სერგეი ბაბოიანი: "სამხარეოში ჯერ მცემეს, მერე მუხლებზე და ხელებზე დამაყენეს, მატარეს და მაყეფეს"

სერგეი ბაბოიანი: "სამხარეოში ჯერ მცემეს, მერე მუხლებზე და ხელებზე დამაყენეს, მატარეს და მაყეფეს"

სერგეი ბაბოიანი, რომელიც საჯარო მოხელესთან ერთად, 80 წლის ანა ბაბოევას მკვლელობაში იყო ბრალდებული და ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

ყოფილი ბრალდებული აცხადებს, რომ იგი სამართალდამცავებმა დაკავების დღეს, 16 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში სცემეს. ამ დღეს სამართალდამცავები მკვლელის მიგნებას ცდილობდნენ.

"დომინოს ვთამაშობდი სოფელში რომ მითხრეს, პოლიცია გეძახისო. მივედი ჩავჯექი მანქანაში და საავადმყოფოსთან რომ სამმართველოა, იქ წამიყვანეს. დაახლოებით დღის სამი საათი იქნებოდა", - იხსენებს ბაბოიანი.

ბაბოიანის თქმით, ის დასაკითხ ოთახში შეიყვანეს, სადაც ძირითადად სამი პირი იყო, სხვები შედიოდნენ და გამოდიოდნენ, პოლიციის ფორმა არცერთს ეცვა.

"ცემა დამიწყეს, ჯერ სახეზე და მერე გულმკერდზე ფეხსაცმლის ქუსლი მირტყეს, ფეხებშიც მირტყამდნენ. სახეზე სისხლი მდიოდა. მერე თავზე წყალი დამასხეს, რომ მოვსულიერებულიყავი. მეუბნებოდნენ აღიარეო. რა უნდა ვაღიარო, არაფერი ვიცი-მეთქი. მაშინ ის თქვი, ვინ მოკლაო. ვეუბნებოდი, არც ეგ ვიცი ვისი გაკეთებულია-მეთქი", - ამბობს ბაბოიანი.

ამის შემდეგ ბაბოიანი საპირფარეშოში გაიყვანეს და პირიდან სისხლი მოაბანინეს, თუმცა, მისი თქმით, მასზე ძალადობა ამით არ დასრულებულა.

"მუხლებზე დამაყენეს, ხელებიც დადეო მითხრეს, მერე მითხრეს იარეო, ვიარე ეგრე, მერე მითხრეს: იყეფეო, დავიყეფე. ოთხზე დავდექი, მუხლებზე და ხელებზე დავდიოდი და თან ვყეფდი. მაგიდაზე ცარიელი ნახევარლიტრიანი ბოთლი იდო, ჩააგდეს ძირზე ერთი ხუთჯერ და აიღეო მითხრეს. ხელით დავწვდი რომ ამეღო, ხელებით არა, პირითო. იმის ნებაც არ მომცეს ხელებით "პოლს" დავყრდნობოდი და ისე ამეღო. მუხლებით იყავი და პირით ისე აიღეო. მერე ერთმა თქვა, სირცხვილია ბიჭო რას აკეთებ, მამაშენის ტოლიაო და ამის შემდეგ ასეთი რაღაცა აღარ გამიკეთეს" - ყვება ყოფილი ბრალდებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.

"ცემას ადგილი არ ჰქონია, ასეთი რამ არ ყოფილა, მით უმეტეს კალანდაძე (სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი) იქ მაგ დღეს არ ყოფილა", - განუცხადა "სამხრეთის კარიბჭეს" შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ეკატერინე ათოშვილმა.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”