სცადეს თუ არა რაბათში ბავშვების გატაცება? - რას ჰყვებიან ადგილობრივები

სცადეს თუ არა რაბათში ბავშვების გატაცება? - რას ჰყვებიან ადგილობრივები

ახალციხეში, რაბათის დასახლებაში მაცხოვრებლების ნაწილი ბავშვებს ეზოში აღარ უშვებს. მიზეზი სამი თვის წინ მომხდარი შემთხევაა: ეზოში გასული სამი არასრულწლოვანი დაიკარგა. მშობლებმა ბავშვები ერთსაათიანი ძებნის შემდეგ, რაბათის დასახლებასთან ახლოს ხევში, ტალახში ამოსვრილები და შეშინებულები იპოვეს.

იმ დღეს სამი არასრულწლოვანი - ორი ბიჭი და ერთი გოგონა რაბათის დასახლებასთან ახლოს, დანგრეულ ეკლესიასთან თამაშობდა. როგორც მშობლები ყვებიან, ბავშვები მოულოდნელად გაქრნენ. უცნობმა მამაკაცმა ისინი ძალის გამოყენებით ტყის მიმართულებით წაიყვანა.

"სტუმრად მივდიოდი ჩემ დასთან, ბავშვი სახლში არ იყო და ძებნა დავუწყეთ, რომ ვერ ვნახეთ, მერე მანქანით მთელი ოჯახი ვეძებდით. ჩემი მეორე შვილი ხმამაღლა ყვიროდა, რომ როგორმე ხმა მიგვეწვდინა. მერე დავინახეთ, რომ ტყესთან ახლოს ხრამიდან მოდიოდნენ ბავშვები. სავარაუდოდ, იმ კაცმა ჩვენი ყვირილი გაიგონა და ბავშვებს ხელი გაუშვა", - ყვება ერთ-ერთი არასრულწლოვანის ბებია.

მისი თქმით, ბავშვები შეშინებულები და მიწაში ამოსვრილები დაბრუნდნენ. "ყვებოდნენ, რომ გოგოს პირზე ააფარა ხელი და ისე წაიყვანა, ბიჭებს კი კისერში წაავლო ხელი და მიათრევდა. სომხურად ლაპარაკობდა და ბავშვებმა ვერაფერი გაიგეს. როგორც მოგვიყვნენ, მაღალი, ცოტა მელოტი მამაკაცი იყო, რომელსაც შავი სათვალე ეკეთა და ცოტა კოჭლობდა კიდეც. ბავშვი ძალიან შეშინებული იყო, რამდენიმე დღე სახლიდან გარეთ ვერ გადიოდა", - ამბობს ბავშვის ბებია.

არასრულწლოვანის ოჯახის წევრებმა მამაკაცს, რომელმაც ბავშვები ტყის მიმართულებით წაიყვანა, ძებნა მაშინვე დაუწყეს, თუმცა ვერ ნახეს. მომხდარის შესახებ ერთ-ერთი არასრულწლოვანის ბებიამ უბნის ინსპექტორს, გიორგი ხითარიშვილს შეატყობინა და ახალციხის რაიონულ სამმართველოში განცხადებაც დაწერა. სამივე ბავშვის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მომხდარს სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

"ერთხელ იყო პოლიცია მოსული და მშობლებთან ერთად ბავშვები დაკითხეს, ამის შემდეგ რა მოხდა, აღარაფერი ვიცით", - ამბობს ერთ-ერთი ბავშვის მშობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალციხის რაიონულ სამმართველოში მსგავსი სახის შეტყობინება არ შესულა: "არასრულწლოვანი ბავშვების ტყეში წაყვანის ან რაიმე მსგავსი ფაქტის შესახებ პოლიციაში შეტყობინება არ შემოსულა. როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაცია გაქვთ".

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა