ექვსშვილიანი ოჯახი ნანგრევებში, მიწაზე - ყველა ბავშვი სკოლის მიღმა

ექვსშვილიანი ოჯახი ნანგრევებში, მიწაზე - ყველა ბავშვი სკოლის მიღმა

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარში, სიფრაშვილების 8 სულიანი ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მათი საცხოვრებელი სახლი დანგრეულია და წყალი ჩადის. ბავშვებს არ აქვთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

"5 წელია აქ ვცხოვრობ. მანამდე პალატკაში ვცხოვრობდი და პოლიციის ძალით გადმომასახლეს აქ. სინათლე უნდა გამოეყვანათ, ღუმელი უნდა მოეცათ, შეშა უნდა მოეტანათ. ყველანაირად მოგეხმარებით, არაფერს გაგიჭირვებთო, მაგრამ ყველაფერი ტყუილი ყოფილა. კედლები დანგრეულია, წყალი ჩამოდის, ღუმელის მხარეს წყლით ივსება და ცალ მხარეს მივიყუჟებით ხოლმე ყველა. მთელი ღამე ღუმელი მინთია. ახლა ისეთი სიცივე აღარ არის და უკვე მიჩვეულები არიან ბავშვები, გაკაჟებულები. ერთ ოთახში 8 ადამიანი ვცხოვრობთ, 6 ბავშვი, მე და მეუღლე. ყველაზე პატარა 1 წლისაა, ყველაზე დიდი 21 წლის. მხოლოდ სამი საწოლი გვაქვს. არცერთი ბავშვი სკოლაში არ დადის", - ამბობს სოციალურად დაუცველი მაყვალა სიფრაშვილი.

ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს. მათი ძირითადი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, თვეში 300 ლარის ოდენობით. როგორც ოჯახის დიასახლისი ამბობს, ეს თანხა საკვებშიც არ ჰყოფნით.

"ნახირში დავდივარ. ვისაც ძროხის მოწველა მოუნდება, ფერმაშიც დავდივარ, ხან ყველს მაძლევენ, ხან ფულს და ამით გაგვაქვს თავი. სოციალურ დახმარებას რასაც ვიღებ, საჭმელში არ გვყოფნის, ტანსაცმელზე ზედმეტია ლაპარაკი. ბავშვები ხან ცუდად გახდებიან, წამალი ხომ უნდათ. ამ წელს ოპერაცია გავიკეთე, დახმარება წინასწარ მაქვს გამოტანილი. დილით საქონელს რომ წავიყვან, სოკოს ვეძებ რომ მოვიტანო, გავყიდო და ბავშვებისთვის პური ვიშოვო. ხან აქედან, ხან ფერმიდან, ხან საქონლიდან, ხან ჭინჭარს ვკრეფ, ხან ბალბას, ბალახეულს", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მაყვალა სიფროშვილმა.

სააღდგომოდ მრავალშვილიანი ოჯახი ლაგოდეხის გამგებელმა მოინახულა და საჩუქრად 2 პასკა, 20 კვერცხი და პრემიის სახით აღებული 2600 ლარიდან 100 ლარი აჩუქა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა