დუშეთში - 3, თიანეთსა და ყაზბეგში კი 2 სკოლა დაიხურა

დუშეთში - 3, თიანეთსა და ყაზბეგში კი 2 სკოლა დაიხურა

2014 წელს დუშეთის რაიონში - ყვავილის საბაზო სკოლა, გუდამაყარში - მაქართას დაწყებითი სკოლა და თიანეთის რაიონში თრანის დაწყებითი სკოლა დაიხურა. მიზეზი ყველგან ერთია. სოფელში მოსწავლეები აღარ არიან. სკოლების დახურვის შემდეგ კი მთაში სოფლებიც იცლება. მათ ის ოჯახებიც ტოვებენ, ვისაც ჯერ სასკოლო ასაკის ბავშვი არ ჰყავს.

ყვავილის სკოლას, რომელშიც მოსწავლეები სამი სოფლიდან - ყვავილიდან, მეზვრიანთკარიდან და თანიანთკარიდან დადიოდნენ, 2011 წელს 12 მოსწავლე და 11 მასწავლებელი ჰყავდა. 2012-2013 სასწავლო წელს სკოლაში 5 მოსწავლე, 2013-2014 სასწავლო წელს კი მხოლოდ 1 მოსწავლე დარჩა. ამის მიუხედავად, განათლების სამინისტრომ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დააფინანსა. შეიცვალა სახურავი და კარ-ფანჯარა. ერთ მოსწავლეზე სკოლას 4 პედაგოგი და 2 დარაჯი, დამლაგებელი და ბუღალტერი ჰყავდა.

"16 წლის წინ, კლასში 10 მოსწავლე იყო. 6–7 წლის წინ წავიდა 2 ბავშვი, მერე იმათ მიბაძეს სხვებმა და კიდევ წავიდა ორი-სამი. შარშანწინ უკვე 5 მოსწავლეღა გვყავდა. იქიდან ერთმა 9 კლასი დაამთავრა და თავისთავად უნდა წასულიყო. სამი ბავშვი გადავიდა და 2013 წელს დარჩა - ერთი. მერე იმასაც მობეზრდა მარტო ყოფნა და წავიდა, დუშეთის სკოლაში გადავიდა. სოფლის გადასახვევამდე ავტობუსი მოდის. ბავშვი იქამდე ფეხით ადის. მერე ავტობუსს მიყვება და გაკვეთილების შემდეგ ისევ ავტობუსს მოჰყავს სხვა სოფლის ბავშვებთან ერთად", - ამბობს სოფელ ყვავილის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ვალია ჯიოევა.

წელს გუდამაყრის ხეობაში, მაქართას დაწყებითი სკოლაც დაიხურა. გასულ წელს სკოლას მხოლოდ ერთი მოსწავლე, ბაჩო წიკლაური ჰყავდა. ბაჩომ ოთხი კლასი დაამთავრა და სწავლა გუდამაყრის საჯარო სკოლაში გააგრძელა, რომელიც სოფელ ზანდუკშია.

2 წელია ზარი აღარ დარეკილა დუშეთის რაიონის სოფელ ხანდოს სკოლაში.

2012 წელს სკოლაში 16 მოსწავლე ირიცხებოდა.  ხანდოში მცხოვრებ ბავშვებს, რომლებიც სწავლას ფასანაურის საჯარო სკოლაში აგრძელებენ, მიკროავტობუსი ემსახურება. ტრანსპორტირების ხარჯებს განათლების სამინისტრო ანაზღაურებს. თუმცა ცენტრალური გზიდან, ხანდოს გადასახვევიდან სოფლამდე 1 კილომეტრზე მეტია. რამდენიმე ბავშვი ხეობის სიღრმეში ცხოვრობს, გადასახვევიდან დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით. ისინი ამ გზას ყოველდღე ფეხით გადიან. გზა მდინარის და ტყის პირას გადის და სახიფათოა.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა