პირველად პანკისის ხეობაში გამგებლად ქალი დაინიშნა

პირველად პანკისის ხეობაში გამგებლად ქალი დაინიშნა

"ეს ქისტების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, რომ პანკისში სოფლის გამგებლად ქალი დაინიშნა. თითქოს ჩვენი ადათ-წესებიდან გამომდინარე ქალს არ შეეძლო ამ თანამდებობაზე მუშაობა და ეწინააღმდეგებოდნენ სოფლის ხელმძღვანელად ქალის დანიშვნას. არცერთ მამაკაცს არ ჩამოვუვარდები. მე ვიბრძოლე და გამოვიდა", - ამბობს 55 წლის თამარ მარგოშვილი, რომელმაც თვითმმართველობის ორგანოში ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად გამოცდა 2014 წლის დეკემბერში ჩააბარა. მას შემდეგ, 9 თვის განმავლობაში, დუისში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტური იყო.

თამარ მარგოშვილს დუისის ადმინისტრაციულ ერთეულში სპეციალისტად დანიშვნა შესთავაზეს, რაზეც მან უარი თქვა.

"ზაფხულში მეორედ რომ გამოაცხადეს კონკურსი, კიდევ ჩავაბარე გამოცდა. განაცხადი ისევ დუისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის პოზიციაზე გავაკეთე. გასაუბრებაც გავიარე და უარი ვეღარ მითხრეს", - აღნიშნავს თამარ მარგოშვილი.

მისივე თქმით, სოფლის გამგებლად ქალის დანიშვნას ეწინააღმდეგებოდა უხუცესთა საბჭოს ზოგიერთი წევრი, ადგილობრივი ხელისუფლების ზოგიერთი მოხელე, ასევე, სასულიერო პირები.

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს იმ წევრებმა, რომლებიც სოფლის გამგებლად ქალის დანიშვნის წინააღმდეგები იყვნენ, კახეთის საინფორმაციო ცენტრთან კომენტარი არ გააკეთეს. აღსანიშნავია, რომ დუისში გამგებლის წარმომადგენლის პოზიციაზე დანიშვნა სურდა უხუცესთა საბჭოს ერთ-ერთი წევრის შვილს, მამაკაცს, რომელმაც კონკურსი გაიარა.

ახლადშექმნილი უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ზელიმხან წუწაშვილი აცხადებს, რომ თამარ მარგოშვილი ყოჩაღი ქალია და სოფლის გამგებლად მისი დანიშვნის წინააღმდეგი არ ყოფილა. სოფელ დუისის იმამს ომარ ალდამოვს კი მიაჩნია, რომ ქალი სახლში უნდა იჯდეს და ოჯახს უვლიდეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა