რეპორტაჟი შუაფხოს სკოლიდან

რეპორტაჟი შუაფხოს სკოლიდან

"კა-ტა, ჩი-ტი... ტო-რო-ლა, ტე-ლე-ფო-ნი, ტე-ლე-ვი-ზო-რი", - დამარცვლით კითხულობს პატარა ვლადიმერი. ის შუაფხოს საჯარო სკოლის პირველ კლასში სწავლობს. ვლადიმერ გულბათიშვილის გარდა, პირველ კლასში მეორე მოსწავლეც არის - ჯაბა ჯაბანიშვილი, მაგრამ ჯაბა ახლა ავად არის, მაღალი სიცხე აქვს და სახლშია.

ორივე პირველკლასელი შუაფხოს მეზობელი სოფლიდან, თხილიანადან, დადის სკოლაში. მათი სახლებიდან სკოლამდე თითქმის 2 კილომეტრია. უფროსკლასელები ადრე ამ მანძილს ფეხით გადიოდნენ. ახლა სასწავლებელს მანქანა ემსახურება. ავტობუსი გაფუჭებულია, მაგრამ ჯაბას მამას, ზაზა ჯაბანიშვილს თავისი მანქანით ორგზად მიჰყავს მოსწავლეები და მასწავლებლები.

ჯაბას არყოფნის მიუხედავად, პირველკლასელი ვლადიმერი კლასში მარტო არ იყო, პირველ და მეორე კლასებს ქართულის გაკვეთილს თამარ (ციცინო) ჩოხელი უტარებდა, მესამე და მეოთხე კლასკომპლექტს მათემატიკას - მაია წელაური.

თამარ მასწავლებელს სკოლაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟი აქვს.

"შუაფხოში 80-იან წლებში ჩამოვედით. ჩემი მეუღლე სხვაგან მუშაობდა, მაგრამ რადგან ვაკესოფლიდან იყო, საბჭოს თავმჯდომარედ გამოუშვეს. ოჯახით წამოვედით. აქ სოფლის საბჭო შენდებოდა. ერთხელ შევარდნაძე ჩამოფრინდა ვერტმფრენით. არ გინდათ, ამ შენობაში სკოლა გავხსნათო? - გვიკითხა და რატომ ვეტყოდით უარს? მაშინ 20-ზე მეტი ბავშვი მოგროვდა და დავიწყეთ მუშაობა", - იხსენებს თამარ ჩოხელი.

შუაფხოს სკოლაში 17 მოსწავლეა, მათგან 14 თხილიანელია, 3 - შუაფხოელი. ფშავის ხეობის ზემოთ სოფლებიდან დღეს აქ სასწავლებლად აღარავინ დადის.

შუაფხოს არასრული საშუალო სკოლა 17 მოსწავლით და 12 მასწავლებლით ერთადერთი სასწავლებელია, უფრო სწორად, ერთადერთი საჯარო დაწესებულება უკანა ფშავში. აქ სხვა არაფერი მუშაობს.

უკანა ფშავი მოიცავს ფშავის არაგვის ხეობას სათავიდან ორწყლამდე ანუ ხევსურეთის არაგვის შესართავამდე. ხეობის სოფლებიდან ნახევარზე მეტი ნასოფლარად არის ქცეული: ზოგან ზაფხულში კიდევ შეიძლება ჩავიდეს ვინმე, ზამთრობით კი აღარავინ რჩება.

უძილაურთაში 3 კომლია, შუაფხოსა და თხილიანაში 7-8, ზარისჭალაში 1, გოგოლაურთაში 1, ჭიჩოში 1, მუქოში 4, ვაკესოფელში (უკანაფშავში) – 4. მათურა და ხოშარა რამდენიმე წლის წინ მიატოვეს უკანასკნელმა მოსახლეებმა. მთელ ხეობაში 30-მდე ოჯახია, თან ოჯახი ხშირად ერთ ადამიანს, ერთ მოხუცს ნიშნავს.

ხეობაში შესვლისთანავე გადიხარ "მომსახურების ზონიდან". უკანა ფშავში დღემდე არ მუშაობს მობილური კავშირგაბმულობის არცერთი კომპანია. სკოლის აივანზე დგას "მაგთიფიქსის" ტელეფონი, სამყაროსთან კონტაქტის ერთადერთი საშუალება. ამ შენობაში ინტერნეტიც არის, "ვაი-ფაი" იჭერს, მაგრამ ხარვეზებით. გაკვეთილზე ინტერნეტის გამოყენება თითქმის შეუძლებელია.

"სამწუხაროდ, გვიან მოდის ხოლმე ჩვენამდე ინფორმაცია პროექტებისა და კონკურსების შესახებ", - გვეუბნებიან. არადა, ახალგაზრდა მასწავლებლებს ბევრი ბევრი კარგი იდეა აქვთ.

ახლა საბავშვო ბაღის გახსნა ოცნებად აქვს შუაფხოს სკოლის ახლანდელ დირექტორს ირმა ცქიფაშვილს. ირმა ცხრა შვილის დედაა: ბარბარე, იოსებ, მარიამ, სალომე, თინათინ, ჯაბა ჯაბანიშვილები სკოლაში სწავლობენ, 3 უმცროსი: ნაზი, ნინო და 3 თვის ელენე შინ, მამიდასთან რჩებიან. თხილიანაში ბაღის ასაკის სხვა ბავშვებიც არიან. გულბათაშვილებს ერთ ოჯახს 5 შვილი ჰყავს, მეორე - მეოთხე ბავშვს ელის.

"მზად ვარ ჩემი სახლის ნაწილი ყოველგვარი ქირის გარეშე დავუთმო ბაღს, მთავარია, ხელისუფლება დაგვთანხმდეს, ბაღის გახსნის უფლება მოგვცეს, მასწავლებელს ხელფასი დაუფინანსონ", - ამბობს სკოლის დირექტორი.

დილაობით მისი ოჯახიდან დირექტორის გარდა, 7 მოსწავლე (6 მისი და 1 მულის შვილი) და 4 მასწავლებელი მიდის სკოლისკენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამით "ასწავლე საქართველოსთვის" შუაფხოში 6 მასწავლებელი მუშაობს. მათგან 4 ირმას სახლში ცხოვრობს, 2 - ე.წ. მასწავლებლის სახლში, რომელიც უკვე რამდენიმე წლის წინ გასხვისდა, მაგრამ დირექტორი დღემდე იბრძვის შენობის შესანარჩუნებლად.

"ირმა, როგორც დედა და დირექტორი დაინტერესებულია, რომ კარგი სკოლა გვქონდეს, ცდილობს კარგი კადრების მოზიდვას", - ამბობს დავით ჩივაძე.

დავითი იმერეთიდან არის, რამდენიმე წელია პროგრამის "ასწავლე საქართველოსთვის" ფარგლებში შუაფხოში ისტორიას და სამოქალაქო განათლებას ასწავლის. ახლა მეცხრე კლასში აქვს გაკვეთილი.

სოფიო მიქელაშვილი მეცხრე კლასის ერთადერთი, ფრიადოსანი და სტიპენდიანტი მოსწავლეა. საკლასო ჟურნალში მარტო მისი გვარი წერია, კლასში მორიგეც ის არის ყოველდღე.

"სოფო, რა გვქონდა დღეს გაკვეთილად?", - ეკითხება გოგონას დათო მასწავლებელი და მერე ქართლ-კახეთის მუსლიმ მეფეებზე საუბრობენ. მეფეთა მოღვაწეობას ერთმანეთს ადარებენ. ბახტრიონის ბრძოლასაც იხსენებენ, ომში ქართველ მთიელთა ღვაწლს.

"ჩვენს სკოლაში დამამთავრებელი კლასები არ არის და მაღაროსკარში გადავალ სწავლის გასაგრძელებლად, მერე უნივერსიტეტში ჩავაბარებ", - ამბობს სოფო სამომავლო გეგმებზე საუბრისას. მისი უფროსი ძმა სტუდენტია.

იხილეთ რეპორტაჟი ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა