სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო შტაბები შეიქმნა

სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო შტაბები შეიქმნა

სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კოორდინაციით საგანგებო შტაბები შეიქმნა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გუშინ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარი და წვიმა დაფიქსირდა, რასაც შედეგად სხვადასხვა სახის ზიანი მოჰყვა. საგანგებო შტაბებში წარმოდგენილნი არიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები.  ოპერატიულად გატარებული ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული მომენტისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. სტიქიის შედეგად დაზარალდა იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონები. რამდენიმე რაიონში დაიტბორა საავტომობილო გზები და საკარმიდამო ნაკვეთები, ადგილი ჰქონდა მცირე ზომის მეწყრულ მოვლენებს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები.

"ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე მოხდა მყისიერი და კოორდინირებული რეაგირება. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. აღდგა საავტომობილო მიმოსვლა ყველა ცენტრალურ საგზაო მაგისტრალზე და მუნიციპალურ სამსახურებს შესაძლებლობა აქვთ, მუშაობა გააგრძელონ ჩვეულ რეჟიმში", - ნათქვამია განცხადებაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობით, დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად გამოიდარებს.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა