"მამაკაცმა 112-ზე გამოგვიძახა, მომხედეთ, სახლში სადღეგრძელოს არ მალევინებენო"

"მამაკაცმა 112-ზე გამოგვიძახა, მომხედეთ, სახლში სადღეგრძელოს არ მალევინებენო"

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკა მამაკაცმა და განაცხადა, რომ ის ოჯახის წევრებისგან განიცდის ძალადობას და ოჯახში სადღეგრძელოს თქმას უშედეგოდ ცდილობს. შეტყობინებისთანავე შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის შემადგენლობა გავიდა, ხოლო ადგილზე მისულ სამართალდამცავებს მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში დახვდა. ეს ისტორია გორელ სტუდენტებს შსს-ს პოლიციის აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსმა ნოდარ სააკაშვილმა უამბო.

"დარეკა 112-ზე და ამბობს, რომ მის სახლში არ აძლევენ სადღეგრძელოს თქმის უფლებას; რომ ეჩხუბებიან და სურს, რომ მოიქცეს ისე, როგორც უნდა. ამ ამბავს, რა თქმა უნდა, ახლა ხუმრობით გეუბნებით, მაგრამ საკმაოდ ხშირი შემთხვევებია ოჯახში მამაკაცებზე ძალადობის, თუნდაც შვილისგან ან სხვა მხრიდან. მაგრამ ეს ფაქტები არ ხმაურდება. როდესაც იმ მამაკაცს ახსნა-განმარტება ჩამოართვეს, იქ გარკვეული აღსარებასავით დაწერა, რომ სახლში ხშირად აშავებს, აბრაზებს ოჯახის წევრებს და ერთი სიტყვით, არ იქცევა კარგად", - უთხრა ნოდარ სააკაშვილმა სტუდენტებს.

გორის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდა თაობის უკეთ ინფორმირების მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდებს შსს-ს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი სპეციალური სამუშაო ჯგუფის წევრები: შსს-ს პოლიციის აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ეკა კენჭაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი"-ს რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ლამარა შაყულაშვილი და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ფსიქოლოგები გაესაუბრნენ.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა