ბახმაროში ყველა მაღაზია დაკეტილია - რას უჩივიან კურორტის დამსვენებლები

ბახმაროში ყველა მაღაზია დაკეტილია - რას უჩივიან კურორტის დამსვენებლები

კურორტ ბახმაროს, რომელიც ზღვის დონიდან 2250 მეტრზე მდებარეობს, უკვე ათასობით დამსვენებელი სტუმრობს. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის  მიუხედავად, როგორც ჩანს, დამსვენებელი ამ უნიკალურ კურორტზე უარს ვერ ამბობს. თუმცა, აქ ყოველ სეზონს თან სერიოზული პრობლემები ახლავს.

წინა წლების მსგავსად, პრობლემაა ელექტროენერგიის დროულად მიწოდება.

"იმის გამო, რომ ელექტროენერგია არასტაბილურად მოგვეწოდება, 1500 დოლარი დავკარგე. კოტეჯები მაქვს სატყეოს ქუჩაზე. ყოველ წელს ვაქირავებ და ეს არის ჩემი ოჯახის შემოსავალი. წელს კი ესეც ვერ შევძელი. ამერიკიდან ჩამოვიდა ხალხი დასასვენებლად და სამი დღის მეტი ვერ გაძლო. ელემენტალური პირობები არ არის", - ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ნათელა დოლიძე.

ადგილობრივების მსგავსად, პრობლემებზე საუბრობენ დამსვენებლები. მათი თქმით, კურორტზე ყველა მაღაზია დაკეტილია და პურსაც კი ვერ ყიდულობენ.

"უკრაინიდან ჩამოვედი დასასვენებლად და მშიერი ვკვდები. ვერც პურს ვყიდულობ, ვერც საჭმელს. ეს რა ხდება. არ არსებობს ამ ქვეყანაში ვინმე, ვინც ამ სიტუაციას მოაგვარებს? - ამბობს "გურია ნიუსთან" უკრაინელი ტურისტი.

როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზი მაღაზიების გაფიცვაა. იმის გამო, რომ კურორტზე "ჯეოსელის" ანძა გამორთულია, მაღაზიის მფლობელები სალარო აპარატს ვერ ამუშავებენ და შესაბამისად, მაღაზიები დაკეტილია. აღნიშნულის შესახებ კი ადგილობრივ ხელისუფლებაში ინფორმაციას არ ფლობენ.

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დამსვენებელს პრობლემები არ ჰქონდეს. სანამ ჯეოსელის ანძა ჩაირთვება, მანამდე მოვახერხებთ, რომ კურორტზე საკვები პროდუქტები და პური ავიტანოთ", - აცხადებენ ჩოხატაურის გამგეობაში.

სანამ "ჯეოსელი" ანძას ჩართავს, მანამდე დახმარების მოლოდინში მყოფი დამსვენებლები პურისა და საკვების რიგში დგანან.

არადა, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, ცენტრალური მედიის საშუალებით ხელისუფლება გვაუწყებდა, რომ ბახმარო დამსვენებლის მოლოდინში იყო და პირველად კურორტის ისტორიაში სასტუმროც კი გაიხსნა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა