7 თვის ორსული - გამგებელმა და გუბერნატორმა მაიძულეს გათავისუფლებაზე განცხადება დამეწერა

7 თვის ორსული - გამგებელმა და გუბერნატორმა მაიძულეს გათავისუფლებაზე განცხადება დამეწერა

თეონა ტაველიშვილი საგარეჯოს გამგეობაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად მუშაობდა. თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება 4 თებერვალს დაწერა. ამას წინ უძღოდა პოლიციაში 7 თვის ორსულის რამდენიმესაათიანი დაკითხვა, შემოწმება და ნერვიულობის ნიადაგზე გონების დაკარგვა. საგარეჯოს გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა მას შრომის კოდექსით გათვალისწინებული - ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის უფლება არ მისცეს.

თეონა ტაველიშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2010 წლიდან მუშაობდა მთავარ სპეციალისტად. 2011–2012 წლებში, აშშ-ში კვალიფიკაციის ამაღლების და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2012 წლის ივლისში, ის საგარეჯოს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად დაინიშნა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა 7 თვის ორსული თანამდებობიდან 2015 წლის 18 თებერვალს გაათავისუფლა. თეონა ამჟამად მეუღლესთან და შვილთან (1 წლის და 7 თვის) ერთად ამერიკაში, ძმასთან იმყოფება. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მასთან ინტერვიუ სკაიპით ჩაწერა.

-თეონა, რატომ გაგათავისუფლეს სამსახურიდან?

- მე დავწერე განცხადება, მაგრამ თუ გამოითხოვთ და გაეცნობით, მითითებული მაქვს, რომ ვარ შვიდი თვის ორსული და ვითხოვდი დეკრეტულ შვებულებას. მინდოდა დამეწერა, თქვენი სიტყვიერი დავალებით ვწერ ამ განცხადებას მეთქი, მაგრამ იმდენად დაძაბული და შეშინებული ვიყავი იმ დღეებში, რომ ამის დაწერაც კი ვერ გავბედე.

ეს იყო ზეწოლა და დავალება პირადად გამგებლისგან და გუბერნატორისგან, რომ მე დამეწერა განცხადება. სხვა შემთხვევაში სულელი უნდა იყო ადამიანი, რომ როდესაც შვიდ თვეზე მეტი ხნის ორსული ხარ და უკვე დეკრეტული შვებულება გეკუთვნის, (მით უმეტეს, რომ დეკრეტულის საავადმყოფო ფურცელი მიტანილი მქონდა გამგეობაში და 2 თებერვალს იყო გახსნილი), 4 თებერვალს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დამეწერა.

მინდოდა 183 დღე მესარგებლა ორსულობის და მშობიარობის გამო დეკრეტული შვებულებით, ხოლო შემდეგ დაბადების მოწმობის წარდგენას და ბავშვის მოვლის გამო სრულად, 730 დღით სარგებლობას ვაპირებდი, მაგრამ მაიძულებდნენ, რომ განცხადება დამეწერა... იძულებული გავხდი.

-ვინ და როგორ გაიძულებდათ?

- ყველაფერი ასე დაიწყო. მე ჩაჩავას კლინიკაში ვიყავი რეგისტრირებული. დეკრეტულის ფურცელი რომ წამომეღო კლინიკიდან, სამსახურიდან უნდა წარმედგინა ცნობა, რომ ნამდვილად დასაქმებული ვიყავი. გამგეობაში დავწერე განცხადება და მოვითხოვე, მოეცათ ცნობა, რომ ნამდვილად ვმუშაობდი, მაგრამ გამგებელმა ტელეფონით საუბრისას მითხრა, რომ მე ამ ცნობას ვერ მივიღებდი. მე და შენ უნდა ვილაპარაკოთო. ვუთხარი, ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ მიწყობს, რომ სამსახურში კიდევ ვიარო-მეთქი. ისევ მითხრა, რომ ცნობას ვერ მივიღებდი. ვკითხე, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ასეთი ცნობა შეიძლება დაწესებულებამ არ გასცეს, ის არის, რომ დასაქმებული არ იყო და ხომ ისევ ვმუშაობ მეთქი? მიპასუხა, კი მუშაობო.

მეორე დღეს გამგებელს ისევ მივწერე, დავურეკე, რომ იქნებ მოახერხოთ და დამელაპარაკოთ, ცნობას რატომ არ მაძლევთ-მეთქი. ვერაფრით ვერ შედგა ჩვენი შეხვედრა. საღამოს ჩემმა მეუღლემ დაინახა, რომ გამგეობასთან იდგა გამგებლის მანქანა. სამუშაო საათები უკვე დასრულებული იყო. მეუღლემ დამირეკა, მოდი ახლა მივაკითხოთო. მივედით, გამგებელი გარეთ გამოვიდა და ჩემს მეუღლეს უთხრა, რომ უნდა დავწერო განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, რადგან კონკურსის მიმდინარეობისას კომისიის ერთ-ერთ წევრთან მე დავაფიქსირე ჩემი აზრი, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე და ისედაც იციან, ვინ უნდა გაიყვანონ-მეთქი. როგორც გამგებელმა თქვა, ეს სიტყვები გუბერნატორის ყურამდე მისულა და ძალიან გაბრაზებული ყოფილა. გამგებელმა მითხრა, ეს იმას ნიშნავს, რომ რადგან ამ სიტყვებს იძახი, ჩვენი გუნდის წევრი არ ხარ და განცხადება უნდა დაწეროო.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩემი გათავისუფლებისათვის მიზეზს და საბაბს ეძებდნენ, უნდოდათ რამე ხელჩასაჭიდი ეპოვათ. სამართლებრივი დარღვევა ვერაფერი მიპოვეს, ვერ მათავისუფლებდნენ ორსულობის გამოც, ერთადერთი დარჩა – მაიძულებდნენ თვითონ დამეწერა განცხადება. გამგებელი მიიჩნევდა, რომ მე ვიყავი ისეთ გუნდში, რომელიც მას საბოტაჟს უწყობს. არანაირ გუნდში არ ვიყავი, დავდიოდი სამსახურში, ბოლომდე ვედექი მას გვერდში. ახლა ამხელა მუცლით ვარ, მაგრამ თავიდან უფრო გასაფრთხილებელია ორსულის ჯანმრთელობა. ღამის 11 საათამდე ვიყავი ხოლმე სამსახურში ივლის-აგვისტოში და მის დავალებებს ვასრულებდი.

-ვიცი, რომ თქვენ გუბერნატორს შეეხმიანეთ, რადგან როგორც თქვით, ისიც იყო ჩართული ამ პროცესებში, რომ თქვენ, 7 თვის ორსულს თანამდებობიდან გათავისუფლებაზე განცხადება დაგეწერათ.

- ვისაც ვიცნობდი და რაც შემეძლო, ყველა შევაწუხე. ვითხოვდი, იქნებ ვინმემ მიაწვდინოთ ხმა გუბერნატორს, რომ ცნობა მომცენ, ეს დოკუმენტი მეკუთვნის და დეკრეტულ შვებულებაში გავიდე მეთქი. მანამდე გამგეობის შიდა უადიტის სამსახურის დასკვნაც დამიწერეს, თითქოს რაღაც დარღვევები იყო, რაზედაც მე ახსნა-განმარტებითი ბარათი დავწერე, ყველა ბრალდება გავაბათილე.

მე ვისაც დავარეკინე გუბერნატორთან, ირაკლი შიოლაშვილმა მას უთხრა, რომ ის ჩემს მეუღლეს ძალიან კარგად იცნობდა და პრინციპის ამბავი იყო, რომ ამ საკითხზე ჩემს მეუღლესთან ელაპარაკა პირადად.

როგორც ეს გავიგეთ, ჩემი მეუღლე დაუკავშირდა მას და უთხრა, რომ შენ პირადად გქონია ჩემთან სასაუბრო და მე ჩამოვალო. შეხვედრა იმავე დღეს შედგა. 20 ან 21 იანვარი იყო. გუბერნატორის სამუშაო ოთახში ჩემს მეუღლეს საგარეჯოს გამგებელიც დახვდა. ნაწყენი იყო გუბერნატორი, რომ მე ეს სიტყვები ვთქვი და ვიღაცებს დავარეკინე მასთან და ირაკლის პრინციპის ამბავი იყო, რომ მე აუცილებლად დამეწერა განცხადება. გუბერნატორმა თქვა, რომ მომცემდნენ დეკრეტულის თანხას, ოღონდ თან უნდა მიმეყოლებინა პირადი განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, იმიტომ რომ, ეს იყო ირაკლის პრინციპი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა