რუსეთს საქართველოში შემოსასვლელი ყვარლიდანაც ექნება

რუსეთს საქართველოში შემოსასვლელი ყვარლიდანაც ექნება

რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელ ახალ გზას, რომლითაც დაღესტანი საქართველოს, ყვარლის რაიონს უნდა დაუკავშირდეს, ოპოზიცია მოღალატურ პროექტად მიიჩნევს, ხელისუფლება კი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობად. საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა პროექტში სამხედრო საფრთხესაც ხედავს და აცხადებს, რომ ავარეთ-კახეთის გზა "კახეთის ცხინვალიზაციას" გამოიწვევს და ოკუპანტებს საქართველოში შემოსვლა ნებისმიერ დროს კახეთიდანაც შეეძლებათ.

"რუსეთმა, როგორც ვიცით, დაიწყო 200-მდე კილომეტრის გზის გაყვანა თავისი 25 გვირაბით, ხიდებითა და ა.შ, რომელიც უნდა შეუერთდეს საქართველოს, ყვარლის მიდამოებში. ეს იქნება ახალი როკის გვირაბი საქართველოსთვის, ეს იქნება ტრაგიკული შეცდომა და ჩვენი ქვეყნის დაქუცმაცების რეალური წინაპირობა. პასუხისმგებელმა სამინისტროებმა უნდა მოიპოვონ ინფორმაცია და თუ სადმე მოღალატეობრივი და უკიდურესად უპასუხისმგებლო შეთანხმება რუსეთთან არაფორმალურ დონეზე არსებობს, ის უნდა დაექვემდებაროს ანულირებას", - განაცხადა ნიკა რურუამ.

ყოფილი მინისტრი ეჭვობს, რომ რუსეთ-საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებს შორის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს. რურუას თქმით, რუსეთს რომ არ ჰქონოდა რაიმე გარანტია საქართველოს მხრიდან, 2,5 მილიარდიან პროექტს არ დაიწყებდა.

საქართველოს ხელისუფლებაში პროექტს ძირითადად ეკონომიკური თვალსაზრისით პოზიტიურად აფასებენ, ოპოზიციის მწვავე კრიტიკას არ იზიარებენ, თუმცა გარკვეულ საფრთხეებზე მაინც საუბრობენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღონია მიიჩნევს, რომ ავარო-კახეთის გზა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს და ნამდვილად ყურადსაღებია იმდენად, რამდენადაც ეს ჩვენი საზღვრის სიახლოვეს შენდება.

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდარავა ფიქრობს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში მაინც სიფრთხილეა საჭირო, თუმცა ის ამ გზაში სამხედრო ელემენტს ვერ ხედავს.

"რუსული სამხედრო ბაზები არის აფხაზეთში და ცხინვალში, ტანკებიც არის, რაკეტებიც არის, ერთი ბაზა კიდევ სამხრეთით აქვთ და ეს სავსებით საკმარისია აგრესიული მილიტარისტული განზრახვებისთვის. სიფრთხილეა საჭირო და ბოლოს და ბოლოს, გზა ვერ შედგება თუ ჩვენი მხრიდან შესაბამისი მონაკვეთი არ აშენდება", - აცხადებს ივლიანე ხაინდრავა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ გზის მშენებლობა კარგი იქნება და ლარსის დროებით დაკეტვის შემთხვევაში, რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთი კახეთის გავლით იმოძრავებს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა