიუებში იძლევა აღიარებით ჩვენებას.

- კერძოდ?

- ის ამბობს, რომ იქ იყო ვიღაცა შუალედური რგოლი, ვინმე ასანიძე, არაკეთილსინდისიერი შემძენი და მან ეს იცოდა. შესაბამისად, თვითონაც არაკეთილსინდისიერი შემძენი გამოდის.

მთელ ამ ისტორიაში თუ ვინმეს ზარალზე ვილაპარაკებთ, დაზარალებულები არიან დათო დვალი და ჯარჯი აქიმიძე. ეროსი ცალკე ისტორიაა.

ქიბარ ხალვაშმა ფული გადაიხადა თუ არა, ის ტელევიზიის არაკეთილისნდისიერი შემძენი იყო და ის იყო პირველი მიშა. მის შემდეგ იყო ძალიან ბევრი სხვა მიშა.

- ანუ რუსთავი 2-ს მიშა მართავდა?

- ასე იყო და, მაღალი ალბათობით, იქ დღესაც მიშაა. დღეს ჩვენ ვაკვირდებით პროცესს მიშას პირველი რეინკარნაციიდან მეათე რეინკარნაციამდე ანუ ორი მიშა ებრძვის ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი მოკლებულია დამაჯერებლობას.

ხალვაში შემდეგ ინტერვიუებში ადასტურებს, რომ მიშას მოთხოვნით მან გაათავისუფლა ნიკა ტაბატაძე ანუ სარედაქციო პოლიტიკას მართავდა არა თვითონ, არამედ ხელისუფლება მისი მეშვეობით.

- ფინანსებზე რას იტყვით?

- ყველას კარგად გვახსოვს, ოქრუაშვილის პერიოდში რა ფულსაც აბანდებდა იქ. გვახსოვს მისი სამშენებლო ბიზნესები ოქრუაშვილის პარტნიორობით, ყაზარმების მშენებლობები და ასე შემდეგ.

- იმის თქმა გსურთ, რომ ის დაზარლებული არ არის?

- მე იმას ვადასტურებ, რომ, საბოლოო ჯამში, ქიბარ ხალვაში დაზარალებულია. ხალვაშს პოლიტიკური პრობლემა კი არ შეექმნა ხელისუფლებასთან, უბრალოდ, მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილი, როგორც მისი პარტნიორი, იქნა ხელისუფლებიდან ჩამოშორებული, ხელისუფლებამ მისი მოშორებაც გადაწყვიტა და თავისივე ტელევიზია ისევ თავის თავზე გადაიფორმა.

- ანუ, ხალვაში სხვა გვარმა შეცვალა?

- დიახ. მიშა ქიბარ ხალვაში კი აღარ იყო, იყო ბეჟუაშვილი ან სხვა, ვისაც ენდობოდნენ. დვალისა და აქიმიძის შემდეგ რუსთავი 2-ის რეალური და ერთადერთი მფლობელი არის მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა! დღემდე ასეა, არაფერი შეცვლილა!

ექსპერტის განცხადებით, ვინაიდან ხალვაში სააკაშვილის ყველა სურვილს უსიტყვოდ ასრულებდა, ძნელია მისი მოთხოვნის დამაჯერებლობაზე საუბარი.

- როგორ შეიძლება, მიშას ხელისუფლების ბრძანებების შემსრულებელი დღეს მოგვევლინოს სიტყვის თავისუფლების გარანტად? - კითხულობს ხუხაშვილი და იქვე პასუხობს: - თუკი ხალვაშს მონანიების გრძნობა აქვს, თუკი მას უნდა, ამ ქვეყნისთვის რაღაცა გააკეთოს, მას უნდა მიეცა აღიარებითი ჩვენება, თუ როგორ მიიღო მონაწილეობა რუსთავი 2-ის წართმევის სპეცოპერაციაში და მისი ჩვენებების საფუძველზე დათო დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს დაჰბრუნებოდათ თავიანთი ქონება.

ექსპერტს მიაჩნია, რომ ეს იქნებოდა ერთადერთი ჯანსაღი და სწორი გზა. ხალვაშს არავინ დაიჭერდა, ხოლო მისი ჩვენებები მთელ ამ პროცესში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი და, შესაძლოა, სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპიც გამხდარიყო.

- თქვენვე აცხადებთ, რომ რუსთავი-2 დღემდე სააკაშვილისაა. რამდენად შეიძლება, ასეთი ტელევიზია იყოს მიუკერძოებელი და თავისუფალი სიტყვის დამცველი?

- ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ტელევიზია სახელმწიფოებრივად სახიფათო არ არის. მედიაპროპაგანდა სახიფათო და მიუღებელი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას აკონტროლებს ხელისუფლება.

- სასამართლოსა და მოსამართლის თემაზე რას იტყვით?

- ეს ძალიან სენსიტიური საკითხია. მოსამართლე ურთმელიძე დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. რკინის ნერვები აღმოაჩნდა ამ ადამიანს. მისი მხრიდან ამ საქმის აცილება ყველასთვის კარგი იქნებოდა. თუმცა მან ეს ნაბიჯი არ გადადგა და ამით ცეცხლზე ნავთი დაასხა. იმ არასერიოზულ კომენტარებზე არაფერს ვიტყვი, რომ თურმე დედა ოჯახის წევრი არ ყოფილა.

- მან ეს სამართლებრივად ახსნა.

- როცა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც დედა ფენომენია, სამართლებრივი კაზუისტიკით შეეცდები შენი უცნაური საქციელის გამართლებას, ეს კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. დედით შვილის დაშანტაჟება არ შეიძლებაო, ეს არადამაჯერებელი და არაჯანსაღია.

- ამ სიტუაციაში ხელისუფლება დაზარალდება?

- რასაკვირველია! დღეს ნაციონალური მოძრაობის ინტერესებშია რუსთავი 2-ის დახურვა. ხელისუფლება გადავიდა იმ მოედანზე, სადაც ნაცმოძრაობას აქვს აშკარა უპირატესობა.

ექსპერტთა აზრით, ხელისუფლება შედეგზე არ ფიქრობს.

- არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი. გადაჯგუფების მილიონი საშუალება აქვს ნაცმოძრაობას, ასევე - ახალი პროპაგანდისტული კერების გაჩენის. ამაზე უფიქრია ვინმეს? - კითხულობს ხუხაშვილი და თავადვე პასუხობს: - მე მგონი, ხელისუფლებაში საერთოდ არაფერზე ფიქრობენ. პოლიტიკა ხელისუფლებაში ძალიან ცოტა ადამიანს ესმის. ეტყობა, არ უცხოვრიათ ამ ქვეყანაში.

ნონა ცაბაძე

გაზეთი "ახალი თაობა"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?