უსახლკაროდ დარჩენილი პენსიონერი დახმარებას ითხოვს

უსახლკაროდ დარჩენილი პენსიონერი დახმარებას ითხოვს

ანნა ნაზარეტიანი ახალციხეში, თაყაიშვილის N84-ში, დაახლოებით ხუთი-ექვსი კვადრატულ მეტრ ოთახში ქირით ცხოვრობს. მისი ერთადერთი შემოსავალი პენსია, 172 ლარია. მეუღლე ომის ვეტერანი ჰყავდა და ამიტომ პენსიას, 150 ლარის ნაცვლად 22 ლარით მეტს იღებს. აქედან 80 ლარს ბინის ქირაში იხდის, დანარჩენი ფული კი დიაბეტით დაავადებულს წამლებზეც ძლივს წვდება.

"პურის ფული აღარ მრჩება, შეშაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ამ ზამთარს მეზობელმა სახლი დაანგრია და იმ ნარჩენებს ვწვავდი, მომავალ ზამთარში ესეც არ იქნება და ჩემი პენსიით შეშას ვერ ვიყიდი", - ამბობს ნაზარეტიანი.

წლების განმავლობაში ახალციხეში ცხოვრობდა. 2012 წლის სექტემბერში შვილების რჩევით, ბინა გაყიდა და რუსეთში წავიდა, მისი ორი ვაჟი ოჯახთან ერთად იქ ცხოვრობდა და თავადაც შვილებთან დარჩენას აპირებდა. თუმცა, სამთვიან ვიზას ისე ამოეწურა ვადა, რომ მისი გაგრძელება ვეღარ შეძლო. ამ პრობლემის იურისტებთან მოგვარებაში, გაყიდული ბინის ფულის დიდი ნაწილიც დაეხარჯა, თუმცა, ვერც ვიზის ვადა გააგრძელა და ვერც მოქალაქეობა მიიღო. ერთი წლის შემდეგ ნაზარეტიანი საქართველოში დეპორტით გამოუშვეს.

"ცოტა ხნით ნათესავის ბინაში ვცხოვრობდი. მაშინ მივმართე სოციალური დახმარების სამსახურს, მაგრამ შესამოწმებლად რომ მოვიდნენ, მაშინ ნათესავი ერევნიდან იყო ჩამოსული და მითხრეს, ვიდრე ერთად იცხოვრებთ, დახმარებას ვერ მიიღებო. მერე ის ბინაც დავცალე და ქირით გადმოვედი", - ყვება ნაზარეტიანი.

პენსიონერი სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებას ითხოვს: "იქნებ ადგილობრივმა მთავრობამ სადმე ერთი ოთახი გამომიყოს, რომ პენსია ქირაში აღარ ვიხადო".

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა