"ახალციხის ბაგა-ბაღებში ნახევარ საუკუნეზე მეტია, ლეიბები არ შეცვლილა" - ცნობილი ფოტოს რეალური ისტორია

"ახალციხის ბაგა-ბაღებში ნახევარ საუკუნეზე მეტია, ლეიბები არ შეცვლილა" - ცნობილი ფოტოს რეალური ისტორია

ახალციხის პირველ საბავშო ბაღის ეზოში გამოფენილი ძველი ლეიბების ამსახველ ფოტოს, რომელიც "სამხრეთის კარიბჭემ"  გაავრცელა დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ხალხმრავლობა იყო პირველი ბაღის ეზოში, სადაც შეკრებილებს შორის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მერიის თანამშრომლები და ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელიც იყვნენ.

ბაგა-ბაღის მენეჯერმა თამარ ქიმერიძემ "სამხრეთის კარიბჭეს" კომენტარზე უარი უთხრა. საუბარი არ ისურვეს ბაღის სხვა თანამშრომლებმაც. ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა ნანა ბერიძემ კი განაცხადა, რომ ეზოში ლეიბები გადასარჩევად ჰქონდათ გამოტანილი: "გადავარჩევთ, რომელიც ნორმალურ მდგომარეობაშია იმას დავაგებთ".

ლეიბების გადარჩევა არ უხსენებია ბაღის მენეჯერს, რომელიც "სამხრეთის კარიბჭის" რედაქციაში ფოტოს გამოქვეყნებისთანავე მივიდა. თამარ ქიმერიძეს აინტერესებდა ფოტო ვინ გადაიღო, თუმცა დაამატა, რომ მას ფულს არავინ აძლევდა ლეიბების შესაძენად. "მადლობა მითხრან, რომ ვამზეურებ მაინც ამ ლეიბებს და ბავშვებს პირდაპირ არ ვაწვენ. თორემ, ისეთი ლამაზ-ლამაზი თეთრეული მოაქვთ მშობლებს, გადავაფარებდი და ვერც დაინახავდნენ რაზე წვანან მათი შვილები" - განაცახადა მენეჯერმა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ბერიძე ადასტურებს, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტია ბაღებში ლეიბები არ განახლებულა.

"60–იან წლებში ბაღებში რკინის საწოლები იდგა და ლეიბებზე ჟანგია გადასული. 80-იან წლებში ხის საწოლებით კი შეიცვალა, თუმცა ლეიბები იგივე დარჩა და დღემდე არ შეცვლილა", - ამბობს ბერიძე და ამატებს, რომ იმ ლეიბებზე, რომლებიც ცუდ მდგომარეობაშია, ბავშვებს არ აძინებენ და მშობლებს სთავაზობენ თავად მიიტანონ: "რამდენი ხანიც მისი შვილი ბაღში იქნება გამოიყენებს, შემდეგ კი წაიღებს".

"სამხრეთის კარიბჭე" 12 აღსაზრდელის ოჯახს დაუკავშირდა და 12-ვეს განცხადებით, არ დაინტერესებულან, სად და რა პირობებში სძინავთ პატარებს ბაღში. ამასტან,  არცერთი მათგანისთვის არ შეუთავაზებიათ ბაღში ქვეშაგების მიტანა.

"არასოდეს არ მიგვიტანია ლეიბები, თეთრეული კი ყოველთვის მიგვქონდა", - ამბობს ერთ-ერთი არსაზრდელის მშობელი ლელა კონიევა.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა