სისხლის აღების საფრთხე კაზლარში 21 წლის ბიჭის წამებით მოკვლისათვის

სისხლის აღების საფრთხე კაზლარში 21 წლის ბიჭის წამებით მოკვლისათვის

საგარეჯოს რაიონის სოფელ კაზლარში მოკლული 21 წლის ულფუკარ გულიევის ახლობლები ითხოვენ, პოლიციამ დააკავოს იმ გოგონას დედაც და ძმებიც, რომლის მოტაცებისას ახალგაზრდა წამებით მოკლეს. გოგონას მამა უკვე დაკავებულია, ოჯახის წევრები კი გაქცეულები. სახლს პოლიცია იცავს.

"ახლა მათ სახლს პოლიცია ყარაულობს, რომ ვითომ ჩვენ არ დავწვათ. ისინი გაქცეულები არიან. სახლი რაში გვაინტერესებს, დაიჭიროს მთავრობამ სანამ დროა, თორემ ჩვენ მივხედავთ. თუ დედა და ძმებიც არ დააკავეს და დაბრუნდნენ, ჩვენ დავხოცავთ", - აღნიშნავს მოკლულის ბიძა ალია გულიევი.

მოკლულის ახლობლების თქმით, მკვლელობაში გოგონას დედა და ძმებიც მონაწილეობდნენ.

"გოგოს დაურეკავს ბიჭისთვის, მოდი, წამიყვანეო. ისიც მისულა. გოგო დამჯდარა მანქანაში და იმ დროს მამას და ძმებს გაუგიათ. ვეღარ გაქცეულან. ჩვენი ბავშვი რომ ჩამოვიდა მანქანიდან, გოგონას მამას ცულის ტარი თავში დაურტყამს. ბავშვმა გონება დაკარგა, რის შემდეგაც შიგნით, ეზოში შეუთრევიათ. ხელფეხი შეუკრავთ და მერე ჯოხით, რკინით, ცემით და წამებით მოკლეს. სიგარეტი სახეზე მიაწვეს ბავშვს. ღამის პირველი საათიდან დილის ხუთის ნახევრამდე აწამებდნენ.

მოტაცება ამ სოფელში მუდმივად იყო და კიდევაც არის. ისეც ყოფილა, რომ გოგოს მამა დაუბამთ და გოგო ისე წაუყვანიათ, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა არასდროს. ეს ბავშვი წავიდა, დანაშაული ჩაიდინა, მაგათ კიდევ წამებით მოკლეს", - ამბობს მოკლული ბიჭის ბიძა ასლან გულიევი.

გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრები სისხლის აღებით იმუქრებიან.

"თვითონ დაუძახა გოგომ. აბა რომელი შუშაა გატეხილი ან კარები, რომ ამბობენ შემოიჭრაო? თვითონ გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა. ან ოთხივე დაიჭიროს მთავრობამ, ან კიდევ მამაც გამოუშვან და ჩვენ ვიცით რასაც გავაკეთებთ. სისხლი გვინდა, ბავშვის სისხლის წილ", - ამბობს მოკლულის ბებია ავა მამედოვა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა